„როგორც მეოცე საუკუნეში იყო ბოლშევიზმის სენი, სამწუხაროდ, დაახლოებით იგივე მეორდება ერთი საუკუნის შემდეგ „ისლამური ხალიფატის" სახით", - ასე აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ისლამური სახელმწიფოს" განცხადებას კავკასიის რეგიონში საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ.
რა საფრთხეების შემცველია „ისლამური ხალიფატის" კავკასიის რეგიონში გააქტიურება და რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ წამოსული საფრთხეების წინააღმდეგ, ამის შესახებ „რეპორტიორს" ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია:
- „ისლამურმა ხალიფატმა" თავისი არსებობა უკვე დააფიქსირა ჩვენს რეგიონში. ფაქტობრივად, შექმნა ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც, წესით, უნდა შევიდეს „ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთ რეგიონში. „ისლამურ ხალიფატში" სულ 12 რეგიონია. „ისლამურმა ხალიფატმა" თავისი არსებობიდან დღემდე მოახდინა ანკლავის დაანონსება. ადრე ასეთი ტიპის განცხადება „ისლამურ ხალიფატს" არ გაუკეთებია. ვიცით, რომ „ისლამურ ხალიფატს" ჰყავს თავიანთი ჯგუფები, ნიგერიაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, ავღანეთში, ირანში, მაგრამ ის, რომ მათ დაეფიქსირებინათ, რომ შეიქმნა მათ დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული ერთეული, ასეთი რამ პირველად მოხდა სწორედ ჩვენს რეგიონში. ანუ, ეს ნიშნავს, რომ „ისლამური ხალიფატი" დიდ ყურადღებას აქცევს მისთვის სტრატეგიულ სივრცეს, რომელსაც კავკასიის რეგიონი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, დასკვნის გამოტანა მარტივია, თუ რას ნიშნავს აღნიშნული განცხადება. მათ თავისი გუბერნატორიც კი დანიშნეს.
- ამ შემთხვევაში რამდენად მოდის საფრთხე საქართველოზე?
- რომ ვთქვა, რომ საქართველოს საზღვრებთან ასეთი რადიკალური დაჯგუფების გამოჩენა საფრთხეების შემცველი არაა, მგონი, ამას არც საზოგადოება დაიჯერებს და არც მე მექნება სერიოზულ ექსპერტობაზე პრეტენზიის გამოცხადების უფლება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ვიცით, როგორია ისლამური ხალიფატის ქმედებები. ისინი არ ცნობენ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ გეოგრაფიულ საზღვრებს, არ ცნობენ არცერთ საერთაშორისო სამართლის პრინციპსა და ნორმას. ბუნებრივია, ისინი საკუთარი ხედვით ჭრიან და კერავენ. ისინი ჯერ კიდევ შუა საუკუნეების კალენდრით ხელმძღვანელობენ და იქიდან იღებენ საზრდოს.
როგორც მეოცე საუკუნეში იყო ბოლშევიზმის სენი, სამწუხაროდ, დაახლოებით იგივე მეორდება ერთი საუკუნის შემდეგ „ისლამური ხალიფატის" სახით. თუ ბოლშევიზმს ჰქონდა იდეოლოგიური სარჩული, დღევანდელ, თანამედროვე ბოლშევიკებს, იგივე სალაფიტებს, გააჩნიათ წმინდა რელიგიური და პოლიტიკური სარჩული.
- რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოდან" წამოსული საფრთხეების წინააღმდეგ და შესაძლოა თუ არა პრევენციული ზომების მიღება?
- დღევანდელ ხელისუფლებას რომ დროზე მიეხედა ამ საკითხისთვის და აქამდე არ მიეყვანა საქმე, უფრო კარგი იქნებოდა. მგონი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და შს მინისტრის განცხადებები მოწმობენ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაინახა, თუ რა რეალური გამოწვევა გაჩნდა ჩვენს საზღვრებთან. ოფიციალურად იქნა აღიარებული აღნიშნული გამოწვევა.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს ნებისმიერი საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებს. დიდი ხნით ადრე ვსაუბრობდით, რომ „ისლამური ხალიფატი" ჩვენს არეალში იქნებოდა რეალობა. მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა ხმად მრაღადებლისა უდაბნოსა შინა. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ეს პროცესი ასე არ გაგრძელდება. როგორც ჩანს ხელისუფლებას ამ საკითხისადმი რაიმე განსაკუთრებული მიდგომა არ გააჩნია.
- ზოგადად, რამდენად კმაყოფილი ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მუშაობით?
- ამ ეტაპზე მათი შეფასება, სამწუხაროდ, უკვე მოახდინეს სხვა სახელმწიფოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან მკაცრ განცხადებას და შეფასებას. მხედველობაში მაქვს ის შეფასება, რომელიც მათ გააკეთეს თუნდაც ტერორიზმის მიმოხილვის მოხსენების სახით. შეფასებაში, შავით თეთრზე იყო დაფიქსირებული, რომ საქართველო არის საერთაშორისო ტერორიზმის წყარო. ასეთი ტიპის განცხადებებსა და შეფასებებს აშშ ანიჭებს ხოლმე არშემდგარ ქვეყნებს, როგორიცაა სომალი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მისამართით შეფასება ასე არ არის განხილული, იქ აღნიშნულია, რომ გადაიდგა დადებითი ნაბიჯებიც და კონკრეტული რეფორმებიც განხორციელდა, მაგრამ რეალურად თავში გვაქვს ეს დეფინიცია.
ერთ მაგალითს გეტყვით, თუნდაც ის ფაქტი, რომ აქამდე არ იქნა გამოძიებული „ლაფანყურის სპეცოპერაცია" და ამ გამოძიებას საეჭვოდ დაედო დიდი საფლავის ლოდი, მე მგონი ბევრ რამეზე მეტყველებს. სწორედ „ლაფანყურის სპეცოპერაციის" გამოუძიებლობაც იყო ერთ-ერთი გარემოება, რატომაც მივიღეთ ასეთი შეფასება.
- როგორ იმუშავა ამ ორმა უწყებამ სტიქიის ღამეს?
- აშკარად ჩანდა, რომ კოორდინაციული სტრუქტურის სრულ ჩავარდნას ჰქონდა ადგილი. კოორდინაციულმა ორგანომ, რომელიც უნდა ყოფილიყო, წესით, კრიზისების მართვის საბჭო, რომელსაც ბატონი მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს, ვერ იმუშავა. დადებითად ვაფასებ შს სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მუშაობას სტიქიის ღამეს. ეს ორი უწყება ცალ-ცალკე კარგად მუშაობდა. მაგრამ მათ შორის კოორდინაცია ვერ მოხდა, შესაბამისი ორგანიზება ვერ გაუკეთა ამას კრიზისების მართვის საბჭომ.
- შესაძლებელი იყო თუ არა „სუპერ პუმას" გამოყენება სტიქიის ღამეს სამაშველო კუთხით?
- „სუპერ პუმას" გააჩნია ღამის ხედვის ტექნოლოგიური აღჭურვა, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ღამეც ჩაატაროს ფრენები. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია კლიმატური პირობები, მაგრამ სტიქიის ღამეს დაახლოებით 20:00-00:00 საათამდე იყო საკმაოდ ინტენსიური წვიმა. შემდგომ პერიოდში ქარი და ნალექი დიდად არ ყოფილა, ამიტომ „პუმას" გამოყენება სავსებით შესაძლებელი იყო. როგორც ჩანს, აქ პრობლემაა კვალიფიციური მფრინავების კუთხით. როგორც ჩანს, მფინავები მზად არ იყვნენ ამისთვის. „სუპერ პუმას" გარდა, ასევე რამდენიმე საბრძოლო და სადაზვერვო ვერტმფრენი გვაქვს, რომელსაც აქვს ღამის ხედვის აღჭურვილობა. მათი გამოყენებაც შეიძლებოდა იმ ღამეს.