საიდან შემოიტანეს სალმონელოზით დაავადებული ხორცი? რომელ დაავადებულ პროდუქტს მალავენ ბიზნესოპერატორები საწყობებში?
„ალიას" ესაუბრება „ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე:
- დაახლოებით ერთი თვის წინ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ჩავატარეთ ღონისძიება, გვქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რამდენიმე ბიზნესოპერატორს სარეალიზაციოდ შემოტანილი ჰქონდა სალმონელოზით დაავადებული ხორცი. ეს გახლდათ სარეალიზაციოდ გატანილი ქათმის ფარში, რომელსაც ფონიჭალაში მივადექით და ვნახეთ, რომ იქ იყო დასაწყობებული. როგორც თვითონ ბიზნესოპერატორმა განაცხადა, სარეალიზაციოდ შემოტანილი 129 ტონიდან მას მხოლოდ 15 ტონა პროდუქტი ჰქონდა დარჩენილი, დანარჩენი 114 ტონა უკვე გაყიდული იყო. ძალიან დიდხანს უნდა ხარშვა, როგორც ვიცი, ასეთ ხორცს, რომ დაავადების რისკები შემცირდეს. აქვე გეტყვით, რომ სალმონელოზის სიმპტომებიდან უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ჩირქოვანი კერის ფორმირებას. ჩირქოვანი კერა უმეტესად საყრდენმამოძრავებელ აპარატში ყალიბდება, რის შედეგადაც ვითარდება ართრიტი, შემდგომში აორტის ანევრიზმის განვითარებით. უფრო იშვიათია, ღვიძლის აბსცესი, მაგრამ მარტო ეს ჩამონათვალიც კი მიგვახვედრებს, რომ ეს დაავადება საშიშია.
- რა ტიპის სავაჭრო ობიექტებში გაიყიდა ეს პროდუქტი?
- ეს გახლდათ რესტორნები, ასევე, ეს ხორცი წავიდა სოსისებსა და ძეხვებში, ასევე, ნახევარფაბრიკატებში, ანუ ხინკალსა და პილმენებში. ეს ხომ მომხმარებელმა აითვისა? ეს ის დაავადებაა, რომელიც, როგორც ნახეთ, მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის და მეტიც, სიცოცხლისთვის საკმაოდ მავნეა და დიდი ალბათობით ადამიანები დაავადდნენ. ვინ დაუფარავს სამკურნალო ხარჯებს იმ დაავადებულ ადამიანებს, ვინ მიხედავს მათ ოჯახებს? თქვენ გგონიათ მხოლოდ 1000 და 2000 ლარი დაუჯდებათ მათ მკურნალობა? გამოდის, რომ გარკვეულ წრეზე ვტრიალებთ და ეს არის კორუმპირებული წრე, თემას არ მინდა გადავუხვიო, მაგრამ სადაზღვევო კომპანიები და ჯანდაცვის სამინისტრო რა ფორმით მუშაობს, ჩვენ ვხედავთ. ეს რგოლი ერთგვარად კრებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებს, სამედიცინო დაწესებულებებს, რის გამოც უამრავი მილიონის გათეთრება ხდება. რადგანაც მოწამლული ადამიანი მიმართავს საავადმყოფოს, შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს სადაზღვევო პაკეტი ამოქმედდება. მოკლედ, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი.
სამწუხაროდ, შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია ამ ჩვენს მაშინდელ რეიდს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ნამდვილად დაჯარიმდა ბიზნესოპერატორი, ამოღებული იქნა ის გაფუჭებული პროდუქცია, მაგრამ ის 114 ტონა მერე არ მოუკითხავთ.
- საიდან შემოვიდა ეს პროდუქტი?
- ეს იყო თურქეთიდან იმპორტირებული ხორცი, რომელიც, ცნობისთვის, თავდაპირველად გადის შემოწმებას საზღვარზე და ამის შემდეგ ხვდება სამომხმარებლო ბაზარზე.
- კი მაგრამ, დახლამდე როგორ მიდის ეს პროდუქტი? სხვა სამსახურები ხომ ამოწმებთ მას?
- იმპორტირებული პროდუქტი საქართველოში შემოსატანად გარკვეულ პროცედურას გადის. თავდაპირველად იმპორტიორმა უნდა განაცხადოს, რომ მას შემოაქვს საქართველოში ესა თუ ის პროდუქტი, რაზეც სურსათის უვნებლობის სააგენტო ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცჯგუფი იგზავნება იმ იმპორტიორ ქვეყანაში, საიდანაც პროდუქტი შემოდის, შემდეგ ლაბორატორიულ დასკვნის საფუძველზე ხდება შემოწმება და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში ჩამოდის სოფლის მეურნეობის თანამშრომელი და აცხადებს, რომ სამინისტრო ადასტურებს, ამ ბიზნესოპერატორმა შემოიტანოს ეს პროდუქტი. პროდუქტის საქართველოში შემოტანის მომენტში აღნიშნულ პროდუქციას დამატებით ამოწმებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურა, ლაბორატორიული კვლევის სახით ამტკიცებს მის ვარგისიანობას და 5-6 დღის ვადაში ხდება აღნიშნული პროდუქტის საქართველოს უკვე სამომხმარებლო ბაზარზე გატანა.
ჩვენნაირი ორგანიზაციების მხრიდან, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მხრიდან, შესაბამისად, სხვა სამსახურების მიერ ხდება კონტროლის მექანიზმების ამოქმედდება, რაც ბიზნესოპერატორს აიძულებს, რომ კარგი და ხარისხიანი პროდუქცია გაიტანოს სამომხმარებლო ბაზარზე, მაგრამ ეტყობა, არ ხდება ასე. მიუხედავად ამდენი კონტროლისა, შიგადაშიგ ადგილი აქვს დარღვევებს, ახლა მე ცოდვას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რადგანაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამდვილად მუშაობს ამ საკითხებზე და ერთობლივ პროექტში ჩვენც ვართ ჩართულები და უნდა ვთქვა, რომ მსგავსის გამოვლენის შემთხვევაში ამას უკიდურესი მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მე ვხედავ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებულ მასალებზე ნამდვილად არის რეაგირება, მაგრამ ის, რომ 114 ტონა ხორცი, რომელიც გატანილია საკოლმეურნეო ბაზარზე, ამოღებას ექვემდებარებოდა და სასწრაფოდ და ოპერატიულად უნდა მომხდარიყო ამ პროდუქტის ამოღება იგივე მარკეტიდან, თუ სუპერმარკეტიდან და ცნობილი იყო, ვინ იყო შემძენი, სწორედ აქ არ გამოეკიდა შესაბამისი სამსახურები და სწორედ ეს გახდა იმის წყარო, რომ ამ დაავადებული პროდუქტის რეალიზება მოხდა. რამდენი ასეთი დაავადებული პროდუქტია ბაზარზე, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ეს ის შემთხვევებია, რასაც ზერელედ არ უნდა შევხედოთ, რადგან სწორედ ახლა მოდის ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეები, როცა ინფექციების აფეთქების ჯერი დგება და შეიძლება სავალალოდ დასრულდეს ადამიანთა სიცოცხლე. გარდა ამისა, უნდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს. ჩვენ გვაქვს გარკვეული სახის ინფორმაცია, კერძოდ, მივიღე შეტყობინება ერთ-ერთი ბიზნესოპერატორისგან, რომ კასპის რაიონში არის დასაწყობებული დიდი რაოდენობით მიწის თხილი და ის, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის მავნე ბიოლოგიურ შემადგენლობას შეიცავს. მასში დაშვებულ ნორმაზე მეტია მავნე ქიმიური ელემენტები, რაც ორგანიზმისთვის საზიანოა.
- თქვენ იცით ამ პროდუქტის ადგილსამყოფელი?
- ბიზნესოპერატორს, ჩემი ინფორმაციით, ეს პროდუქტი გადამალული აქვს საწყობში და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოს ოპერატიული ჯგუფი წასულია კასპში და ეს წუთია, შემატყობინეს, რომ ეს პროდუქტი ამოღებულია და შესაბამისად, ლაბორატორიაში მიმდინარეობს მისი გამოკვლევა.
- უკაცრავად, ეს მიწის თხილი საიდან არის ჩვენთან შემოტანილი?
- საქართველოში ფოთის პორტიდან არის შემოსული, ინდოეთიდან არის თუ რომელიმე სხვა სატრანზიტო ქვეყნიდან, ჩვენთვის ეს უცნობია, ამას იმედია, დააზუსტებს სურსათის უვნებლობის სამსახური და ახლო მომავალში აუცილებლად მოახსენებენ მომხმარებლებს ამის თაობაზე. მე არა ვარ ქიმიკოსი, ამიტომ ზუსტად ვერ გეუბნებით, რა სახის ტოქსიკური ელემენტებია ამ პროდუქტში. ერთადერთი, ჩვენ მოვითხოვეთ მისი ქიმიოტოქსიკური შემოწმება და სწორედ აქედან მოვიხმე ეს ტერმინი. ეტყობა, სწორედ ამიტომ იყო ეს პროდუქტი გადამალული და ინფორმაცია რომ ნამდვილია, ამას სავსებით გიდასტურებთ, რადგანაც ეს ინფორმაცია ისეთმა წყარომ მოგვაწოდა, რომ ნაღდია.
სამწუხაროდ, მსგავსი პროდუქტის საქართველოში შემოსვლა არცთუ იშვიათად ხდება, ამაზე სხვა დაინტერესებული არასამთავრობოებიც მსჯელობენ. აზრი ერთია, მსგავსი პროდუქცია შემოედინება საქართველოში, რითაც ვწამლავთ ჩვენს მოსახლეობას. ამიტომ ვამბობ, რომ განგაშის ზარია შემოსაკრავი, რომ დროულად მიეხედოს ამ საკითხებს და დროულად მოხდეს რეაგირება. გამოკითხეთ ონკოლოგები და ისინი გეტყვიან, რომ სიმსივნე უცბად არ ჩნდება, სიმსივნე სწორედ დროთა განმავლობაში ყალიბდება და ამ დაავადების პირველი მაპროვოცირებელი არის სწორედ უხარისხო საკვები. ეს კი ის საკვებია, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ამოღებულია ქსელიდან და სარეალიზაციოდ გადმოსროლილია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. არადა, დაუშვებელია, რომ საქართველო ექსპერიმენტების ქვეყნად იქცეს.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთ „ალია"