სუპერთასისთვის „დინამო არენა" 51 140 გულშემატკივარს დაიტევს. მაყურებელთა კვოტები ასე გადანაწილდა: საქართველო - 24 ათასი ბილეთი; უცხოეთი - 5 ათასი ბილეთი; უეფა - 5832 ბილეთი; კორპორაციული და ფედერაცია - 10 ათასი ბილეთი; სასაჩუქრე-1000 ბილეთი; „ბარსელონა" - 2779 ბილეთი; „სევილია" - 2779 ბილეთი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 10 000 ბილეთს იტოვებს, რაც საერთო ჯამში გასაყიდი ბილეთების 20%-ს შეადგენს.
საინფორმაცი სააგენტო „აიპრესი" დაინტერესდა, ვისზე ანაწილებს ფეხბურთის ფედერაცია იმ 10 000 ბილეთს, რომელსაც იტოვებს.
დეტალური ინფორმაციისთვის სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელს ლაშა დვალიშვილს დავუკავშირდით.
როგორც ლაშა დვალიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ის 10 ათასი ბილეთი, რომელიც გამოყოფილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, რეგიონალურ ფედერაციებზე, ფედერაციის პარტნიორ კომპანიებსა და სპონსორებზე გადანაწილდება.
დვალიშვილის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაცია უეფას მიერ მიცემული მითითებებით მოქმედებს.
„ეს ბილეთები გადანაწილდება რეგიონალურ ფედერაციებზე, ჩვენს პარტნიორ კომპანიებზე, ფედერაციების სპონსორებზე, ორგანიზაციებზე, რომლებიც მოგვმართავენ წერილობით. ბუნებრივია, ყველა ვერ დაკმაყოფილდება. დაკმაყოფილდება ალბათ ნაწილობრივ ის ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობენ ფეხბურთის ფედერაციასთან.
ასევე, სავარაუდოდ მოხდება სხვა კორპორატიულ კლიენტებზე ბილეთების გაყიდვა, წერილის საფუძველზე. არის ასეთი ვარიანტი, რომ კორპორატიულ ბილეთებზე იქნას დაშვებული რაღაც გარკვეული გაყიდვები.
უეფა ანაწილებს თავიანთი შეხედულებით. მე უეფა მაძლევს კვოტას, მაქვს 24 ათასი, ერთნაირი რაოდენობა ბილეთების მიდის ორივე კლუბზე, შესაბამისად დარჩება მოსაწვევები. კიდევ არის აქ ბილეთები, რომლებიც უნდა დაურიგდეთ ბავშვებს. ყველაფერი გადანაწილდება იმის მიხედვით, როგორი მითითებაც მოგვცა უეფამ", - განაცხადა დვალიშვილმა.
წყარო: ipress.ge