ედუარდ შევარდნაძე
ახლა 2009 წლის დეკემბრის მიწურულია, დილის ათი საათი. ცივა. „დაცვის ბიჭი" ჩემს ვინაობას კითხულობს, მერე ვიღაცას ტელეფონით უკავშირდება. ორიოდ წუთში ის „ვიღაც" მოდის, თავაზიანად მესალმება და ეზოს სიღრმისკენ მიმაცილებს. აქ პირველად ვარ. ეზო მოუვლელად გამოიყურება. მოშორებით საკმაოდ უგემოვნოდ აგებული საშუალო ზომის სახლი დგას. სწორედ ეს უნდა იყოს ოდესღაც მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი დიპლომატისა და პოლიტიკოსის, საქართველოს მეორე პრეზიდენტის რეზიდენცია. რაღაც უფრო გრანდიოზულს ველოდი. მეგზური კარს მიღებს და მკრთალად განათებულ კიბეებზე მიმიძღვება. კედლებზე დიდი ზომის ნახატები ჰკიდია. მხოლოდ თვალის შევლებას ვასწრებ - მადლიერი ქართველი მხატვრების საჩუქრები უნდა იყოს. ირგვლივ ყრუ სიჩუმე და ნესტის უსიამო სუნია. აი ისეთი, მიტოვებულ სახლებში რომ დაისადგურებს ხოლმე. ალბათ მეჩვენება - ყველაფერი დეკემბრის ამ უჟმური ამინდის ბრალი უნდა იყოს.
ძნელი სათქმელია, ოდესმე რა ნაყოფს გამოიღებს და როგორ შეფასდება მისი მოღვაწეობა. და მაინც, მან კარგა ხანია დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში, როგორც „ახალი მსოფლიო წესრიგის" ერთ-ერთმა შემოქმედმა. მასთან ერთადვე დასამარდება იმედი, რომ ქართველი პოლიტიკური მოღვაწე მსოფლიო პროცესების მართვაში ოდესმე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
პირველი „დიდი" იოსებ ჯუღაშვილი იყო. სწორედ მისი ფოლადისებური ნებით შეიქმნა მსოფლიო სოციალისტური სისტემა და „იმპერიალისტურ" და „სოციალისტურ" ბანაკებს შორის რკინის ფარდა დაეშვა. „ფარდის" აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს ჩასანგრებულთა შორის ხანგრძლივი და დაუნდობელი „ცივი ომის" ეპოქა ჩამოწვა.
ედუარდ შევარდნაძე იყო „დიდი მეორე". კაცი, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „დიადი დიდის" უმტკიცესი დუღაბით ნაშენი კოლოსალური ციხესიმაგრის ნგრევასა და „ცივი ომის" შეჩერებაში. როგორც ხატოვანი სიტყვა-თქმების მოტრფიალეები ამბობენ, ერთი ქართველი ისტორიაში შევიდა ბერლინის კედლის ამშენებლად, მეორე - მის დამანგრევლად.
სიმართლეს ალბათ ვეღარასოდეს შევიტყობთ - ძალაუფლებისაკენ დაუძლეველი ლტოლვის ბრალი იყო, გულის კუნჭულებში ღრმად გადამალული პატრიოტიზმის თუ ძმათამკვლელი ომის ჭაობში ყელამდე ჩაფლული თანამემამულეების ვედრებისა, მაგრამ 1992 წლის მარტის სუსხიან საღამოს ედუარდ შევარდნაძე სამშობლოში დაბრუნდა...
მოზრდილ დარბაზში შევდივართ. „დაცვის ბიჭი" დაბრძანდითო, სავარძლისკენ მიმანიშნებს და, ჩემდა გასაკვირად, მაშინვე უკან ბრუნდება. ფუფუნებაზე აქ არაფერი მიანიშნებს - ტყავის ძველი დივანი, ორი სავარძელი, ჟურნალ-მაგიდა გუშინდელი ქართული გაზეთებით, ორი ბოთლი „ბორჯომით", ორი ჭიქით, გადაშლილი ცარიელი ბლოკნოტითა და ტრადიციული მელნიანი ავტოკალმით. მოშორებით - წიგნებითა და ქაღალდებით დატვირთული კიდევ ერთი მაგიდა და სკამი. მგონი, სულ ეს არის. მოდური კომპიუტერიც კი არსად სჩანს.
შიდა ოთახიდან იდუმალი ქალი მეხმიანება, ბატონი ედუარდი ახლავე გეახლებათო და თითქმის მაშინვე ისიც ჩნდება: არავითარი შინაურული ფამილარობა - მუქი კოსტიუმი, ასეთივე ჟილეტი და ჰალტუხი, შავი ტუფლი.
„დიდი მეორე" მიახლოვდება და თავის თბილ, ფაფუკ ხელს მართმევს.
- დაბრძანდი, დაბრძანდი. ბოდიშს გიხდი, მგონი ცოტა დავაგვიანე, არა?
- არა, რას ბრძანებთ. მე თეიმურაზ ქორიძე ვარ, ჟურნალისტი. ბოდიშს მე გიხდით შეწუხებისთვის. თქვენთან...
- ჰო, გიცნობ მე შენ, გიცნობ. მაინც რამდენი ხართ ეს თეიმურაზ ქორიძეები, აა? - სიტყვა გამაწყვეტინა შევარდნაძემ და ფართოდ გაიღიმა, - ვიცი, აბა, უსაქმოდ ხომ არ მოხვიდოდი. ადრეც შევხვედრივართ. თუ არ ვცდები, შურღაიამ რომ ტელევიზია „დაიპყრო", იმ დღეს. კიდე აჭარაში იყავი ჩემთან ერთად, ასლან აბაშიძეს რომ შევხვდი... ისიც მახსოვს, შეხვედრების შემდეგ, ბანკეტზე ჩემი ხმით შენს კოლეგებს ანეკდოტებს რომ უყვებოდი. - თავისი მომხიბლავი ღიმილი შემომანათა და მხარზე ხელი მომითათუნა. - ისე, ამ ბოლო დროს ვერიდები ინტერვიუების მიცემას - იწყება მერე, შევარდნაძემ ეს თქვა, ის თქვა...
- თუ ინტერვიუც გამოგვივა, მაგას რა სჯობს, მაგრამ თქვენთან სხვა საქმე მაქვს. უფრო სწორად - სათხოვარი. მინდა დავწერო სამეცნიერო-პოპულარული წიგნი 1985-2003 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. თუ უფლებას მომცემთ, თქვენი პირადი არქივით ვისარგებლო, დიდად მადლობელი დაგრჩებით... - მინდოდა აქ გავჩერებულიყავი და პასუხს დავლოდებოდი, მაგრამ ჩემი მასპინძელი ფიქრებში და სავარძელში ისე ღრმად ჩაიძირა, მივხვდი, ერთხანს ხმის გამღები არ იყო. - ამიტომ გავბედე თქვენი შეწუხება. ვფიქრობ, ასეთი წიგნის გამოცემით ქვეყნისთვის და საქართველოს უახლესი ისტორიისთვის კარგი საქმე გაკეთდება. კი, ბევრი რამ უკვე დაიწერა, ახლაც იწერება, მაგრამ მეჩვენება, რომ ყველა თავისი გადასახედიდან წერს - პოლიტიკურ კონიუნქტურას ვერავინ გაექცა...
- ეს ალბათ მეც მეხება, არა? ჰო, მეც ვწერ რაღაცეებს. ახლა კიდე ერთი წიგნი დავამთავრე... - თავი მოშორებით მდგარ ქაღალდებით სავსე მაგიდისკენ გადაიქნია. - არქივი? - არქივი მაქვს, რასაკვირველია, საკმაოდ მდიდარი არქივი. ყოველდღე ვმუშაობ... მაგრამ აი, ნანულის შემდეგ... - მოულოდნელად გაჩუმდა, თვალები ცრემლით აევსო და ხმაც გაებზარა (ნუთუ, მომეჩვენა!), - ნანულის შემდეგ მიჭირს მუშაობა. ხო, არქივს რაც შეეხება, ჩემი ბიჭი, პაატა განაგებს ამ საქმეს. ხო იცი, პაატას ვებერთელა თანამდებობა უჭირავს გაეროში. მე საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მარა პაატას უნდა დავეკითხო. შენამდე სხვებიც იყვნენ ჩემთან ამ საკითხზე. ორ კვირაში, მგონი, ჩამოსვლას აპირებს და დაველაპარაკები... ჩაის ხო დალევ? ნამდვილი ჩაია, იქიდან მიგზავნიან...
... ჩაის ვსვამთ. უფრო ზუსტად, თითქმის უშაქრო მართლაც არომატულ ჩაის ნება-ნება მე ვწრუპავ და უნებურად მის წარმომავლობაზე ვფიქრობ - ეს „იქიდან" შევარდნაძის სამშობლო გურიაა თუ ჩაის სამშობლო ჩინეთი. გადამდგარი პრეზიდენტი ხელი-ხელ გადაჭდობილი ზის და თვალი დარბაზის შორეული კუთხისთვის გაუშტერებია.
- ჰო, გიცნობ მე შენ. სანამ აქ მოხვიდოდი, რაღაცეებს კიდევ გადავხედე... შეიძლება ჩემს შესახებ ზოგი რამ არ იცოდე, ან საიდან უნდა იცოდე, მარა, გულწრფელად გეუბნები, შეიძლება ქართველი ჟურნალისტებიდან ერთადერთიც კი იყო, ვინც კვალიფიციურად მაკრიტიკებდა. ხო, მართლა, აჩიკო გოგელია როგორ არი? ამ ბოლო დროს არ ჩანს რაღაც... მგონი, ეგეც გამინაწყენდა. თუ ნახავ, გადაეცი, რომ ძალიან ვაფასებ, პრინციპული კაცია. კიდე ბევრის გაკეთება შეეძლო...
- რამდენი წელია ერთი კითხვა მაწვალებს, ბატონო ედუარდ - როგორ მოხდა, რომ თქვენმა პოლიციამ, სპეცსამსახურებმა სააკაშვილი და მისი ხალხი ჯერ ასე ახლოს მიუშვა პარლამენტის შესასვლელთან და მერე შენობის კარიც გაუღო?
- კი, ბატონო, გიპასუხებ, მარა ჯერ, თუ ძალიან არ გეჩქარება, მოკლედ იმაზე გეტყვი, რაც მანამდე იყო. თქვენ, ჟურნალისტებმა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მხოლოდ ის იცით, რაც ტელევიზიებით და პრესით გადაიცემოდა, რასაც სააკაშვილი და მისი მომხრეები ლაპარაკობდნენ და ახლაც ლაპარაკობენ.
1998 წლისთვის საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე სტაბილური ვითარება შეიქმნა. ეს ძნელი მისაღწევი იყო, ძალიან ძნელი - აქეთ „მხედრიონი", იქით კიტოვანი, იმის იქით კიდე „ზვიადისტები", სამოქალაქო დაპირისპირება, ხელისუფლებაში კარგად ფეხმოკიდებული თაღლითები, მექრთამეები და ფსევდო-პატრიოტები, შეიარაღებული ბანდები, რა ვიცი, რაღა არა... ძნელი და მტკივნეული პროცესი იყო ეს, ძალიან ძნელი და მტკივნეული. მართალია, აფხაზეთის ომი წავაგეთ - ოდესმე ამაში დამნაშავე ავანტურისტების ვინაობაც გაირკვევა - მაგრამ, რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის განვითარების და მომავლის იმედი შევინარჩუნეთ.
საქართველოს ხელისუფლებებს ყველა ეპოქაში, ასე ვთქვათ, ბეწვის ხიდზე სიარული უწევდა - ბიზანტია, ირანი, არაბთა სახალიფო, ოსმალეთი, რუსეთი, ჩრდილო-კავკასიური ტომები... მოკლედ, იცი შენ ყველაფერი ეს. გამონაკლისი არც გასული საუკუნის 90-იანი წლები ყოფილა. ჩვენ როგორმე ისე უნდა გაგვევლო დასავლეთის სამყაროსა და რუსეთს შორის გადებული ხიდი, რომ უფსკრულში არ გადავჩეხილიყავით. კი ბატონო, კარგია, როგორც უყვართ თქმა, - დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენი სწრაფვა, - მარა რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა დამღუპველია. ეს ყველამ იცის, ყველამ, მარა რუსების გინება და გულზე მუშტების ბაგუნი უფრო მომგებიანია პოლიტიკაში თავის გამოსაჩენად. 1998 წლის ბოლომდე დასავლეთის ინტერესი და დახმარება საქართველოსადმი სიმბოლური იყო. ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ მათ საქართველოში აშკარად პროდასავლური და ამავე დროს ანტირუსული ძალა სჭირდებოდათ. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნა არც რუსეთს აწყობდა - კრემლს შევარდნაძე დღესაც საბჭოთა იმპერიის დამანგრევლად და მოსისხლე მტრად მიაჩნია. მე კი არ დავანგრიე, კაცო, მსოფლიო სოციალისტური სისტემა და საბჭოთა კავშირი, ისტორიამ დაანგრია. მე, უბრალოდ, ამ მოვლენებთან ახლოს აღმოვჩნდი და ხელი არ შემიშლია...
ახლა იმასაც ვფიქრობ, სწორი იყო თუ არა ჩემი მონაწილეობა მსოფლიო სოციალისტური სისტემის ნგრევაში, რამაც კაცობრიობას უამრავი უბედურება მოუტანა და კიდევ ბევრ უბედურებას მოუტანს.
რუსეთი ძალიან საშიში პარტნიორია. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მე ორ ძალას შორის ლავირება ვცადე, რაც, ჩემი აზრით, საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანდა. ეს არც ერთ მხარეს არ აწყობდა. ამიტომაც მომიშორეს. თანაც, ასაკი...
რატომ გიყვები, იცი, ამას? - სწორედ ამ დროიდან, ცოტა უფრო ადრეც დაიწყო შევარდნაძის შემცვლელი ძალის მომზადება. ვიცი მე ეს, მეც მყავდა ჩემი წყარო, მარტო ჟურნალისტებს კი არ გყავთ...
ოღონდ აქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - თუ ხელისუფლების გადაბარება არჩევნების გზით, მშვიდობიანად მოხერხდებოდა, მაშინ სააკაშვილისნაირი ტიპები უშანსოდ დარჩებოდნენ. ეს არც ამერიკელებს აწყობდა და არც რუსებს... მითქვამს მე ეს და კიდევ გავიმეორებ - სააკაშვილი ორივეს აწყობდა, ასე ვთქვათ, რუსეთ-ამერიკის ერთობლივი პროექტი იყო. უპრინციპო, ადვილად სამართავი კაცია და იმიტომ.
2003 წლის ბოლოსთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი და, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, უკვე ყველა გადაბირებული იყო. ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ერთი კახა თარგამაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, რჩებოდა ჩემს თანამოაზრედ და ისიც ჟვანიას კატეგორიული მოთხოვნით, იძულებული გახდა გადამდგარიყო. მე თვითონ ვთხოვე.
ამას იმიტომ გეუბნები, რომ დემონსტრანტებისთვის გზა რომ გადაგვეკეტა, იქ ჩანერგილი პროვოკატორები აუცილებლად ვინმეს მოკლავდნენ და დიდი სისხლი დაიღვრებოდა. ვიცოდი მე ეს, ვიცოდი. ისიც კი ვიცი, ვინ ხელმძღვანელობდა ამ ამბავს. არ ღირს პრეზიდენტობა, პირველკაცობა, საერთოდ, არაფერი არ ღირს ადამიანების სისხლად. ამიტომ წავედი სახლში! ძალიან მწყდება გული, ბევრ ადამიანზე მწყდება გული, აი, ღალატს რომ არ ველოდი, იმ ადამიანებზე...
მომეჩვენა, რომ გადამდგარი პრეზიდენტი ძალიან დასევდიანდა.
- მაპატიეთ, ამას რომ გეკითხებით, მაინც განსაკუთრებით ვისზე გწყდებათ გული?
- რომ გითხრა, ვალერი ხაბურძანიაზე, ან სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსზე, ან რჩეულიშვილზე, რა ქვია მაგას, ხო, ტუიზე-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მათგან და კიდე
სხვებისგან არც ველოდი ერთგულებას და თავგანწირვას. აი, ნინო ბურჯანაძისგან კი სააკაშვილთან გადაბარგება მეწყინა კიდეც და გამიკვირდა კიდეც. ჯერ ერთი, ამაგი მაქვს მის ოჯახზე და პირადად ნინოზე - ჩემს შვილებში არ გამომირჩევია; ყველაფერში ხელი შევუწყვე - სწავლაში, კარიერაში. რაც მთავარია, იცოდა ნინომ, ვისთანაც მიდიოდა. ადრე თუ გვიან, სააკაშვილი გაწირავს მაგასაც. თუ მაშინ ცოცხალი ვიქენი, ნამდვილად არ გამიხარდება ეს ამბავი. ისე, გამიკვირდა კიდეც - ნინო მარტო ნიჭიერი კი არა, ჭკვიანი ქალია, ჭკვიანია და თავისი პოლიტიკური კარიერა სააკაშვილისთვის არ უნდა დაეკავშირებინა... რომ დამცლოდა, ჩემს შემდეგ პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნებოდა. იჩქარა, ძალიან იჩქარა...
- კიდევ ვისზე გწყდებათ გული?
- ზურა ჟვანიაზე. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. ჩვენ ბევრი გვისაუბრია. იცოდა მაგან მისდამი ჩემი დამოკიდებულება. სააკაშვილზე და კიდე ზოგიერთებზეც ბევრი გვილაპარაკია. ძალიან ცუდად მოიქცა. მხოლოდ იმიტომ არა, რომ სააკაშვილს დაუდგა მხარში... თავისი უგუნური საქციელით მან სიცოცხლით ზღო და ახლა არ ღირს ლაპარაკი. ცოცხალი რომ იყოს, სხვა ამბავია. ისე, მგონი, ყველაზე ადრე მიხვდა, სადაც გაყო თავი - ხო გახსოვს, რა სახე ქონდა 2003-ის ნოემბერში, ჩემთან შეხვედრის მერე. უკვე გვიან იყო, უკან დასახევი გზა არ დაიტოვა, არსაით... ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებით, კერძოდ, რა მოხდა, რასაკვირველია, არ ვიცი, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. ჟვანიას ეგონა, რომ ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ თვითონ იქნებოდა პირველი „სკრიპკა", თვითონ გააკონტროლებდა მოვლენათა მსვლელობას. სააკაშვილი კი იმაზე გაცილებით ვერაგი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ჟვანიას, ნინოს და ბევრ სხვას წარმოედგინა...
- წეღან ბრძანეთ, პრეზიდენტობა, პირველკაცობა, საერთოდ, ადამიანის სისხლად არაფერი არ ღირსო. მაპატიეთ, მაგრამ ამ დასკვნამდე თქვენი პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ მიხვედით, თუ ადრეც ასე ფიქრობდით?
- ხო, ვხვდები, რასაც გულისხმობ. ჩემი ცეკას მდივნობის პირველ წლებს, არა? მართალი ხარ, ეს ჩემი შეცდომა იყო. შენც ბევრჯერ გამაკრიტიკე ამის გამო და არც სხვებს დაუკლიათ. მაშინ გულწრფელად ვიყავი დარწმუნებული, რომ კორუფცია, ბიუჯეტის ძარცვა, შემოსავლების მალვა მართლაც შეუთავსებელი იყო მმართველობის კომუნისტურ წესთან - თუ საერთო-სახალხო საკუთრებაა, როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარ თავს ძარცვავდეს! გვიან მივხვდი, რომ მმართველობის კომუნისტური წესი თავის თავში გულისხმობდა ამ მანკიერებებს, სხვანაირად შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ერთ რეგიონში, საქართველოში, წესრიგის დამყარების მცდელობა წინასწარ განწირული იყო. ხომ გეუბნებით, ამას გვიან მივხვდი. თუმცა ერთი რამეცაა - ის ღონისძიებები რომ არ გაგვეტარებინა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ცუდი შედეგები დადგებოდა, ქვეყანას მთლიანად ქურდული სამყარო დაეპატრონებოდა.
ჰო, 96-ე პრიმა მუხლი, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცებისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას რომ გულისხმობდა, სისხლის სამართლის კოდექსში მე კი არ შემიტანია!
„თვითმფრინავის ამბავშიც" მე მადანაშაულებენ - არიქა, შევარდნაძემ უდანაშაულო ბიჭები დაახვრეტინაო, შევარდნაძეს იმ ბიჭების გადარჩენა შეეძლო და არ გადაარჩინაო. არ შეიძლება ასე ლაპარაკი, მეც ადამიანი ვარ და მყოფნის ჩემი ცოდვები. თავის დროზე ხომ შენც შეისწავლე ეს საქმე, რატომ არაფერი დაწერე? - იმიტომ არ დაწერე, რომ ამ საქმეში ჩემი დადანაშაულება სისულელე იქნებოდა და სიმართლის თქმა, ანუ სიკვდილით დასჯილების დადანაშაულება - ამორალური საქციელი. ხომ ასეა? მაშინ მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით, იქ დანაშაული იყო ჩადენილი, უმძიმესი დანაშაული - ბანდიტური ჯგუფის შექმნა, სამშობლოს ღალატი, თვითმფრინავის გატაცება, ადამიანების წინასწარ განზრახული მკვლელობა. ყველაფერი ეს ერთად და ცალკ-ცალკე სიკვდილით ისჯებოდა. ვითარებას ისიც ამძიმებდა, რომ მანამდე საბჭოთა კავშირში რამდენიმე მსგავსი დანაშაული მოხდა.
9 აპრილის მოვლენებსაც მე მაბრალებენ... მე რა შუაში ვარ? მაშინდელ ხელისუფლებასაც და, განსაკუთრებით, აქციის ორგანიზატორებს, უნდა სცოდნოდათ, რომ ასეთ რამეს კრემლი დაუსჯელად არ დატოვებდა. თვითონ ორგანიზატორებს სჭირდებოდათ ეს სისხლიანი ვაკხანალია. პრინციპში - ჯერ სისხლი ღვარეს და მერე ისარგებლეს კიდეც...
კომუნისტურ ეპოქაში მაღალ თანამდებობაზე ყოფნა შეუძლებელი იყო სისასტიკის გარეშე. ახლა არ არის ამის აუცილებლობა, არც ვინმე მოითხოვს, მაგრამ ნახეთ, კაცმა „ნულოვანი ტოლერანტობა" გამოაცხადა! ეს ცუდად დამთავრდება ქვეყნისთვისაც, პირადად მისთვისაც და მისი გუნდისთვისაც. დაიმახსოვრეთ ეს.
- მაპატიეთ, მგონი, ძალიან შეგაწუხეთ, მაგრამ იქნებ ორიოდ სიტყვით საქართველოს დღევანდელი ვითარება შეაფასოთ?
- არა, შეწუხება რა შუაშია, განვიცდი ამას ყველაფერს. მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, აქ მიცხოვრია და აქ უნდა დავიმარხო, ჩემი ნანულის გვერდით... დღევანდელი საქართველოს ვითარება ძალიან მძიმეა, ძალიან მძიმე. რუსულ-ამერიკულმა პროექტმა აშკარად ვერ გაამართლა. რა გგონია, სააკაშვილი ისეთი ბრიყვია, არ იცოდა, რომ რუსეთს ომს ვერ მოუგებდა? იცოდა, ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მაინც ჩაება წინასწარ განწირულ ავანტურაში და სავალალო შედეგიც მოიმკა. ჩვენ აფხაზეთში ცამეტი თვის განმავლობაში ვუმკლავდებოდით რუსეთის და დაქირავებულების კბილებამდე შეიარაღებულ არმიას. ცამეტი თვის განმავლობაში! შენც, ბევრი სხვა ჟურნალისტიც იყავით იქ და იცით, რა რესურსები გაგვაჩნდა. შიდა არეულობა რომ არა, სამოქალაქო დაპირისპირება რომ არა, ნაძირლობა და გამყიდველობა რომ არა, არავინ იცის, ის ომი როგორ დამთავრდებოდა. არ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ის ომიც ჩემი ნების და სურვილის წინააღმდეგ დაიწყო. ოდესმე ყველაფერი გაირკვევა. ხო, ჩვენ იმ პირობებში, იარაღი და სურსათი რომ არ გვქონდა, რეგულარული ჯარი რომ არ გვყავდა, პროფესიონალი საველე მეთაურები რომ არ გვყავდა და ზურგში რომ გვესროდნენ, იმ პირობებში ცამეტი თვე ვიომეთ. შარშან აგვისტოში სააკაშვილმა ერთი დღეც ვერ გაუძლო, მთელი სამხედრო პოტენციალი და ნახევარი საქართველო ჩააბარა რუსეთს!
დღეს საქართველოში უმძიმესი ვითარებაა, ყველა თვალსაზრისით. სააკაშვილის ხელისუფლება აშკარად გაკოტრებულია. რუსეთშიც და ამერიკაშიც მიმდინარეობს მისი შემცვლელის ინტენსიური ძებნა. არ არის ეს იოლი საქმე, მაგრამ ალბათ გამოიძებნება ძალა, რომელიც მას შეცვლის. დარწმუნებული ვარ, ისიც რუსულ-ამერიკული პროექტი იქნება... ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ქვეყნების, განსაკუთრებით, რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად გადაწყვეტილებების მიღება თითქმის წარმოუდგენელია.
მეტსაც გეტყვი, სააკაშვილის შემდგომი საქართველოს ხელისუფლება განწირული იქნება წარუმატებლობისათვის - იგი მართვის სააკაშვილისეულ ძალადობრივ მეთოდებს ვერ გამოიყენებს, ეკონომიკური პოტენციალიც თითქმის ამოწურული დახვდება. თითქმის ამოწურული იქნება საქართველოს ხელისუფლებისადმი საერთაშორისო ნდობის ლიმიტიც...
- მოკლედ, ბატონო ედუარდ, გვეშველება რამე?
შევარდნაძემ ისე შემათვალიერა, თითქოს პირველად მხედავდა. ორივე ხელის თითები ერთ მუშტად შეკრა, მუხლებზე დაიდო და გაირინდა. მომეჩვენა, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა. ის იყო, ვიფიქრე, ალბათ ჩემი არსებობა დაავიწყდა და დროა, აქედან წავიდე-მეთქი, რომ თავისი განთქმული მომხიბლავი ღიმილი შემომაგება:
- კი, პატარა ქვეყანაა საქართველო, მარა არც ისე უმნიშვნელოა, საერთაშორისო თანამეგობრობამ რომ ბედის ანაბარად მიატოვოს. არც ისინი მიგვატოვებენ და ჩვენც ჭკუით უნდა მოვიქცეთ... კი გვეშველება, აბა, არ გვეშველება? მარა... ამ ხელისუფლების ხელში არაფერი არ გვეშველება!...
გამომშვიდობების დროც დადგა. წამოვდექი. მასპინძელიც წამოდგა.
- ხო, გადავცემ პაატას შენს თხოვნას და დაგიკავშირდებიან ჩემი სახელით. მეც მაქვს შენთან ერთი პატარა სათხოვარი...
- ?
- ვიცი, ჟურნალისტი ხარ და ასეთი შემთხვევა ხელიდან არ უნდა გაუშვა. კი ბატონო, დაწერე, რაც გინდა, მარა ძალიან გთხოვ, სანამ ცოცხალი ვარ, არ გამოაქვეყნო - დაიწყება კიდე თავიდან ჩემი ლანძღვა-გინება. აი, როცა აღარ ვიქნები, მაშინ მარტო შენ გაგლანძღავენ - ამას შევარდნაძე არ იტყოდა, ჟურნალისტმა გამოიგონაო... ნუ გეშინია, კაცო, დიდ ხანს არ გალოდინებ, ოთხმოცი წლის ვარ უკვე... თანაც, გამიგონია, ჟურნალისტისთვის ლანძღვაც კაი რეკლამააო...
P.S. არ ვიცი, მეხუმრა თუ არა თავისი ენაკვიმატობით ცნობილი შევარდნაძე, მაგრამ მის თხოვნას მაინც ვასრულებ. მისდამი ჩემს თხოვნას რაც შეეხება, ხუთი წლის შემდეგაც არავინ შემხმიანებია.
20. 02. 2015 წელი.