„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი სასამართლო სისტემაში ინსპექტორის ინსტიტუტის დანერგვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
როგორ უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სასამართლო და როგორ უნდა ესმოდეთ მოსამართლეებს დამოუკიდებლობა, - ამ და სასამართლო სისტემაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პროცესებზე „რეპორტიორს"„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ესაუბრა:
- რა ჭაობშიც ვიყავით, იმ ჭაობში ვბრუნდებით. ყველაფრის მიუხედავად წინააღმდეგი ვარ, რომ მოსამართლეებს დაუნიშნონ ინსპექტორები. ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალიან ბევრი ღირსეული მოსამართლეა, რომლებსაც გმირული გადაწყვეტილებები გამოაქვთ. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეს გამოაქვს ისეთი გადაწყვეტილება, მაგალითად, როგორიც „ადვოკატთა ასოციაციის" წინააღმდეგ გამოიტანეს, მათ ინსპექტორები მოეფერებიან.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს სჭირდება ძლიერი საკანონმდებლო ბაზა, რომ მოსამართლე იყოს დამოუკიდებელი. ასევე საჭიროა ძლიერი დისციპლინარული კომისია. იუსტიციის საბჭო თავს ვერ ართმევს მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. მოსამართლეები სჩადიან საოცრებებს და ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. ამ ორგანოს პირობითად შესაძლოა ერქვას იუსტიციის საბჭო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის.
ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ მოსამართლეებმა დამოუკიდებლობა არ უნდა გაიგონ ისე, რომ მე თუ მომინდა რომის იმპერატორობა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მომანიჭონ იგი. სასამართლო უნდა იყოს კანონმორჩილი და გადაწყვეტილებები გამოიტანოს ევროკონვენციის მეექვსე მუხლიდან გამომდინარე. ეს მუხლი გახლავთ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ მოსამართლეებს უნდა ვასწავლოთ, რომ ევროკონვენციის მეექვსე მუხლი დანერგონ. უნდა შევიდეს საკანონმდებლო ცვლილებები და მოსამართლეები დავავალდებულოთ. ამის შემდეგ გახდება სასამართლო დამოუკიდებელი და არა ინსპექტორების დანიშვნით. ძალიან გაბრაზებული ვარ ამ სასამართლოზე, მაგრამ ინსპექტორების დანიშვნას ვეწინააღმდეგები. სასამართლოში ინსპექტორის შეყვანა მოსამართლეებს დააფრთხობს და ვეღარ მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
- ემხრობით თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ინიციატივას, მოსამართლეთა რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით?
- მოსამართლეების რიცხვი გასაზრდელია. საერთოდ მიმაჩნია, რომ ნინო გვენეტაძე წესიერი ადამიანია, უბრალოდ მას დახვდა ძალიან ბევრი ცუდი მოსამართლე. თუმცა, ასევე დახვდნენ კარგი მოსამართლეებიც. ქალბატონი ნინოს პირველი ფუნქცია უნდა იყოს, რომ ეს ცუდი მოსამართლეები გამოავლინოს და მოიშოროს. სხვანაირად სასამართლო ვერ განვითარდება.
დაახლოებით 15 წელია ვიბრძვი დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის. ყველა მთავრობის დროს ფაქტობრივად ვიქეცი პერსონა ნონ გრატად. მაგრამ მე არ შევიცვლები. მრცხვენია იმ ადამიანების, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად იცვლებიან. არასამთავრობო სექტორი არ უნდა იცვლებოდეს ხელისუფლების მიერ დაბერილი სიოდან გამომდინარე. მათ ისეთივე განცხადებები უნდა გააკეთონ, რასაც 15 წლის წინ აკეთებდნენ, თუ ერთი და იგივე უმსგავსობა კეთდება. არ უნდა დავუშვათ, რომ სასამართლოებმა დააკანონონ, რომ ერთი გადაწყვეტილება გამოაცხადონ და მხარეს ჩააბარონ მეორე გადაწყვეტილება. თუ ახლა ჩვენ, „ადვოკატთა ასოციაცია" დავმარცხდებით და ეს მოსამართლეები დარჩებიან თავის თანამდებობებზე, დაკანონდება სასამართლოს მხრიდან ერთი გადაწყვეტილების გამოცხადება და მეორის ჩაბარება. ეს არის საშინელი პრეცედენტი.
ვსაუბრობ საქალაქო სასამართლოს ორ მოსამართლეზე, ცანავასა და მიქაუტაძეზე. მათ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას" გამოუცხადეს ერთი გადაწყვეტილება და ერთი თვის მერე ჩააბარეს მეორე გადაწყვეტილება. ასეთი უმსგავსო ფაქტი მე ჩემი კარიერის მანძილზე არ მინახავს. არც კი გამიგია რამე მსგავსი.