reportiori.ge - „კომპანიამ თუ გამორთული კონდიციონერების გამო მძღოლების გაშვება დაიწყო, ეს ხალხი აუცილებლად გაიფიცება“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 00:37
პრეს-დაიჯესტი
„კომპანიამ თუ გამორთული კონდიციონერების გამო მძღოლების გაშვება დაიწყო, ეს ხალხი აუცილებლად გაიფიცება“
ავტორი:
29 ივნისი, 2015. 16:24


სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა ნაწილი კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" მიერ კონდიციონერების ჩაურთველობისთვის დაწესებულ სანქციებს აპროტესტებს. მძღოლებისა და მათი უფლებების დამცველთა თქმით, ამ მიზეზით მძღოლების სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება. შეგახსენებთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ხაზზე გამორთული კონდიციონერებით იმოძრავებენ, სანქციები გატარდება: პირველ შემთხვევაზე მძღოლი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს. მეორე შემთხვევაზე სატრანსპორტო საშუალების მართვა ერთი კვირით შეეზღუდება, მესამე შემთხვევაზე კი სამსახურს დატოვებს. კომპანიის განცხადებით, მათ 200 ათას ლარზე მეტი დახარჯეს სამარშრუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამასთანავე, მძღოლებს შეუმცირეს ყოველდღიური გადასახდელი, რაც მათ ავალდებულებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას.


გავრცელებული ინფორმაციით, კონდიციონერების მუშაობას სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს. პარალელურად, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით „არ გადავიხადოთ ფული იმ მიკროავტობუსში, სადაც არ იმუშავებს კონდიციონერი". რატომ აპროტესტებენ მძღოლები „თბილისის მიკროავტობუსის" გადაწყვეტილებას და რატომ ემზადებიან გაფიცვისთვის, ამაზე მძღოლთა ასოციაცია „ტასატის" თავმჯდომარე ნიკოლოზ კაჭკაჭური გვესაუბრება.


- თავის დროზე, როცა თურქეთში აწყობილი „ფორდის" მიკროავტობუსები ჩამოჰყავდათ, ვვარაუდობდი, რომ ეს მანქანები ძალიან ბევრ პრობლემას შექმნიდა. მართლაც ასე მოხდა. დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანიამ მიკროავტობუსებში დამონტაჟებული კონდიციონერების შეკეთება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კონდიციონერები შარშანაც შეაკეთეს და შარშანწინაც, წელს 2000 მანქანიდან კონდიციონერი გამართულად 200 მანქანაზეც კი არ მუშაობდა. ერთ-ერთი მძღოლის მანქანაზე ორჯერ შეკეთებული კონდიციონერი მესამედ გაფუჭდა. მძღოლი იმდენად გამოვიდა მდგომარეობიდან, რომ მანქანა გარაჟში დატოვა და სახლში წავიდა. მძღოლებს სანქციებით რომ ემუქრებიან, იმ ხალხმა თუ იცის, რომ მანქანას კონდიციონერი გარაჟში და დაყენებულ მდგომარეობაში არ უფუჭდება? გზაში თუ კონდიციონერი გამიფუჭდა, ამის გამო სამსახურიდან უნდა გამაგდონ? ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მანქანები მეოთხე წელია რაც მუშაობენ და ძრავები მოძველდა. აღმართებზე ასვლის დროს, მძღოლი ხშირად იძულებულია, კონდიციონერი გამორთოს, რომ მანქანა არ ჩაუქრეს.


მძღოლთა უფლებების დამცველი აღიარებს, რომ ზოგიერთი მძღოლი კონდიციონერის ჩართვისგან თავს საწვავის ზედმეტი ხარჯის გამო იკავებს. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მძღოლსაც სიგრილე ურჩევნია პაპანაქება სიცხეს, მაგრამ იძულებულია, საკუთარ თავსა და მგზავრებს ამ სიამოვნებაზე უარი უთხრას, ვინაიდან კონდიციონერის ჩართვის შედეგად გაზრდილი საწვავის ხარჯის გადახდა არ შეუძლია. ნიკოლოზ კაჭკაჭურის განმარტებით, კონდიციონერის მთელი დღით ჩართვის შემთხვევაში, საწვავის ხარჯი 15 ლიტრით იზრდება. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი" კი დანახარჯიდან მხოლოდ 5 ლარს ანაზღაურებს. „ზაფხულის სეზონით გამოწვეული მგზავრთა სიმცირისა და სოლიდური გადასახადების გამო, მძღოლებს კონდიციონერის ჩართვით გამოწვეული დანახარჯების გადახდა არ შეუძლიათ", - აცხადებს ნიკოლოზ კაჭკაჭური.


- „ფორდის" მიკროავტობუსები ახალი შემოყვანილი იყო და შესაბამისად, ახალი ძრავი ჰქონდა, რომ მთელი დღით კონდიციონერის ჩართვა 10 ლიტრით მეტი საწვავის ხარჯს ნიშნავდა. თუმცა მაშინ ამ ხარჯს კომპანია ანაზღაურებდა. მეოთხე წელია, ეს მანქანები მუშაობენ და ბუნებრივია, რომ ძრავებმა საწვავის ხარჯვას უმატეს. ამჟამად კონდიციონერის მთელი დღით ჩართვა 15 ლიტრით მეტი საწვავის ხარჯვას ნიშნავს, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით, კომპანია 15 და 20-ლარიანი გადახარჯვიდან მხოლოდ 5 ლარს უნაზღაურებთ. გამოდის, რომ მძღოლებისგან ითხოვენ, მგზავრების კომფორტი საკუთარი ჯიბიდან დააფინანსონ. გასაგებია, რომ კომპანიას თითოეული კონდიციონერის შეკეთება 200-დან 400 ლარამდე უჯდება და 2000 კონდიციონერის პირობებში ეს ძალიან დიდი თანხაა, ეს ფული საბოლოოდ, მაინც მძღოლის ჯიბეს აკლდება. მძღოლი კი ამდენს ვეღარ ახერხებს. მგზავრების კომფორტზე იზრუნოს თუ შვილებს სახლში პური მიუტანოს? გაითვათლისწინეთ, რომ მძღოლი ყოველდღიურად მანქანის ლიზინგის 43-ლარიან გადასახადებსა და გეგმას იხდის, რაც ერთად 60 და 70 ლარს აღემატება. იცით, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ მანქანები სამი დღე გაჩერებული იყვნენ. შემდეგ გზა ნაწილობრივ გაიხსნა, მაგრამ მანქანები იმ გზას მაინც ვერ გადიან, რომელსაც გადიოდნენ. ამ ფაქტორისა და ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით, მძღლებს შემოსავალი ძალიან შეუმცირდათ, კომპანიას კი ასეთი პრეტენზიების მოსმენაც არ უნდა. თავად შევესწარი, რომ მძღოლს, რომელმაც პროტესტი გამოთქვა, გეგმა დიდია და შემოსავალი პატარაო, საგზაო უსაფრთხოების მანქანა დაჰყვებოდა, რომ რაღაც შარი მოედოთ და სამსახურიდან გაეშვათ. ბოლოს იმაზე მოედავენ, მგზავრთან კონფლიქტი მოგსვლია და გაგილანძღავსო, როცა მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. სამწუხაროდ, დღესაც იგივეს გამეორება გვიწევს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის" დროს ვამბობდით, ვინაიდან სისტემაში არაფერი შეცვლილა და თანამდებობებზე ისევ ის ხალხია, ვინც ადრე იყო, მე როგორც გაფიცვების მოწინააღმდეგე, რომელმაც იცის, რომ ამით პირველ რიგში უბრალო მოქალაქეები ზარალდებიან, ვაცხადებ, რომ მძღოლებში უკმაყოფილება იზრდება. კომპანიამ თუ გამორთული კონდიციონერების გამო მძღოლების გაშვება დაიწყო, ეს ხალხი აუცილებლად გაიფიცება. ისინი უკვე მზად არიან გაფიცვისთვის და კომპანიამ ამაზე სერიოზულად უნდა იფიქროს. საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ მძღოლის შემოსავალზე ძალიან მოქმედებს მოუწესრიგებელი გზები და საცობები. მგზავრიც დაიღალა, რადგან ზოგჯერ 10 წუთში გასავლელი გზის გავლას ერთი საათი უნდება. სრულიად ვეთანხმები შალვა ოგბაიძეს, რომელიც გმირთა მოედნის ზემოთ არსებული საგზაო სამკუთხედის გაუქმებას მოითხოვს, ერთი პატარა მონაკვეთის გამო სამი გზა იკეტება და ეს არის დიდი სისულელე, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააკეთა. ამის გამოსწორება და ორმხრივი მოძრაობის აღდგენა აუცილებელია და რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი.


მძღოლებისა და მათი უფლებადამცველის პრეტენზიებზე კომენტარისთვის კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით,. თუმცა, ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.

 

 

 

 

ნელი ფორდია

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016