ახალი ხელისუფლების მოსვლიდან მესამე წელს სერგო თეთრაძის ქვრივს სასამართლო დარბაზის წინ ემუქრებიან! ბაჩანა ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი საჯაროდ, ტელეკამერების წინ თავს დაესხა სააკაშვილის რეჟიმის მიერ წამებით მოკლული პოლკოვნიკის ქვრივს, მეტიც, შვილის არსებობა შეახსენა! როგორც ნანა თეთრაძე ამბობს, ეს უკვე მეტისმეტია! იგი თავს დაუცველად გრძნობს და „ასავალ-დასავალის საშუალებით ხელისუფლებას მიმართავს:
- 3 წელი და 9 თვე ველოდი ამ დღეს 2015 წლის 22 ივნისს, როგორც იქნა, ჩემი ქმრის წამების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ არსებითი მოსმენა დაიწყო და მოწმის სტატუსით დამკითხეს.ძალიან რთული იყო ჩემთვის ბაჩო ახალაიასთან შეხვედრა, მაგრამ მინდოდა, სერგოს მკვლელისთვის თვალებში ჩამეხედა და მეკითხა, რატომ მომიკლა უდანაშაულო მეუღლე?! სამწუხაროდ, მან დარბაზი ჩემს შესვლამდე დატოვა, იმის ვაჟკაცობაც არ ეყო, ჩემთვის თვალი გაესწორებინა და სიმართლე ეთქვა, მეტიც, აქეთ მომაყენეს შეურაცხყოფა. თუ მანამდე მკვლელების ოჯახის წევრები კამერებს მიღმა ისროდნენ ცინიკურ ფრაზებს, დღეს უკვე ღია მუქარაზე გადმოვიდნენ.
- რამ გამოიწვია დაპირისპირება?
- ტელევიზიებს ინტერვიუს ვაძლევდი, ანი ნადარეიშვილი მოშორებით იდგა და ლაპარაკს არ მაცლიდა. როცა ვთქვი, ჩემი მეუღლე სიცოცხლეს წამებით გამოასალმეს-მეთქი, უტიფრად ისროლა რეპლიკა - ვინ გითხრა ეს, შენ იქ იყავიო?!
სამი წლის წინათ ბაჩო ახალაია ემუქრებოდა ჩემს ქმარს განადგურებით და გაანადგურა კიდეც. დღეს ანი ნადარეიშვილი გადმოვიდა ღია მუქარაზე - შვილი გეზრდებაო. ეს ქალბატონი თავის ქმარს არაფრით ჩამოუვარდება. მას ამ სიტყვებისთვის აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს! იმის ნაცვლად, რომ მოინანიონ, აქეთ გვადანაშაულებენ! როგორ წარმოვიდგენდი, სერგო თეთრაძის მკვლელობიდან 4 წლის თავზე ანი ნადარეიშვილი უტიფრად მეტყოდა - თქვენი მეუღლის გადაცემული მონაცემებით 2008 წელს უამრავი ადამიანი იქნა განადგურებულიო?!
მთელი ნაციონალური მოძრაობის და ხელისუფლების გასაგონად კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი მეუღლე ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას თვალწინ აწამეს! ჯაშუშობა რომ ვერ აღიარებინეს, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და წამებით მოკლეს! ამის მტკიცებულებები არსებობს! ღმერთმა არ ქნას, ჩემ შვილს ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს...
- რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში?
- ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ფსიქოლოგიურად გავეტეხე, გავღიზიანებულიყავი, დამვიწყებოდა მნიშვნელოვანი დეტალების მოყოლა. ვიდრე დარბაზში შევიდოდი, ზოლიან კაბაში გამოწყობილი ქალბატონი დამახვედრეს, რომელიც მემუქრებოდა და მწყევლიდა - სატანა ხარ, მოგისყიდეს, ფული, რომელსაც იღებ, წამლებში მოგეხმაროსო. დარბაზში ყოფნისას მესმოდა ქილიკი, დამცინავი რეპლიკები, გინება, როგორც შემდგომ გავიგე, განსაკუთრებით დეპუტატი აკაკი მინაშვილი აქტიურობდა. ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა, მხოლოდ მოსამართლეს ვუყურებდი თვალებში, ველოდებოდი, რომ ამ უმსგავსობას აღკვეთდა, მაგრამ მისგან ცივი დამოკიდებულება ვიგრძენი.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი კეთილგანწყობით უღიმოდა ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ერთხელ თუ ორჯერ, ისიც სიმბოლურად, მოუწოდა დამსწრეებს თავშეკავებისკენ. მოგვიანებით შევიტყვე, როცა ახალაიამ დარბაზის დატოვება მოინდომა, შეუთავაზებია - თქვენ იჯექით, ჩვენ გავალთ ოთახიდანო. როდესაც ჩემი ნაწამები ქმრის ფოტოსურათი წარვუდგინე, ურეაქციოდ შეხედა, ახლოდან ნახვის სურვილიც არ გასჩენია. იმედია უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ამ წერილს წაიკითხავს და შესაბამის ზომებს მიიღებს. დიახ, ნინო გვენეტაძემ ეს უნდა იცოდეს!
ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა ვითომ მოწიწებით მკითხა - ბოლოს როდის ვიყავი რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ანუ ჩემს ეთნიკურ წარმომავლობას გაუსვეს ხაზი. არადა, მიუხედავად იმისა,რ ომ ვამაყობ საქართველოს მოქალაქეობით, არასდროს დამიმალავს, რომ წარმოშობით სომეხი ვარ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ 21-ე საუკუნეში ასეთ ვიწრო ნაციონალურ შეკითხვაზე განმარტების მიცემა მომიწევდა. ნაციონალებმა სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ მოკლეს სერგო თეთრაძე და ამის უფლება მათ მოსამართლემ მისცა!
- მოდით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რატომ მოკლეს სერგო თეთრაძე?!
- როგორც სასამართლო სხდომებიდან გაირკვა, სამხედრო პოლიცია ლონდარიძის პიროვნებით იყო დაინტერესებული, რომელსაც რუსთავში მიწის ნაკვეთი ჰქონდა და მისი იაფად ხელში ჩაგდება სურდათ. უარის თქმის შემდეგ თვალთვალი და მოსმენა დაიწყეს. შეთითხნეს საქმე, სადაც მტკიცებულებების გასამყარებლად ლონდარიძის ნაცნობთა წრიდან თეთრაძე შემთხვევით ამოარჩიეს. სერგოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია აბსურდის აღიარებას სთხოვდა, რაზეც, ცხადია, არ დათანხმდა და წამებით მოკლეს.
ჩემმა მეუღლემ დაკავებიდან რამდენიმე დღეში ადვოკატის მეშვეობით შემომითვალა, რომ ხმაური არ ამეტეხა, რადგან მას ოჯახის წევრების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. მთხოვა, ბაჩო ახალაიასთან ვინმე შუამავალი გამომეძებნა, რომ მისი წამება შეწყვეტილიყო!
როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ჩემს ხელთ არსებულ ფაქტებს თავი მოვუყარე და მაშინდელი გენერალური პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება დავწერე. გავოცდი, როცა ბაჩო ახალაიას პირველი ბრალდება ვაშლის გათლის ეპიზოდზე წაუყენეს. კბილაშვილს პირადად ვუთხარი, ასეთი ფაქტები გიდევთ წინ და რა ბრალდებას უყენებთ-მეთქი?!
- რა გიპასუხათ?
- თქვენი მეუღლე გმირია, მაგრამ პროკურატურამ ჯერჯერობით ასე ჩათვალა საჭიროდ. ეტაპობრივად მივალთ ამ საქმემდეო,
ადამიანები, რომლებიც ჩემი ქმრის წამებაში მონაწილეობდნენ, თავდაცვის სამინისტროში ახლაც თანამდებობებზე არიან! როდესაც ალასანია თავდაცვის მინისტრი იყო, ჩემს ადვოკატ მაგდა კოტრიკაძესთან ერთად შევხვდი. 26-კაციანი სია გადავეცით, რომელთა გვარები გამოძიების პროცესში გამოიკვეთა. მაგრამ... დღეს ალასანიას წარმომადგენელი ამბობს, სერგო თეთრაძის საქმეში არცერთის ბრალეულობა არ დადასტურდა და თავდაცვის მინისტრი ვალდებული იყო, ისინი სამსახურში აღედგინაო.
- „თავისუფალი დემოკრატები" ერთ-ერთი პირველთაგანი იყვნენ, ვინც სერგო თეთრაძის წამებით მოკვლის ფაქტი გაახმაურა. ალასანიას პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან თუ არა სასამართლოს პროცესებს?
- სამწუხაროდ, ჩემი მეუღლის სახელი გამოიყენეს. დღეს უკვე აღარ სჭირდებათ და დაივიწყეს... მე უფრო ხელისუფლების უმოქმედობაზე მწყდება გული. იმასაც კი ვერ მივაღწიეთ, საქმეს გრიფი „საიდუმლო" მოეხსნას და ჩემი ქმრის სახელის რეაბილიტაცია მოხდეს! სერგო თეთრაძე ქუაში არ მოუკლავთ, სახლიდან გაიყვანეს და 7 დღის შემდეგ ნაწამები მოვასვენეთ. დიახ, ჩემმა მეუღლემ არაადამიანური წამების ფასად დაიცვა საკუთარი მუნდირის, თანამშრომლების, ოჯახის ღირსება და საზოგადოებას გმირობის მაგალითი უჩყვენა!
სამწუხაროდ, ხელისუფლება დუმს! დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვერც ვეტერანთა კავშირს ვხედავ და ვერც იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც სერგო თეთრაძის სახელის ხსენებით პოლიტიკურ ქულებს იწერდნენ. შეიძლება, ალალ-მართალი ადამიანი ასე ამოსვარონ ლაფში და ამას მშვიდად უყურებდე?! ვერ წარმოვიდგენდი, თუ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან სამი წლისთავზე დამნაშავეები ამდენს გაბედავდნენ! რატომ არ დაინტერესდა უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი სერგო თეთრაძის საქმით?! რატომ დუმს თავდაცვის ახალი მინისტრი თინა ხიდაშელი?! ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს, სამშობლომაც უნდა დაიცვას! მართალია, დღეს მარტო ვომობ, მაგრამ ვიდრე ცოცხალი ვარ, ათასი ანი ნადარეიშვილი რომ დამიდგეს წინ, ამ ბრძოლას არ შევწყვეტ!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"