საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რეზი არველაძემ გადაცემაში „იმედის კვირა" ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა.
მისი თქმით, ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ევროპის დონის მატჩისთვის საქართველოს ემასპინძლა.
„ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, რომ საქართველოს ემსაპნიძლა ესოდენ დიდი თამაშისთვის, ზუსტად ქართველი გულშემატკივრისთვის ვზრუნავდით, თუ ვინმეს სადმე უნახავს 30 ევროიანი ან 7 ევროიანი ბილეთი, არ ვიცი. Biletebi.ge არის ერთადერი კომპანია, რომელიც ოპერირებდა ასეთი დონის ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებით. უეფას ჰყავს თავისი წარმომადგენელი და დაწყებული აეროპორტით დამთავრებული ბილეთებით, ყველასთან ფეხბურთის ფედერაციამ გააფორმა ხელშეკრულება." - განაცხადა არველაძემ.
„ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოებას ნუ ჩავაგდებთ იმ მდგომარეობაში, რომ ვაი დედა ბილეთებს ვეღარ იყიდით, ბილეთებს ისედაც იყიდიდა შეზღუდული რაოდენობის ადამიანები. ვერ იყიდის 50 ათასიან სტადიონზე 150 ათას ბილეთს და ვერც 60 ათასს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი კაცი ჩამოვა სევილიიდან და ბარსელონადაც, სასაცილო რაღაცეებს ნუ ლაპარაკობთ, ვინ რა იცის? თუ ნაკლები ჩამოვა, ის ბილეთებიც შეიძლება ქართველ გულშემატკივარს შეხვდეს." - განაცხადა რეზი არველაძემ
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)