ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს biletebi.ge-ის საქმეზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
biletebi.ge 6 საათია, ხარვეზებით მუშაობს. ბილეთების გაყიდვის პროცესთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება ფეხბურთის ფედერაციაში გაკეთდა.
ფედერაციის გენერალური მდივანი, რეზი არველაძე, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ჩაერთონ პროცეში და დაადგინონ, ვებგვერდ biletebi.ge-ის მუშაობა ტექნიკური ხარვეზია თუ ვინმე ვებგვერდის მუშაობის პროცესს ხელოვნურად უქმნის პრობლემას.
„ეს ხომ მხოლოდ ფედერაციის და Biletebi.ge-ის პრესტიჟი არ არის. ეს არის მთელი საქართველოს პრესტიჟი, რომ თამაში მაღალ დონეზე ჩატარდეს. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ არის ამის აუცილებლობა, იქნებ გაარკვიონ, პრობლემა ტექნიკური სახისაა თუ სცდება ამ ყველაფერს," - აცხადებს რეზი არველაძე.
სუპერთასის ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდულია. ამ ეტაპზე საუბარია 1300 ბილეთზე.
Biletebi.ge-მ სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 21:30 საათზე შეწყვიტა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)