reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: საქართველოს სირცხვილია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს გულუას სახელობის სპეცრაზმი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 00:39
პრეს-დაიჯესტი
სანდრო ბრეგაძე: საქართველოს სირცხვილია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს გულუას სახელობის სპეცრაზმი!
ავტორი:
02 ივლისი, 2015. 13:04



გვესაუბრება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე.


- ბატონო სანდრო, გავრცელებული ინფორმციით, საინგილოდან, კერძოდ, კახის რაიონიდან, ქართველი მოძღვარი გამოუძევებიათ...

 

- ძალიან მტკივნეული საკითხია... მამა დემეტრე წლების განმავლობაში კახის რაიონულ ცენტრში ასრულებდა მღვდელმსახურებას. ცოტა ხნის წინათ საქართველოში პირად საქმეზე იყო ჩამოსული და უკან რომ გაბრუნდა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს!


- რატომ?

 

- ამის ოფიციალური მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუციით, ადამიანი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სასულიერო მოღვაწეობას ეწევა, აუცილებლად უნდა იყოს აზერბაიჯანის მოქალაქე. ეს ყველაფერი გასაგებია და ქვეყნის კონსტიტუციას ყველამ პატივი უნდა სცეს, მაგრამ როგორც ჩემთვის, ცნობილია, რუსული ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც აზერბაიჯანში მოღვაწეობს, რუსეთის მოქალაქეა და მას არანაირი პრობლემები არ ექმნება. აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი და მეზობელი ქვეყნები არიან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები ვართ და ვფიქრობ, ეს პრობლემა დიპლომატიური გზით, ურთიერთგაგებითა და პატივისემით უნდა აღმოიფხვრას.


- აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და დიპლომატიურმა მისიამ იციან ამის შესახებ?

 

- აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და საელჩომ ყველაფერი იციან! პირადად შევხვდი მის უწმინდესობას, საქმის კურსშია საქართველოს მუსლიმთა თემის მუფტიც, რომელთანაც ჩვენს საპატრიარქოს იდეალური ურთიერთობა აქვს და, ვფიქრობთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობიდან გამომდინარე, ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს!


- ბატონო სანდრო, „ასავალ-დასავალი" საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებას დიდი ხანია, იძიებს. სახელმწიფო როდის დაუსვამს ამ საქმეს წერტილს და, ბოლოს და ბოლოს, როდის გამოიძიებს პრეზიდენტის საქმეს?

 

- უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ასავალ-დასავალს", რომელმაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ ძალიან საინტერესო საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება დაიწყო! დიახ, ხაზგასმით ვამბობ და ეს ჩემი რწმენაა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია საქართველოს მტრების მიერ! მოდით, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი - ზვიად გამსახურდიას მკვლელობა ედუარდ შევარდნაძის პირადი ინტერესი იყო, რადგან შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ზვიად გამსახურდიას სიცოცხლეში ის ვერასოდეს გახდებოდა ლეგიტიმური ხელისუფალი! რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მკვლელობას გახსნის. პრობლემებს ქმნის ის, რომ ზვიად გამსახურდიას ცხედარს თავის დროზე გაურკვეველი მიზეზების გამო ექსპერტიზა არ ჩაუტარეს, ასევე ამ ხნის განმავლობაშიმ ბევრი მოწმე გარდაიცვალა და ა.შ. მაგრამ შევარდნაძის როლი ამ მკვლელობაში ცნობილია და გამოკვეთილი. ბოლოს და ბოლოს, უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის ჩვენება არსებობს, რომ შევარდნაძემ მას უბრძანა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია და გიორგაძემ ბრძანება არ შეასრულა. ის, რაც იგორ გიორგაძემ არ შეასრულა, ცხადია, შეასრულა სხვა ვიღაცამ...


საქართველოს სირცხვილია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს გულუას სახელობის სპეცრაზმი, რადგან ყველა მოწმის ჩვენებით, გია გულუა იყო ის ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ტყე-ტყე დასდევდა მოსაკლავად! მისი სახელობის ქუჩაც არსებობს, თუ არ ვცდები... უამრავი კითხვაა ზვიად გამსახურდიას საქმეში - პრეზიდენტს ჩამოაშორეს დაცვის ერთგული წევრები, რომელთაგან ჭინჭარაული და გოგაძე მოკლეს, ხოლო კეკენაძე და ბურჯანაძე ჯონსონ კვარაცხელიას სახლში განგებ დატოვეს; როსტოვის ექსპერტიზის დასკვნით, პრეზიდენტს ნეკნები და ბოქვენის ძვალი გატეხილი აქვს, რაც,ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მასზე ფიზიკური ზემოქმედება მოხდა... ერთადერთი, რაც ფაქტია და ამას ყველა ადასტურებს, ზვიად გამსახურდიას დევნიდნენ ედუარდ შევარდნაძის დავალებით! ვფიქრობ, თუ საჭირო გახდება, საქართველომ აუცილებლად უნდა მოიწვიოს უცხოელი ექსპერტები, კრიმინალისტები და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს. შევარდნაძის ხელისუფლება ამ საქმეს ვერ გამოიძიებდა, რადგან ის ხელისუფლება იყო ზვიადის მკვლელი. ვინც ზვიად გამსახურდიას დევნიდა, ისინი მრავლად იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლებაშიც, ხოლო დღევანდელ ხელისუფლებაში ასეთი ადამიანები არ არიან,  რაც ხელ-ფეხს უხსნის ახალ ხელისუფლებას, რომ ეს საქმე გამოიძიოს!


- ბატონო სანდრო, უკრაინელებმა გაავრცელეს სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბრის სტენოგრამა. საუბარი ჩაწერილია საუნაში... იქ ბევრ თემაზეა ლაპარაკი - იარაღით ვაჭრობაზე, მეძავ ქალებზე, ოდესის პორტზე, ოლიგარქ კოლომოისკიზე, რუსეთისათვის ახალი ვიეტნამის მოწყობაზე, მაკ-კეინზე და ა.შ. თქვენი აზრით, რამდენად ნამდვილია ეს ჩანაწერი და რამდენად შეესატყვისება სტენოგრამაში მოყვანილი ფრაზები სააკაშვილის ლექსიკასა და ცხოვრების სტილს?

 

- აუდიოჩანაწერის არსებობის შემთხვევაში ჩვენ უფრო თამამად ვისაუბრებდით, მაგრამ ის, რომ საუნაში გამართა სააკაშვილმა ამ ტიპის შეხვედრა, აბსოლუტურად რეალურია, რადგან საუნები და საეჭვო რეპუტაციის სასტუმროები სააკაშვილის საყვარელი ადგილებია. რა თქმა უნდა, წარმოდგენილი ფრაზები სააკაშვილის ლექსიკასთან ძალიან ახლოს დგას... ჩვენი მოძმე უკრაინელები მეცოდებიან, რადგან ოდესაში სააკაშვილის სახით შენელებული მოქმედების ბომბი უზით! დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა - თუ სააკაშვილი კიდევ ერთი წლით დარჩება ოდესაში, ოდესის ოლქს საფრთხე დაემუქრება და ზუსტად იმ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რა მდგომარეობაშიც ცხინვალი და კოდორის ხეობა აღმოჩნდა! რეალობა ასეთია - სააკაშვილი და ნაცმოძრაობა დღეს უკრაინაში წასულები არიან დიდი ფულის საშოვნელად! პირდაპირ ვაცხადებ: სააკაშვილსა და მის ბიძას - თემურ ალასანიას რამდენიმემილიარდიანი ქონება აქვს! საფრანგეთში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული დავით კეზერაშვილის ქონება, რომელიც 90 მილიონ ევროს უდრის! ამას დავამატოთ მილიარდის მფლობელი ბეჟუაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, უგულავა და მათი ბიზნესმენები. გაგიგიათ, რომ რომელიმე მათგანს 10 ლარი მაინც გადაერიცხოს სტიქიისგან დაზარალებულთა ფონდში? სინდისი არ ეყო სააკაშვილს, 500 ან 1000 დოლარი ამოეღო ჯიბიდან და დაზარალებული ხალხისთვის გადმოერიცხა. არადა, ამ დროს ეს კაცი თითქოსდა ნიანგის ცრემლებით ტირის ოდესაში... მართალი მგონია ის, რასაც სააკაშვილი ადეიშვილს ეუბნება - ნეტავ, ნიანგი შეჭამდეს ვინმესო! მეორე დღეს ვეფხვმა შეჭამა კაცი და სააკაშვილმაც ბევრი იცინა, ალბათ... მაინტერესებს რატომ იყო აღურიცხავი ცხოველები ზოოპარკში და თუ ცხოველები ზოოპარკისა არ იყო, როგორ აღმოჩნდა დათვის ბელები ვარკეთილში? ეს ყველაფერი გამოსარკვევია.


- თქვენი აზრით, სააკაშვილის უახლოეს გეგმებში რა შედის?

 

- სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე საქართველოში დაბრუნდეს! ეს ოთხი დეპუტატი, რომლებიც ვითომდა ნაცებს გაექცნენ, სინამდვილეში ვანო მერაბიშვილის ბრძანებით წავიდნენ პარტიიდან!


- რატომ?

 

-  ჩემი ინფორმაციით, რომელიც ნამდვილია, ვანო მერაიშვილმა სააკაშვილს ულტიმატუმი წაუყენა, რომ შემოდგომაზე მისი ციხიდან გამოშვება უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვანო ხელში აიღებს კალამს, ფურცელს და დაწერს, რაც იცის სააკაშვილის კორუფციული გარიგებების, ბიზნესებისა და აღვირახსნილობის შესახებ. ოთხი კაცის პარტიიდან წასვლა, ეს იყო მერაბიშვილის მიერ სააკაშვილის დაშანტაჟება და იმის დაფიქსირება, რომ მას პარტიაზე გავლენა აქვს. არ გამორიცხოთ, უახლოეს მომავალში ნაცებს კიდევ გამოეყოს რამდენიმე კაცი და თქვან, რომ სააკაშვილი საშინელი ადამიანია!


- ბატონო სანდრო, კი მაგრამ, სააკაშვილმა მერაბიშვილი შემოდგომაზე ციხიდან როგორ უნდა გამოიყვანოს?

 

- სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური რევანშის შემთხვევაში, რაც გამორიცხულია. ამდენად, სააკაშვილი დღეს იმყოფება ვირთხის მდგომარეობაში, როცა მას გასაქცევი აღარ აქვს. არადა, სააკაშვილი მერაბიშვილსა და უგულავას აიმედებდა - თქვენ ვერავინ შეგეხებათ, საერთაშორისო სკანდალი ატყდებაო! ხოლო, ბაჩო ახალაიას პირდაპირ უთხრა - ჩამოდი და პრობლემა არ გექნებაო! ჩამოიყვანა და ახალაია დღეს ციხეში ზის! ამდენად, სააკაშვილის მდგომარება დღეს რთულია და ყველაფერზე წამსვლელია! ყველაფერი შეიძლება თქვას ადამიანმა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე რომ იტყვი, კორუფციაშია გარეულიო...


ერთი რამეც ვიცოდეთ - სააკაშვილი იმიტომ არის საშიში, რომ „ნაცმოძრაობა" არ გახლავთ პარტია და პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის მტრულად განწყობილი ძალა, რომლის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და პოლიტიკური რევანში!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016