reportiori.ge - რა მოხდებოდა, 13 ივნისს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო – რამაზ საყვარელიძე განმარტავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:23
ინტერვიუ
რა მოხდებოდა, 13 ივნისს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო – რამაზ საყვარელიძე განმარტავს
01 ივლისი, 2015. 18:10


ერთი ხალხური თქმულების გათვალისწინებით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, ის დროა, 13 ივნისის სტიქიური უბედურების დროს მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგდოების ქმედებების ანალიზი დავიწყოთ.

 

რამდენად ქმედითი იყო განვითარებული მოვლენების დროს კრიზისების მართვის საბჭო, სახელმწიფოებრივად, რა სუსტი მხარეები წარმოაჩინა სტიქიურმა უბედურებამ, რა შედეგი გვექნებდა, დღეს რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო?

 

„რეპორტიორს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა:

 

- კრიზისების მართვის საბჭოს მუშაობას, თუ კონკრეტულად ამ კრიზისის მართვით შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ თავი გაართვა. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს მუშაობის ამოცანა კრიზისის პრევენცია და ოპერატიული დახმარების აღმოჩენაა. ამიტომაც უნდა ვთქვა, რომ ამ კომპონენტებში შესაძლებელი იყო უკეთესად მუშაობა.


- რას გულისხმობთ პრევენციაში, რის გაკეთება იყო საჭირო იმ კონკრეტულ მომენტში და რა არ გაკეთდა?

 

- როგორც ვიცი, ავდრის გამომწვევ მიზეზებზე ხელისუფლებას ინფორმაცია ცოტა ადრეც ჰქონდა. ამ დროს კი, თუ გადავხედავდით ქალაქს, არაფერი არ მიანიშნებდა, რომ რაიმე სახის რეაგირება ჰქონდათ ამ ინფორმაციაზე.


ფაქტობრივად, შესაბამისმა სამსახურებმა ამოქმედება მას მერე დაიწყეს, რაც საკმაოდ შორს წავიდა კრიზისი. დაკარგულმა წუთებმა, კი ადამიანური მსხვერპლი მოიტანა. იმ უბედურ ღამეს, ყველაფერი წუთებში ხდებოდა.

 

- კრიზისების საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე გახლავთ. ეს ადამიანი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე ამა წლის მაისში დააბრუნა. ჩავლილი ამბების მერე, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო პრემიერის გადაწყვეტილება, როცა მინდია ჯანელიძეს ნიშნავდა კვლავ თანამდებობაზე?

 

 - ამ მოვლენის შეფასებისას, პრევენციაზე ვამახვილებ ყურადღებას, რაც პირველ პირზე იყო დამოკიდებული თუ მთლიან სისტემაზე, ჯერ კიდევ საკითხავია. ანალოგიური, სტიქიური უბედურებები გამოგვიცდია, მაგრამ შედარებით მცირე მასშტაბებით. ასეთი ღვარცოფი არც მახსენდება, ამიტომ ვერც სისტემა იქნებოდა მზად. ამიტომაც, ვინც არ უნდა ყოფილიყო პირველი პირი, თუ სისტემა არ არის აწყობილი საამისოდ, პირველი პირი ვერაფერს გადაწყვეტდა.


მეორე კიდევ, იმაზე რომ ილაპარაკო, რამდენად სწორად მოქმედებდა ჯანელიძე, რაღაც ალტერნატივები უნდა არსებობდეს, მსგავს სიტუაციაში სხვისი მუშაობის სახით. თუ არ შეადარებ, ვერ განსაზღვრავ, როგორ იმუშავა. ერთადერთი, რაც ჯანელიძესაც შეეშალა და მერე დანარჩენებსაც, ეს იყო ცხოველებთან დაკავშირებული ინფორმაცია. აჩქარდნენ, როცა გარეთ მყოფ ცხოველებზე ისაუბრეს. ანუ, დასაწყისში აჩქარება კარგი იყო, მაგრამ მერე, უკვე - აღარ.

 

- კრიზისების მართვის საბჭოს ხომ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია აწვდის ინფორმაციას?! რა უნდა ექნათ?

 

- ამ შემთხვევაში, მართალია, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასაც აქვს მისი წილი პასუხისმგებლობა, მაგრამ გარდა ზოოპარკის ადმინისტრაციისა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების უფლებას არ უნდა აძლევდეს თავს არავინ. მათაც უნდა გამოეყენებინათ ინფორმაციის გადამოწმების სხვადასხვა გზები. მით უმეტეს, რომ ასეთი გზები არსებობს.

 

- აღიშნული საბჭოს მუშაობის თემაც ვერ დარჩა პოლიტიკური სპეკულირების მიღმა. ეს თემა კარგად გამოიყენეს ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა. საუბრობდნენ, რომ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო ყოფილი ხელისუფლების პირობებში, მსხვერპლი ბევრად ნაკლები იქნებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ჰქონდა მნიშვნელობა ამ შემთხვევაში იმას, თუ ვინ იქნებოდა ქვეყნის სათავეში?


- მეეჭვება, ამ უბედურების ანალოგიური რომ მომხდარიყო ადრე, შედეგში დიდი განსხვავება ყოფილიყო. ბევრი მიმართულებით, ის ხარვეზები, რაზეც ვსაუბრობდით, ზოგადად სახელმწიფოს არასაკმარისი გამოცდილების შედეგია. გაიხსენეთ, როცა ჩეხეთიდან და პოლონეთიდან ჩამოვიდნენ სპეციალისტები დასახმარებლად, ზოოპარკთან მიმართებაში, მათ თქვეს, რომ ჰქონდათ გამოცდილება. წიგნებში წაკითხული ვერ ჩაენაცვლება გამოცდილებას.


რაც შეეხება „ნაციონალები" თუ „ქართული ოცნება", - „ნაციონალებმა" იმხელა ომი წააგეს 2008-ში, უზრამაზარი მსხვერპლით და იმდენად არ „შეიმჩნიეს" ეს ამბავი, რომ საეჭვოა, „ნაციონალებს" ამ ტიპის შემთხვევაში უფრო დიდი პასუხისმგებლობა გამოევლინათ. მე მგონია, რომ „ნაციონალები" რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ამაზე მეტ პასუხისგებლობას ვერ იგრძნობდნენ და საერთოდაც, ბევრი დარღვევის გადაფარვას ეცდებოდნენ, ისე, როგორც მათ სტილია. ვიმეორებ, იმაზე დიდი დანაკარგი, რაც საქართველომ 2008 წელს განიცადა, ძნელი სათქმელია, როდის იყო კიდევ, მაგრამ პასუხისგებლობის გრძნობა რამდენად ჰქონდათ და რამდენად მიიჩნევდნენ თავს დამნაშავედ, ან ვინმე დასჯილიყო ვერ გავიხსენებთ. ამ სტიქიური უბედურების შემთხვევაშიც რაიმე მსგავსი იქნებოდა.

 

- სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებულ მოვლენებში, ვინ დაგამახსოვრათ თავი ყველაზე მეტად სამთავრობო ან არასამთავრობო საზოგადოებიდან?

 

- პირველ რიგში მოხალისეებმა. რაც შეეხება სამთავრობო მიმართულებას, მას მერე რაც საქმიანობაში ჩაერთნენ, არავის მონდომება არ იწვევდა ჩემში ეჭვს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016