reportiori.ge - „გულიკო ხშირად ამბობდა, მდიდარი რომ ვიყო, ყველა ცხოველს წავიყვანდი იმ ტყეებსა თუ ჯუნგლებში, საიდანაც ჩამოიყვანეს და გავუშვებდიო!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:12
პრეს-დაიჯესტი
„გულიკო ხშირად ამბობდა, მდიდარი რომ ვიყო, ყველა ცხოველს წავიყვანდი იმ ტყეებსა თუ ჯუნგლებში, საიდანაც ჩამოიყვანეს და გავუშვებდიო!“
ავტორი:
02 ივლისი, 2015. 15:11


13 ივნისს, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის ღამეს, ზოოპარკის ძიძა-მომვლელი გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე და 72 წლის გივი დვალი დაუნდობელ სტიქიას შეეწირენ. გულიკო ჭიტაძეს, ამ საოცარ ადამიანს, რომელიც უკიდურესად იყო შეყვარებული ცხოველებზე, „ასავალ-დასავალის" უამრავი მკითხველი იცნობდა. ერთ დროს ჩვენი გაზეთის აქტიური რესპონდენტის ცხოვრება სევდიან ზღაპარს ჰგავდა, რომელიც ზოოპარკის მომვლელებისათვის განკუთვნილ ოთახში დასრულდა. ექიმთა წინააღმდეგობის მიუხედავად, სწორედ 13 ივნისს გამოეწერა გულიკო ჭიტაძე კლინიკიდან, სადაც საკუთარი გაზრდილი ვეფხვის მიერ დაზიანებული მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს. დღეს გულიკო კონცელიძე-ჭიტაძეს მისი დეიდაშვილი მარინა ზარდიაშვილი იხსენებს, რომელიც ზოოპარკში ფრინველების მომვლელად მუშაობდა:


- გულიკო თვეების იყო, დედამ რომ მიატოვა და ბებიას მიუგდო გასაზრდელად. 16 წლის გულო თბილისში წამოვიდა, სადაც შეხვდა მალხაზს, უწესიერეს ბიჭს. გულიკოს უსაზღვრო სიყვარული და სიბრალული ცხოველების, განსაკუთრებით კი დედისაგან უარყოფილი პატარა ცხოველების მიმართ, დედამისის, ანუ დეიდაჩემის უღირსი საქციელით იყო გამოწვეული. 25 წლის წინათ უმუშევარი გულო შრომის ბირჟაზე მივიდა, სადაც ზოოპარკში დამლაგებლის ადგილი შესთავაზეს, მაგრამ ზოოპარკში მისული მაიმუნების მომვლელად გაამწესეს. დაკბინეს, სხეულზე რამდენიმე ადგლას ნაიარევიც ჰქონდა, თუმცა, მაინც სიგიჟემდე უყვარდა ცხოველები. რომელიმე მათგანი ცუდად რომ გახდებოდა ან უცნაურად იქცეოდა, გულიკოს ეძახდნენ - მუნჯის ენა დედამ იცისო. მძიმე წლებში, როდესაც ზოოპარკს ძალიან უჭირდა, გულიკო თავისი მიზერული ხელფასიდან მაიმუნებისათის კანფეტებს, წამლებსა და ვიტამინებს ყიდულობდა.


- გულიკო და მახო ბედნიერები იყვნენ?

 

 - კი ძალიან ბედნიერი იყო მახოსთან და თავის საყვარელ ცხოველებთან ერთად. საკუთარი სახლი დაკეტეს და ზოოპარკში გადასახლდნენ. სულ აქ იყვნენ, იშვიათად ტოვებდნენ ტერიტორიას. ბოლო დროს მეგობრებთანაც მიდიოდნენ, გულიკოს ბევრი მეგობარი ჰყავდა. ზოოპარკი არ იყო მათთვის სამსახური. ეს იყო მათი ოჯახი. შვილები არ ჰყავდათ, თუმცა, თითოეული ცხოველი გულიკოს შვილივით უყვარდა. მათ გარეშე ვერ ძლებდა. ხშირად ამბობდა - მდიდარი რომ ვიყო და ბევრი ფული მქონდეს, ყველა ცხოველს წავიყვანდი იმ ტყეებსა თუ ჯუნგლებში, საიდანაც ჩამოიყვანეს და გავუშვებდიო.


- ქალბატონო მარინა, შვილები რატომ არ ჰყავდათ?

 

- შვილი ეყოლათ, თუმცა, ორი თვისა მოუკვდათ. შემდეგ რამდენჯერმე კიდევ იმშობიარა გულომ, მაგრამ მისი პატარა ვერც ერთხელ ვერ გადარჩა. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან იმედიანი და ბობოქარი გოგო იყო. არასოდეს ჰყრიდა ფარ-ხმალს. მისმა სიკვდილმა უკიდურესად მატკინა გული. დღესაც მგონია, რომ ჩემ გვერდითაა. მჯერა, გულიკოს სული აქ იტრიალებს.


- გულიკოს ჩემთვის წლების წინათ აქვს ნათქვამი, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე მან და მისმა მეუღლემ ადამიანის აჩრდილი შენიშნეს... თქვენთვის თუ უთქვამს ამის შესახებ?

 

- კი, რამდენჯერმე მითხრა, რომ დაინახა ვიღაც კაცისა და ჯარისკაცის აჩრდილები ვოლიერთან. ამბობდა, რომ ამ ტერიტორიაზე ადრე საფლავები იყო. სხვა არაფერი ვიცი... შესაძლოა, ეს ყველაფერი კავშირშიც იყოს იმ უბედურებასთან, რაც ზოოპარკს დაატყდა თავს.


- 13 ივნისის ტრაგედიამდე ქალბატონი გულიკო ვეფხვმა დაგლიჯა, რის შემდეგაც ხელი დაკარგა... გაბრაზებული იყო იმ ვეფხვზე?

 

- არა, რას ამბობთ! პირიქით, ძალიან ნერვიულობდა, ამბობდა, მისი ბრალი არ არის და ნურაფერს დაუშავებენო. ძალიან ეცოდებოდა რომ ლანძღავდნენ.


- ქალბატონო მარინა, როგორც ვიცი, ეს ვეფხვები მისი გაზრდილები იყვნენ... რა მოხდა, რატომ დაესხნენ თავს?

 

- იმ ავბედით დღეს გულიკოს ბავშვიანი სტუმრები ჰყავდა. ვეფხვების ვოლიერებთან რომ მივიდნენ, ბავშვს სათამაშო გადაუვარდა და ტირილი დაიწყო. გულიკო ქვევით ჩავიდა სათამაშოს ამოსატანად. ქარიანი დღე იყო. გულიკოს ფრიალა სარაფანი ეცვა. ვეფხვებმა თამაში დაუწყეს, სამივე ბოკვერი მისი გაზრდილი იყო. გულო ყოველთვის ეთამაშებოდა და ეფერებოდა მათ. სათამაშო რომ აიღო და მობრუნდა, როგორც ჩანს, ვეფხვს ისევ უნდოდა თამაში და თათი მოუქნია. გულიკო გალიასთან ძალიან ახლოს იდგა. ვეფხვის მძიმე ტორმა და ბრჭყალებმა დაუზიანეს ხელი და ფეხის ქსოვილები. ხელი იმდენად ჰქონდა დაზიანებული, რომ მოკვეთა დასჭირდა, ფეხი კი მალევე დაემორჩილა მკურნალობას.


- ქალბატონი გულიკო ძალიან მგრძნობიარე ადამიანი იყო... გული არ უგძრნობდა, რომ ასეთი ტრაგედია უნდა დატრიალებულიყო?

 

- საავადმყოფოში სულ მის გვერდით ვიყავი. „ერთ დღეს, დილით რომ გაიღვიძა, მითხრა, მარინა, ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე, ზოოპარკში საშინელება მოხდებაო. მე ვუთხარი, გულიკო, საშინელება უკვე მოხდა, ვეფხვმა დაგაზიანა და მარჯვენა ხელი დაკარგე-მეთქი. არა, ეგ არ არის საშინელება, უარესი მოხდება, შემზარავი ტრაგედია დატრიალდებაო. შემეშინდა და გავაჩუმე. მერე ამოიჩემა, კლინიკიდან უნდა გავეწერო, ჩემს ცხოველებთან მინდაო და ძალისძალად, ზუსტად 13 ივნისს გამოეწერა საავადმყოფოდან. ალბათ, მისი ბედისწერა იყო, რომ სწორედ იმ ღამით მომკვდარიყო. პატარა მაიმუნები ჰყავდა გასაზრდელი და იმათთან მოეჩქარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მალხაზი არაჩვეულებრივად უვლიდა პატარებს, მე 13-ში ზოოპარკში უნდა ვიყოო, ჯიუტად იმეორებდა. იცოდეთ, ჩემი ფეხით წავალ, თუ არ გამწერთო, ექიმებს ეუბნებოდა. ძალიან მინდოდა, რომ ჩემთან წამეყვანა სახლში, მაგრამ ცოცხალი თავით არ გამომყვა. ზოგადად, ბოლო წლებში ხშირად გამოთქვამდა შეშფოთებას: ნამეტანი ხშირად ვარ ჟურნალ-გაზეთებში და იმდენად ინტერესდებიან ჩემით ჟურნალისტები, ნეტავ ნაადრევად ხომ არ უნდა მოვკვდეო? თამამად შემიძლია, გითხრათ - გულიკო საავადმყოფოდან რომ არ გამოწერილიყო და 13-ში ღამით არ დაღუპულიყო, ის მაინც მოკვდებოდა! მახოს და თავისი ცხოველების დაღუპვას ვერ გადაიტანდა!


მახო სილაში ჩაფლული იპოვეს, ეტყობა, წვიმის შემდეგ გარეთ გამოვიდა და წყლის ნაკადს გზას აძლევდა. გულიკო ოთახში ნახეს, მოჭრილი ხელის მხარეს გადმობრუნებულიყო, ალბათ, ოთახი წყლით რომ ივსებოდა, წამოდგომას ცდილობდა. თუმცა, საზარელ სტიქიას ვერავინ გადაურჩა. მისი საყვარელი ძაღლები მაილო და დოდოლინაც გულიკოსთან ერთად დაიხრჩვნენ. ჩემი გულო 1958 წლის 13 სექტემბერს დაიბადა და 2015 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა. 56 წლის იყო მხოლოდ... (ტირის) გულიკოს ძალიან უყვარდა წვიმიანი ამინდი, დამთვალიერებლები არ შემოდიან და ცხოველებს არ აწვალებენო, ამბობდა... წვიმას თავის სევდიან ცხოვრებას ამსგავსებდა! უზომოდ მიყვარდა გულიკო, ჩემი სისხლი და ხორცი იყო, ღამეები არ მძინავს, სულ მასზე ვფიქრობ... დავკარგე ორი უსაყვარლესი ადამიანი, უკეთილშობილესი ცოლ-ქმარი, რომელთა მსგავსი ერთგული და პატიოსანი ადამიანები ძალიან იშვიათად იბადებიან!

 

 

 

 

 

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016