საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით კეზერაშვილის კიდევ ერთ ავკაცობაზე ალაპარაკდა. კერძოდ, 2 ივლისს მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის მორიგი საქმე (ამონარიდი პროკურატურის განცხადებიდან): „2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გადაწყვიტა, გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული. ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი - თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები, რომლებიც ფლობდნენ კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED" და ეწეოდნენ ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. გარდა ამისა, თამაზ ნიჟარაძე 52.5%-იან წილს ფლობდა შპს „მეტალექსში", რომელსაც იჯარით ჰქონდა აღებული ფოთის პორტის №5 ნავმისადგომი. 2010 წლის 14 აგვისტოს, დავით კეზერაშვილი, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა თამაზ ნიჟარაძეს და კატეგორიულად მოსთხოვა ხსენებულ კომპანიებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა. 15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მარაბდის ქუჩაზე მდებარე თამაზ ნიჟარაძის საცხოვრებელ სახლში და მის გარე პერიმეტრზე განლაგდა სოდ-ის თანამშრომელთა ოპერატიული ჯგუფი. თამაზ ნიჟარაძეს არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ახორციელებდნენ მასზე მუდმივ თვალყურს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ვინაიდან კეზერაშვილს წილების გადაფორმება ეჩქარებოდა, 2010 წლის სექტემბერში, „პიქსელის" შენობაში დაბარებულ თამაზ ნიჟარაძეს სისხლის ტბების დაყენებით დაემუქრა. რამდენიმე დღეში ნიჟარაძეებმა წილები უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების სასარგებლოდ. გასხვისების ხელშეკრულებაში კი მიეთითა, რომ თითქოს მათ სანაცვლოდ მიიღეს 6 მილიონი დოლარის ღირებულების 2 უძრავი ქონების პროექტი. ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".
შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ შარშან დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა ტელეკომპანია „იმედის" საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ასევე, მითვისება_გაფლანგვა. ასევე, კორუფციული ბრალდებები აქვს წაყენებული მეორე საქმეზე, რომელშიც მას პროკურატურა 12 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებას ედავება ეთილის სპირტის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის. როდესაც კეზერაშვილი საფრანგეთში „გასკვანჩეს", ჩვენი პროკურატურა ბრალდების ნაწილში ჩაფლავდა და მისი ექსტრადიცია ვერ მოხერხდა. ამიტომ, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ბუნებრივად იბადება კითხვები: პირველი - დავუშვათ, ამ საქმეზე მაინც დაუმტკიცა პროკურატურამ კეზერაშვილს დანაშაული და სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, რა ხდება, ხელახლა ითხოვს სახელმწიფო მის ექსტრადიციას? მეორე - მაშინ, როცა 1000 დოლარი ქრთამის აღებაზე ადამიანს 5-6 წელს უსჯიან, მილიონების მიმთვისებელ და სისხლის გუბეების დამყენებელ დამნაშავეს რატომ ეკუთვნის კანონით მხოლოდ 4-დან 7 წლამდე? დაუკვირდით, ვინაიდან დღეს აღარ არსებობს შეკრებითობის პრინციპი, კეზერაშვილი რომც დააპატიმრონ და 5 საქმეზე განაჩენი გამოუტანონ, გადაფარვის მეთოდით (მაღალი სასჯელი ფარავს დაბალ სასჯელს) 5 წელზე მეტი არ მოუგროვდება; როგორც მთავარ პროკურატურაში ამბობენ, გამოძიება სხვა მაღალჩინოსნებზეც გავა.
ვინ არიან ის მაღალჩინოსნები და მუშაობენ თუ არა დღეს ისევ თანამდებობებზე, რომლებიც კეზერაშვილთან ერთად მოქმედებდნენ?
„ალიას" ნიჟარაძეების ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა:
- სააკაშვილს ჰყავდა 20 კაცი, ისინი აკეთებდნენ ფულს, ატერორებდნენ ხალხს და მათზე არავითარი კანონი არ ვრცელდებოდა. მე პირადად მაგას ვლაპარაკობდი წლების განმავლობაში თქვენი გაზეთის საშუალებით. საწყალ ადამიანს რომ დაიჭერდნენ ქრთამზე, 12-15 წელს აძლევდნენ და ვინც მილიონებს იპარავდა, სხვას ართმევდა, იმათ არაფერი. სამწუხაროდ, ეს საკანონმდებლო ნონსენსი კვლავ ძალაში დარჩა. აქ ნიჟარაძე კი არ არის მთავარი თუ ასეთ დანაშაულზე რეაგირებას არ ახდენ, დღევანდელი ჩინოვნიკიც ამას იზამს და ხვალინდელიც. ვიღაცები იფიქრებენ, კაცო, აგერ კეზერაშვილმა წაართვა ხალხს ქონება, შერჩა, მეც შემრჩება, წავალ, მივიღებ ისრაელის მოქალაქეობას, დავჯდები რომელიმე ქვეყანაში, საფრანგეთი თავშესაფარს მომცემს და მორჩება კინო. ეს ადამიანი სპირტის საქმეში გამართლდა, დარჩენილია 4 საქმე, რომელიც დევს სასამართლოში განუხილველად. მე ვსვამ კითხვას: რატომ? იმიტომ, რომ სხვა საქმეებზე დაზარალებულებს პატრონი არ ჰყავდათ.
ნიჟარაძის საქმეზე მოსვენებას არ ვაძლევ მოსამართლეებს და არც ისეთ რამეს გავაშვებინებ პროკურატურას სასამართლოში, სადაც არ იქნება მყარი მტკიცებულებები. სპირტის საქმე გასაგებია, იქ ფული შეჭამა და წავიდა თავის გზაზე, ფოთის პორტთან დაკავშირებით სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე - უკაცრავად, „რუსთავი 2" და „ნაცმოძრაობა" იქიდან ხომ არ ფინანსდება? გადის თვეები და ვყვირი: პროკურატურავ, სად ხარ, ამ ფულით ფინანსდება „რუსთავი 2", ამ ფულით აწყობს პროვოკაციებს „ნაცმოძრაობა". აი, როგორც იქნა, დაიძრა სიტუაცია, ახლა გაარკვევს გამოძიება ყველაფერს. იცი, რა მტკიცებულებები მოიძებნა ამ საქმეზე? თამამად ვამბობ, მსგავსი რამ არც ერთ საქმეზე არ არის მოპოვებული.
- კონკრეტულად რა მტკიცებულებებზეა საუბარი?
- ოფშორული კომპანიების ანგარიშები გავხსენით, შვეიცარიის ბანკიდან იყო კაცი ჩამოსული, რომელმაც ოფიციალურად წარმოადგინა მტკიცებულებები. ჯერ სად ხარ? ამას კიდევ მოჰყვება დიდი სკანდალები, აქ სხვა მაღალჩინოსნებიც არიან გარეულები და ამაზეც მოხდება რეაგირება. გარდა ამისა, კეზერაშვილს კიდევ ერთ ეპიზოდზე წარედგინება ბრალი, დახრილი შენობა რომ არის - „ვაკე-პლაზა", იმის მიტაცებაზე.
- შალვა, რომელ მაღალჩინოსნებს გულისხმობს პროკურატურა?
- სოდ-ის თანამშრომლები არიან... ერთი გიორგი ქემოკლიძეა, ჯერ სამმართველოს უფროსი იყო, ახალი ხელისუფლების პირობებში გადაიყვანეს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსად და დღესაც სასჯელაღსრულებაშია მაღალ თანამდებობაზე. ეს ადამიანი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. დანარჩენების შესახებ გამოძიებამ იცის და მალე იქნება რეაგირება. ეს ქემოკლიძე მე შემხვდა და მკითხა: რას გადამეკიდეო? სასამართლო პროცესზე დაიბარეს და აღიარა, - კი, ვიყავი ამ საქმეში, მაგრამ ბრძანება მქონდა ზემოდანო.
- კაცმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და ისევ თანამდებობაზე მუშაობს?
- მუშაობს, ძმაო, ფაქტია... რა, სააპელაციოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე რომ მუშაობს მაღალ თანამდებობაზე, არ არის კეზერაშვილის კაცი?
- აქ ერთი დეტალიც გვაქვს გასარკვევი, რას იხილავდა სასამართლო, თუკი პროკურატურა ახლა ამთავრებს გამოძიებას?
- ეს გამოძიება დაიწყო 2012 წელს, მერე კბილაშვილის მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი ჩაერია, რაღაცები აურდაურია. ეს არის დაკავშირებული ფოთის პორტში ერთ-ერთ ბიზნესთან. ჩვენ რომ დავინახეთ, პროკურატურა არაფერს აკეთებდა, წავედით სამოქალაქო წესით და სასამართლომ დაიწყო განხილვა. ახლა კეზერაშვილს კიდევ წაუყენებენ ბრალს დაუსწრებლად, აღმკვეთ ღონისძიებად მოითხოვენ დაპატიმრებას, შემდეგ ასევე დაუსწრებლად წავა საქმე სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, გამოიტანენ განაჩენსაც.
- იცი, ახლა სად არის კეზერაშვილი?
- როგორც ვიცი, კეზერაშვილი უკრაინაშია, კიევში. ახლა იქ სააკაშვილს დიდი მიღებები აქვს, „ნაციონალებს" აძლევს დირექტივებს. რაც შეეხება კონკრეტულად კეზერაშვილს, ის კიევში ჩაიყვანეს იმის გამო, რომ ძალიან კარგად იცის იარაღით ვაჭრობა. უკრაინაში არეული სიტუაციაა, იარაღით ფული კეთდება და სადაც იარაღია, იქ არის კეზერაშვილიც.
- რა ინფორმაცია გაქვს, ხომ არ უპირებენ რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნას?
- რატომაც არ დანიშნავენ? თავდაცვის სამინისტროში ჩასვამენ, იარაღის საქმეებს ჩააბარებენ და წავა დიდი ვაჭრობა.
- პროკურატურა ხელახლა დააყენებს ექსტრადიციის საკითხს?
- უნდა დააყენოს, ბრალს რომ წაუყენებენ, კანონი ამას ითვალისწინებს. ჩამოყვანის რა შანსი არსებობს, ამას ვერ გეტყვი.
- რატომ ვერ მეტყვი, შეიძლება ჩვენი პროკურატურა ისევ ჩაფლავდეს?
- სანამ პოლიტიკური ცვლილებები არ იქნება, იმედი არ მაქვს... ამერიკელებს და ამ ჩვენს მეგობარ ევროპელებს უნდა გავაგებინოთ, რომ ქართველი ერის ნება არის სხვა, რა შუაშია სახელმწიფო დეპარტამენტი, ბრძანებებს რომ იძლევა და დირექტივებს გვიგზავნის? თუ ეს დამოკიდებულება არ შეიცვალა, ვინმეს ჩამოყვანაზე ლაპარაკი ზედმეტია. გამოდის, აქ გამოვიძიებთ, გავმართავთ სასამართლო პროცესებს, დავასკვნით, რომ დიდი უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ შედეგი იქნება ნული, დამნაშავეს ვერ დავსჯით. არადა, თვითონ ამერიკელებს აქვთ ასეთი ფორმულა: ქვეყანა რომ დაიქცეს, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ერთ-ერთი შტატის სკოლაში თეთრკანიანები შავკანიან ბავშვს არ უშვებდნენ კლასში, მშობლებმა იჩივლეს, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და იცი, რა მოხდა? ეს ბავშვი სპეცრაზმმა შეიყვანა სკოლაში, მერხთან დასვეს და ავტომატებით თავზე დაადგნენ, აბა, ერთი გაბედეთ და თითი დააკარეთ, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდესო. სანამ ჩვენც ასე არ მოვიქცევით, ყოველთვის ვიქნებით სახელმწიფო დეპარტამენტის კოლონია. რაში მაინტერესებს, ვინ რას იტყვის და ვინ როგორ აღშფოთდება თავისი ინტერესების გამო?
- შენ თქვი, ოფშორულ ზონებში კეზერაშვილის კომპანიების ანგარიშები გაიხსნაო, გაირკვა, რამდენი აქვს გატანილი?
- ეგ გამოძიების საქმეა, მე ვერ ვილაპარაკებ, პროკურატურამ ყველაფერი იცის.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"