reportiori.ge - რა პრობლემებს წააწყდებიან აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 00:35
პრეს-დაიჯესტი
რა პრობლემებს წააწყდებიან აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებზე?
ავტორი:
02 ივლისი, 2015. 15:37


რა პრობლემები იკვეთებოდა გასული წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს და რა ხდება წელს? რა იცვლება გამოცდებზე და რამდენ საგანს ჩააბარებენ აბიტურიენტები?


„ალიას" ესაუბრება განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი:


- „გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა" ერთი კარგი საქმე გააკეთა, რომ კორუფციის დონე, რომელიც არსებობდა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების დროს, მნიშვნელოვნად დასწია ქვემოთ, მაგრამ მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, აბსოლუტურად ყველას აქვს უარყოფითი დამოკიდებულება მისდამი, რადგანაც გამოცდების ფორმა არ არის სრულყოფილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ გამოცდების ასეთი ფორმით ვერ იგებ, აბიტურიენტმა როგორ იცის საგანი, მაგალითად: მათემატიკა, ფიზიკა, ან ქიმია, და ასე შემდეგ. ანდა როგორ აზროვნებს ქართულ ლიტერატურაში, ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების როგორი წვდომა აქვს, ან - რამდენად შეუძლია მასალის გაანალიზება, რადგანაც, ვიმეორებ, ეროვნული გამოცდების ფორმა არ იძლევა ამის საშუალებას.


- თქვენ რისი მომხრე ხართ?


- ჩემი აზრით, ყველაზე მისაღები ფორმა არის ის, რომ ზეპირადაც უნდა გამოიცადოს ბავშვი და წერილობითაც, ოღონდ არა ტესტირებით, რადგანაც ტესტირება და თანაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმა, საუნივერსიტეტო განათლების ხარისხს „აგდებს". ეს ნათლად ჩანს სტუდენტების ცოდნის დონისა და თავად განათლების ხარისხის მიხედვით. სტუდენტების განათლების დონე ნამდვილად დაბალია, თუ არ ჩავთვლით ერთეულ და ათეულ გამონაკლისს.


- თსუ-ს ერთ-ერთმა პროფესორმა დაწერა ამას წინათ, რომ, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ჩლუნგი სტუდენტები მხვდებიანო.


- სამწუხაროდ, ეს ასეა და იმასაც ვიტყვი, რომ ამის მიზეზი მთლად ეროვნული გამოცდები არ არის, ამას სხვადასხვა მიზეზების ერთობლიობა იწვევს, რადგანაც თავად სკოლებშია დავარდნილი განათლების ხარისხი იმიტომ, რომ ყველა  საგანში ძალზე შემცირებულია სასწავლო საათების რიცხვი, არ ფინანსდება საგნობრივი წრეები, ასევე ფაკულტატურული საათები გააქრეს ეროვნული სასწავლო გეგმიდან. ეს ყველაფერი რომ მოისპო წინა ხელისუფლების დროს, ამიტომ დაეცა განათლების ხარისხი და ეს გრძელდება დღემდე. ამას დაუმატეთ, რომ არ არის კარგი სახელმძღვანელოები, სათანადო სტანდარტები, პროგრამები და რაც ჩამოვთვალე, ეს ყველაფერი რომც იყოს მოგვარებული, თუ ამასთან ერთად პედაგოგს არ მიეცი ღირსეული ხელფასი, არასოდეს არ იქნება განათლების ხარისხი მაღალი. ვიმეორებ, ეს ღრმა რეფორმები გაკეთდა სააკაშვილის დროს, როცა მიანგრიეს და მოანგრიეს განათლების სისტემა და დღემდე ვხედავთ, რომ არა მარტო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებშიც ყველაფერი არეულია: საგნებია გაერთიანებული, რვა და შვიდი საგანია გაერთიანებული და, კაცმა არ იცის, რას ასწავლიან ახალგაზრდებს, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, რადგანაც სტუდენტი ვერაფერს ითვისებს ჯეროვნად და თანდათან ჩლუნგდება, ამას დაუმატეთ ის ფაქტი, რომ სკოლიდანაც ვერ მოაქვს სათანადო განათლება, ერთიანი ეროვნული გამოცდებიც ვერაფერში უწყობს ხელს, რომ მოსწავლემ აიმაღლოს განათლების დონე და მოკლედ, ყველაფერი განათლებას ექაჩება ქვემოთ.


- რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რა მთავარ პრობლემებს ხედავდით წინა წლებში და რა არის ახლა?


- ამ გამოცდებმა თავისი თავი უკვე ამოწურა და უნდა მოხდეს მისი ძირეული შეცვლა, ამისთვის ბავშვებმა გამოცდებზე უნდა იმეტყველონ, ანუ ზეპირი გამოცდები უნდა აღდგეს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაზე რომ აბარებენ ბავშვები, უნდა გავიგოთ, როგორ იცის მან, მაგალითად, ფიზიკა, ან ქიმია, ან თუნდაც მათემატიკა, ამიტომ ტესტები, შესაბამისად, უნდა მოისპოს. რაც შეეხება პრობლემების გამოყოფას, შარშან და წელსაც რაც ხდება, ამაზე ვიტყვი, რომ არსებობს ერთიანი პრობლემები.


მოდით, ვიყოთ ობიექტური და ვთქვათ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები, თავად პროცესი არის ბევრად ორგანიზებული, ვიდრე კატის გამოცდები, ანუ საატესტატო გამოცდები. ასევე ტესტების ხარისხიც გაცილებით მაღალია და გამართულია ეროვნული გამოცდების დროს, ვიდრე კატის დროს. როცა კატის გამოცდებზე მოდის უამრავი არაპროგრამული საკითხი, როცა არ იხსნება ტესტი და არ არის სრულყოფილი პასუხები, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მისი ჩატარების ორგანიზებაზე. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ეს ორი გამოცდა ერთმანეთისგან.


- ამ დროს ორივეს ერთი ცენტრი ატარებს!


- კი, მაგრამ ფაქტს ვამბობ. კი, ორგანიზებულია ეს ეროვნული გამოცდები, მაგრამ საუბარია მის შეცვლაზე და ამაზე კომისია უკვე მუშაობს.


- კომისია შექმნილია განათლების სამინისტროში?


- კი, როგორ არა! განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კომისია მუშაობს საატესტატო კატის გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაციაზე. უნდა მოხდეს ამ გამოცდების შეერთება-შერწყმა, ანუ ძირითადად დარჩება საატესტატო გამოცდები, მაგრამ არა ისეთი ფორმით, რაც დღეს გვაქვს.


- უკვე გამოკვეთილია, რა იქნება?


- არა, ჯერ მუშაობა მიდის, მაგრამ ცნობილია, რომ სკოლებში მოხდება ამ გამოცდების ჩატარება. დღეს, ისე, როგორ წინა წლებში ძალიან დიდი ნაკლოვანებაა თავად დროის ფაქტორი მისაღებ გამოცდებზე. ჩემი აზრით, დრო გამოცდებზე უფრო მეტი უნდა ეძლეოდეს აბიტურიენტს, ვიდრე დღეს აქვს.


ყველა საგანს თავისი დრო აქვს და ყველა ბავშვს აქვს ეს პრობლემა, საქმე ისაა, რომ როცა ბავშვი წერს ყველა საკითხს, მისთვის გამოყოფილი დრო არ ჰყოფნის, რადგანაც მას შეუძლია შავად დაწეროს, მაგრამ თეთრად გადატანის დრო არ რჩება ძალიან ხშირ შემთხვევაში. გარდა ამისა, განათლების საკითხმა რომ აიწიოს, ორი გლობალური ცვლილება უნდა მოხდეს: მინიმალური კომპეტენციის დონემ უნდა აიწიოს, ანუ მინიმალური ქულა, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს აქვს, ის უნდა იყოს შედარებით მაღალი. არ შეიძლება, 75 ქულიდან ბავშვმა მიიღოს ქიმიაში, ფიზიკაში 19 ქულა და ამ 19 ქულით გახდეს სტუდენტი, ეს ძალიან დაბალი ქულაა! არა! უცოდინარია ის 19-ქულიანი ბავშვი.

 

- ამაზე ცენტრი გეტყვით და მართალიც იქნება, რომ უნივერსიტეტები თავად ირჩევენ ამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ეს ასეა.


- კი, მაგრამ ამ ზღვარს წევს ორი ძირითადი უნივერსიტეტი: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. „თავისუფალი უნივერსიტეტი" რომ „თავისუფალი უნივერსიტეტია", ისიც არ სწევს ზღვარს დიდად და კიდევ, არ უნდა არსებობდეს არჩევითი საგანი, მეოთხე საგანი უნდა იყოს პირდაპირ განსაზღვრული და, რომელ ფაკულტეტზეც საჭიროა, ხუთი საგანიც უნდა ჩაბარდეს.


- მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ, სად უნდა ბარდებოდეს ხუთი საგანი?


- სამედიცინოზე უნდა ბარდებოდეს მინიმუმ ხუთი საგანი, რადგანაც აუცილებლად უნდა ჩააბაროს სტუდენტმა ის სამი საგანი, რაც ყველგან ბარდება და უნდა დაემატოს ქიმია, და ბიოლოგიაც, თუმცა, ჩემი აზრით, მომავალმა ექიმმა ფიზიკაც კარგად უნდა იცოდეს და ისიც უნდა ჩააბაროს. შეიძლება პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერიის ფაკულტეტზე გეოგრაფიითა და ისტორიით ეწყობოდეს ხალხი? ან სამოქალაქო განათლებით?


- რაც შეეხება უნარების პრიორიტეტს?


- უნარებსა და უცხო ენას მე მოვხსნიდი. უნდა დარჩეს ქართული წერა ყველგან, და ნებისმიერ ფაკულტეტზე, სადაც კი ბავშვი აბარებს, იქ სპეციალური საგნები უნდა ჩატარდეს, აი, მაშინ, აიწევს განათლების ხარისხი უმაღლეს სასწავლებლებში და მაშინ მივლენ იქ გონებაგახსნილი სტუდენტები.


- თუ მოიხსნა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაშინ რა ფუნქცია რჩება „ეროვნული გამოცდების ცენტრს"?


- ასეთი ფორმით არ არის საჭირო ცენტრი, თორემ რა ფორმასაც დაუდგენს გამოცდებს სამინისტროს კომისია, ის დარჩება და ის გამოცდებიც ცენტრმა არ უნდა ჩაატაროს?


- და როდის მოიხსნება ეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, არის ცნობილი?


- კი, სტრატეგიული გეგმის პროექტში ჩაწერილია, რომ 2017 წელს უნდა იყოს ეს ცვლილება, გამოცდების ახალი ფორმა და შემცირებული გამოცდები.


- გაუმართლებთ მაშინ იმ მომავალ ბავშვებს...


- კი, მაგრამ კულუარულად ისეთი საუბრებია, რომ სკოლებში იმ 8 გამოცდის შემცირებასაც აპირებენ და, ჩემი აზრით, არც ერთ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს. ყველა ძირითადი საგანი, რასაც ბავშვი სწავლობს, უნდა დარჩეს, მაგრამ კომისიას მივმართავ წინადადებით: შესაძლებელია, მოსწავლეები მე-11 კლასში მორჩნენ ყველა საგნის სწავლას, ხოლო მე-12 კლასში 4 გამოცდა ექნებათ იმ საგნებში, რომელ გამოცდებსაც აბარებენ. უნარები და უცხო ენა კი უნდა გაუქმდეს.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016