reportiori.ge - წმინდა ადგილი მდინარე ვერეზე და გადამდნარი საეკლესიო ზარების ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 00:39
პრეს-დაიჯესტი
წმინდა ადგილი მდინარე ვერეზე და გადამდნარი საეკლესიო ზარების ისტორია
ავტორი:
29 ივნისი, 2015. 14:42


ტრაგედიის დილას, 14 ივნისს, მაშინ როცა საზოგადოება თავსდამტყდარი სტიქიური უბედურებისგან ჯერ კიდევ პანიკაში იყო, ჩვენ პატრიარქის საკვირაო ქადაგება მოვისმინეთ, სადაც უწმინდესმა მომხდარი ტრაგედია, საუკუნის წინ ჩადენილ ვანდალიზმს დაუკავშირა. იმ დღეს საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა პირველად გაიგო იმ ფაქტის შესახებ, რომლის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც არქივებში დღესაც დევს. რა მოხდა 1921 წელს, რა ბრძანება გაიცა საოკუპაციო რეჟიმის მიერ და რას გულისხმობდა პატრიარქი, როდესაც ღვთისგან მოვლენილ განსაცდელზე ქადაგებდა. „პრაიმტაიმი" ისტორიკოსს, პროფესორ, სერგო ვარდოსანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ექსკლუზიური ფოტომასალა და ის დოკუმენტები მოგვაწოდა, რაზე დაყრდნობითაც უწმინდესმა 14 ივნისის დილას იქადაგა.



სერგო ვარდოსანიძე


- მისმა უწმინდესობამ, 14 ივნისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა ის, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, უკვე 38 წელია, რაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელია და 52-53 წელია, რაც მღვდელმთავარია. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ამ 38 წლის მანძილზე, რაც პატრიარქი უკვე საჭეთმპყრობელია, არაერთი მისი განცხადება იმ წუთას არაერთგვაროვანი რეაქციის საბაბი გამხდარა, მაგრამ, გასულა დრო, დაწმენდილა ეს ვნებათა ღელვა, დაფიქრებულა საზოგადოება და უთქვამს: „პატრიარქი მართალია"!


უწმინდესმა განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე ქრისტიანული ეკლესიის პოზიცია გაახმოვანა. ზოგიერთმა ადამიანმა ეს ისე გაიგო, თითქოს პატრიარქს  მეორეხარისხოვნად მიაჩნდა ის, რაც იქ მოხდა. ეს რომ ასე არ იყო, შემდეგ უკვე მისმა მოქმედებებმა დაადასტურა. მისცა კურთხევა ყველა მოქმედ ეკლესიას, რომ გაეწიათ დახმარება დაზარალებულებისთვის, თითქმის ყველა ოჯახში მივიდა და პირადად მიუსამძიმრა. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულმა უნივერსიტეტმა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ვიკისრეთ ჩვენს თავზე, რომ ერთ-ერთ დაზარალებულს, მამა გიორგის (ჯიბუტის) ოჯახისთვის დახმარება გაგვეწია, რომ ცოტაოდენით მაინც შევუმსუბუქოთ ის ტკივილი, რაც მას თავს დაატყდა.


უწმინდესმა ამის შემდეგ კიდევ გადადგა ნაბიჯი. ერთ მრავალშვილიან ოჯახს გადასცა საპატრიარქოს სახელით ბინა. ამით იმის თქმა მინდა, რომ პატრიარქმა ეს ყველაფერი გულთან მიიტანა და ერს შეახსენა, რომ ამ ყველაფრის მატერიალიზება არ შეიძლება და ადამიანი ღვთისკენ უნდა მიბრუნდეს. აი, ეს იყო არსებითი,რაც იმ კონტექსტში ითქვა პატრიარქის მიერ.


ხოლო რაც შეეხება იმას თუ რა იყო ამ განცხადებაში სიმართლე. პატრიარქი, როგორც წესი, არასოდეს აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ისტორიული ფაქტებით არ არის გაჯერებული. მინდა შევეხო 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკური ხელისუფლება შემოვიდა საქართველოში, იმ დროისთვის 1 450 მოქმედი ეკლესია იყო. აქედან 25 მონასტერი და 1600 სასულიერო პირი, რომელიც ქართულ ეკლესიებს ემსახურებოდნენ. 1921 წლის 14 აპრილს გამოვიდა საოკუპაციო ხელისუფლების საგანგებო დადგენილება, რამაც საქართველოს ეკლესიას იურიდიული პირის სტატუსი წაართვა და იურიდიული სტატუსის არმქონედ გამოაცხადა. მთელი საპატრიარქოს ქონება გამოცხადდა უპატრონოდ. ამის შემდეგ სახელმწიფომ დაიწყო ამ ქონების შეხედულებისამებრ გამოყენება. ათასობით სასულიერო პირი იძულებით განმოსეს ან დახვრიტეს, ანდა გადაასახლეს. ამის გარდა მათ უამრავი ეკლესია დაანგრიეს და ეკლესიის ადგილებზე მოაწყვეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში სადაც სკოლაა, ან კლუბი, იქ იმ ადგილას ეკლესია იყო.


რაც შეეხება საეკლესიო ნივთებს, მათ ეს ნივთები გამოიტანეს და გაყიდეს. დაიწყეს ამ ნივთების მოხმარება თავიანთი სურვილის შესაბამისად.


რაც შეეხება ეკლესიის ზარებს. მაშინდელი საეკლესიო ზარები ჩამოსხმული იყო სპილენძისგან და ოქროსგან, იმიტომ რომ მას ჰქონოდა სასიამოვნო ჟღერადობა, სხვა ლითონი შესაფერის ხმოვანებას ვერ გამოსცემს. დაიწყეს ამ ზარების დამტვრევა და გადადნობა. მე შემიძლია გაჩვენოთ დოკუმენტი, რომელიც 1930 წელს არის გაცემული, სადაც დაფიქსირებულია ის მომენტი, როცა ზოოპარკის კეთილმოწყობისთვის გამოყენებულ იქნა გადამდნარი საეკლესიო ზარები, რომლებიც შემდეგ გაყიდეს და ეს თანხა მოხმარდა ზოოპარკს. ეს არის ისტორიული ფაქტი, სწორედ ის ფაქტი, რაც მისმა უწმინდესობამ იგულისხმა.


მეორე ისტორიული ფაქტიც არსებობს ვერეს ხეობასთან დაკავშირებით და ესეც დოკუმენტურად დასტურდება. როგორც მოგეხსენებათ, მდინარე მტკვარი 19 საუკუნის მეორე ნახევარში თანდათან დაბინძურდა და დაავადებების გადამტანი გახდა. როდესაც მტკვარი დაბინძურდა მისი დალევა უკვე შეუძლებელი იყო, ამის შემდეგ წყალკურთხევა სრულდებოდა მდინარე ვერეზე. ყოველი წლის 19 იანვარს სრულდებოდა ამ მდინარის კურთხევა. იმდროინდელი ეგზარხოსი კირიონი ასრულებდა ამ ცერემონიას 1918 წლიდან, შემდეგ უკვე ეგზარხოსი ლეონიდე 1919 წლიდან 1921 წლამდე, 1922 წელს კი ეგზარხოსი ამბროსი. 1923 წელს უკანასკნელად დაფიქსირდა წყალკურთხევის ცერემონია და აღნიშნულიცაა, რომ ის აღასრულა ურბნელმა ეპისკოპოსმა, შემდეგ უკვე კათალიკოს პატრიარქმა ამბროსიმ. ეს შემთხვევა დაფიქსირებულია დოკუმენტურად და ინახება საპატრიარქოს არქივში."


- ანუ, ეს წმინდა ადგილი იყო?

 

 დიახ, ეს წმინდა ადგილია, რადგან სწორედ მდინარე ვერეზე სრულდებოდა წყალკურთხევის ცერემონია. ზუსტად ეს ჰქონდა პატრიარქს მხედველობაში. როდესაც განცხადებას აკეთებდა, ამ ფაქტებს გულისხმობდა უწმინდესი. და ქადაგების დროს არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ეს თემა ასე ისტორიულად გაეშალა. საზოგადოების ნაწილმა ეს ფაქტი არ იცის და პატრიარქის განცხადებამ მათში შეშფოთება აღძრა.


ჟურნალისტი გოდერძი შარაშია, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „ჟურნალისტის დღიურში", კომუნისტური რეჟიმის მიერ დარბეულ ქართულ ეკლესია-მონასტრებზე გააკეთა ფილმი. დღეს ის „პრაიმტაიმთან" საუბარში იხსენებს, რომ მიუხედავად არაერთი ნაამბობისა, რომ სიწმინდეების ადგილას დასახლებულ ადამიანებს ათასგვარი უბედურება ატყდებოდათ თავს, ჟურნალისტმა ვერც ერთ ასეთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მიაკვლია. გოდერძი შარაშია დღეს „პრაიმტაიმს" იმ წმინდა ადგილების შესახებ უყვება, რომელიც კომუნისტებმა საცხოვრებელ სახლებად აქციეს. ასეთი ადგილი თანამედროვე თბილისში ძალიან ბევრია.


გოდარძი შარაშია:

 

- კრწანისში, შევარდნაძის რეზიდენციას რომ გასცდებით, ბოლოში დასახლებაა და იქ დღემდე ცხოვრობს ხალხი, აქ ადრე ეკლესია და მისი დამხმარე ნაგებობები იყო. პეროვსკაიას დასაწყისში, ორსართულიანი თეთრი სახლი რომ დგას, იქაც ადრე ეკლესია იყო. მეცნიერებათა აკადემიას რომ გავცდებით და სამხატვრო აკადემიისკენ აღმართს ავუყვებით, პირველივე შენობა სადაც დღეს ქსეროქსები და ათასი ოფისებია, აქაც ეკლესია იყო. სანაპიროდან პირიმზისკენ ასახვევში, პირველი კორპუსის შენობის არკაში რომ შეხვალ იქ ნახავთ დარჩენილ გუმბათს, ადრე იქ ეკლესია იყო და ახლა ხალხი ცხოვრობს. ასევე ნაძალადევის რაიონში ეკლესია აბანოდ გადააკეთეს. თბილისის პარლამენტის შენობის ადგილზე, როგორც ცნობილია, რუსული ეკლესია იყო. რეგიონებშიც იყო უამრავი ასეთი ადგილები, მაგალითად: ბოდბის დედათა მონასტერი საავადმყოფოდ გადააკეთეს, ხობის დედათა მონასტერში ერთი პერიოდი მეკურდღლეობის ფერმა იყო, შიომღვიმის მონასტერი კი საკონცერტო დარბაზს წარმოადგენდა.


ასეთი ათეულობით ეკლესია-მონასტერია თბილისში, სადაც კომუნისტების დროს ხალხი შეასახლეს.


თავის დროზე ეს ხალხი კომუნისტურმა რეჟიმმა შეასახლა ისეთ სახლებში და კორპუსებში, სადაც ადრე ეკლესიები იყო, ნაწილიც თვითნებურადაც შევიდა. ფაქტია, რომ ბევრი მათგანი საკურთხეველში ცხოვრობს და იქ თაობები გაიზარდა. ვერც ერთმა მთავრობამ და საპატრიარქომ ვერ მოახერხა ამ ხალხის ეკლესიებიდან გამოყვანა და ბინებით დაკმაყოფილება. მესმის, რომ ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ბევრი მათგანი წუხს, რომ ტაძრის შენობაში უწევს ცხოვრება.


 

 

 

 

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016