„ერთი რადარიც კი არა გვაქვს! არადა, მთაგორიან ქვეყანაში, სულ ცოტა, ორი მაინც უნდა გვქონდეს"
რა იყო ვერეს ხეობის ტრაგედიის მიზეზი და როგორი უნდა იყოს ხეობა ხვალ? „კვირის პალიტრას" გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ესაუბრა.
- ვერეს ხეობა განსაკუთრებით მეწყერსაშიში ზონაა. იმის გამო, რომ კლდეზვავური ტიპის არის, ფაქტობრივად, შეუძლებელია ჩამოწოლის დროის ზუსტი პროგნოზირება. ვერეს დიდი წყალშემკრები აუზი აქვს: გარკვეული რაოდენობის ნალექის მოსვლის შედეგად მდინარეებად ქცეული მრავალი ღელე უერთდება და ვერეც დიდდება. გასულ საუკუნეში დაფიქსირებული არაერთი წყალმოვარდნა მოწმობს, რომ ვერე ცოფიანი მდინარეა.
- ერთი საათის განმავლობაში წყლის კედელი რომ ჩამოდიოდა ციდან, ათი დღით ადრე კი ხანმოკლე წვიმის შემდეგ ვერემ დარტყმა მიაყენა სვანიძის ქუჩას, ვინმეს ხომ უნდა ეფიქრა, რომ დიდი ნალექის მოსვლის შედეგად ადიდებულ მდინარეს გვირაბები ვერ გაატარებდა?
- ექსპერტების დასკვნებით, გვირაბები რომ არ ჩახერგილიყო, მხოლოდ დიდი ნალექი ვერ გამოიწვევდა ტრაგედიას, რადგან გვირაბებს შეეძლო წამში 450 მლ კუბური მეტრი წყლის გატარება. მდგომარეობა მეწყერმა გაართულა. წყალი ისე მძლავრად მოექანებოდა, მთიდან მოწყვეტილი უზარმაზარი მასა აიტაცა და წამოიღო.
ახალაშენებული გვირაბები რომ არ ყოფილიყო, სვანიძის ქუჩა მაინც დაიტბორებოდა, რადგან 1956 წელს აშენებულ გვირაბს ყველაზე დიდი დიამეტრი აქვს, მაგრამ მაინც ჩაიხერგა. გმირთა მოედანზეც გარდაუვალი იქნებოდა საფრთხე, იქ გვირაბის ყელი ვიწროა და ჩახერგვის შემთხვევაში, იქაც დაგუბდებოდა წყალი.
მიაქციეთ ყურადღება თარიღებს: ვერე გაცოფდა გასული საუკუნის 24, 40, 60, 63, 72, 80, 99 წლებში და 2002 და 2015 წლებში. რომელიმე ხელისუფლებას რომ გაეთვალისწინებინა ვერეს დამანგრეველი შედეგები, თამარაშვილზე გვირაბს კი არა, თაღოვან ან დიდბიჯიან ხიდს დადგამდნენ და მდინარე დაუბრკოლებლად გაივლიდა.
ხეობაში გზის მშენებლობის შემდეგ ვერეს კალაპოტი შეუცვალეს. ერთ-ერთი გვირაბი, რომელიც ყველაზე მეტად დაანგრია წყალმა, შესასვლელთან კუთხეს ქმნიდა და ისე ვარდებოდა წყალი გოფრირებულ კალაპოტში. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ეს პრობლემას არ ქმნიდა, მაგრამ ვერე რომ გაცოფდა, სადაც წინააღმდეგობა ნახა, მთელი ძალით დაარტყა და გაიტანა. ჯებირი მთლიანად შეჭამა.
- როგორი უნდა იყოს ვერეს ხეობა?
- სანამ მდინარე ქალაქში შემოვა, უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური ბარიერები, რომლებიც მყარ ნატანს შეაჩერებს, რადგან ვერე უთუოდ გაიმეორებს დარტყმას. ბარიერად შეიძლება იყოს ე.წ. წყალგამტარი ჯებირები, ხერხეულიძის კონსტრუქცია, დამბა ან კაშხალი.
ხეობაში მოკლევადიანი პერსპექტივის ფარგლებში დავაყენეთ ნალექმზომი და წყალმზომი, ვზრუნავთ წყალგამტარი ბარიერების აშენებაზეც.
- სტიქიის გამომწვევი მიზეზების განხილვისას ყურადღება მახვილდება ახალ გზაზე, გვირაბებზე, მხოლოდ ეს არის შეცდომა?
- ვერეს ხეობის იმ მონაკვეთში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ძირითადი ტერიტორია მუნიციპალური საკუთრებაა. ჭალის დიდი ნაწილი კერძო მფლობელობაშია. თავის დროზე, ისიც მუნიციპალური ქონება იყო და გაყიდეს. კერძო მესაკუთრეებმა მიიღეს უგუნური გადაწყვეტილება და გააჩაღეს მშენებლობები. მიმაჩნია, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ. ვფიქრობ, ხომ არ ჯობს, რომ გმირთა მოედნის ქვეშ მდებარე გვირაბიც გავხსნათ? გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აქ ჯერ კიდევ ხიდი იყო, ვერე თავისუფლად უერთდებოდა მტკვარს. ახლა გმირთა მოედნამდე სულ თავისუფალი რომ გვქონდეს ხეობა, შესაძლოა, სწორედ 900 მეტრ სიგრძეზე მდებარე გვირაბი ჩაიხერგოს. ამიტომ შეიძლება პარალელური სადინრების გაკეთებაზე მსჯელობა.
შესაძლოა, გზა ისე გაკეთდეს, არ კვეთდეს მდინარეს და ერთ-ერთ ნაპირს მიუყვებოდეს. ასევე განიხილება რეკომენდაცია, გვირაბები მოიშალოს და მის ადგილას აიგოს ფართობიჯებიანი ხიდები.
- მანჰეტენის პროექტზე რას იტყვით?
- ჭალაში არაფერი არ უნდა აშენდეს. ეს ტერიტორია მდინარემ მოიპოვა თავისი არსებობისთვის და არ დათმობს. ამ ხეობაში რაც იყო, იმ სახლების აღდგენაც არ შეიძლება, არათუ ახლების აშენება.
- არადა, მაღალსართულიანი კორპუსი შენდება „მზიურთან".
- მისი ნაწილი წყალში მოექცა. გონივრულობაზე არ მეტყველებს, როდესაც კერძო ბიზნესი ასეთი ტიპის რისკებს ეწევა. თბილისის გარშემოც უამრავი ადგილია, სადაც ადამიანები ბრიყვულად ითვისებენ სარისკო არეალს. ამ რისკებისგან სახელმწიფომ უნდა დააზღვიოს მოქალაქეები და აუკრძალოს უგუნური ქმედება. თუ სახელმწიფოს აქვს დაშვებული შეცდომა, არ უნდა გაჯიუტდეს ისე, როგორც ეს წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. არსებითად უნდა შევცვალოთ მიდგომები, რაც შესაძლოა, დაუკავშირდეს ხარჯებს, ჯობს დღეს გავწიოთ, ვიდრე ხვალ კატასტროფის სალიკვიდაციოდ ასჯერ მეტის გადახდამ მოგვიწიოს.
იცით, 24 საათის განმავლობაში რა პირობებში მუშაობენ ჩვენი სინოპტიკოსები? საკუთარი ერთი რადარიც კი არა გვაქვს! არადა, მთაგორიან ქვეყანაში, სულ ცოტა, ორი მაინც უნდა გვქონდეს, დასავლეთსა და აღმოსავლეთში რომ ზუსტი მონაცემები მივიღოთ. არც სატელიტი გვაქვს, არც ზონდები. დაკვირვების 400-ზე მეტი სადგური გვქონდა, აღარაფერია მათგან. წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული სტრატეგიით, იგნორირებული იყო გარემოს დაცვის სამინისტრო. ფუნქციებიც კი წაართვეს, მონიტორინგის ფუნქციები ენერგეტიკის სამინისტროს გადასცეს...
- უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი?
- როდესაც ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოვიდა, სამინისტრომ 111 შენიშვნით დააბრუნა უკან. ჯერ არ მოსულა შესწორებული ვარიანტი. ამიტომაც ვერ გეტყვით წინასწარ, რას ვიზამთ.
- გიგანტური ჰესები უნდა აშენდეს?
- ცხადია, ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ როგორ? ისე უნდა ჩავერიოთ ბუნებაში, რომ ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს უკან. ამჟამად ახალ კანონზე ვმუშაობთ, ეს არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნა, შემოვიღოთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სტანდარტები...
- ტყეები კიდევ გაჩანაგდება?
- ტყეების სამრეწველო მოპოვება ძალიან უნდა შემცირდეს. სამწუხაროდ, ბრაკონიერობაც სენივით არის. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში წავაწყდით ინფორმაციას, როგორ ყიდის ვიღაც თევზს, შამაიას. ინფორმაცია ზედამხედველობის დეპარტამენტს გადავუგზავნე. ვიმედოვნებ, ავტორს მიაგნებენ, მაგრამ თუ ხალხის ცნობიერება არ შეიცვალა, არც ტყე იქნება და არც თევზი. მე შემიძლია გითხრათ, რომ შევცვლი ამ დამოკიდებულებას. ჩემთვის საკითხი ასე დგას: შევცვლი ან ჩემს მინისტრობას აზრი არ ექნება... ჩვენ ვიცით, რა უნდა მოვითხოვოთ და თუ პარლამენტი, ხელისუფლება და საზოგადოება გვეტყვიან არას, გამოდის, მათ არ სჭირდებათ ასეთი სახელმწიფო და ასეთი სამინისტრო. გაგვიგებთ? ძალიან კარგი. ვერ გაგვიგებთ? თქვენს თავს დააბრალეთ.
- ნარჩენების შესახებ კოდექსი მუაშაობს?
- ცუდად... კოდექსი კარგი ინსტრუმენტია მაშინ, როდესაც მხოლოდ დასაჯარიმებელ საშუალებად არ გამოიყენება, მას უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ხასიათიც - რომ დაისჯები, აღარ უნდა მოგინდეს იმავეს გაკეთება...
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საშინლად დანაგვიანებულია გარემო. ერთგან ვთხოვე, დაესუფთავებინათ, წამიყრუეს. მეორედ დავემუქრე, თუ არ დაასუფთავებდნენ, ფოტოს გადავიღებდი და სოციალურ ქსელში ავტვირთავდი. ამან გაჭრა.
- თბილისი დანაგვიანებულია, მწვანე ზონებში ხეები მასობრივად ხმება. გარემოს დაცვის სამინისტრო არ ინაწილებს დედაქალაქზე პასუხისმგებლობას?
- ცოტა ხნის წინ დავბრუნდი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტიდან, სადაც გარემოს დაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. გამიჩნდა იდეა, რომ მოეწყოს აღმოსავლეთის პარტნიორობაში შემავალი ქვეყნების ერთობლივი პარკი ან ცალ-ცალკე ბაღები და ხეივნები თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ნარმანიას შევთავაზე იდეა და, ტერიტორიას გამოვყოფო. ეს არის ერთი პატარა პროექტი, სხვა გეგმებიც გვაქვს და გულხელდაკრეფილ ჯდომას არ ვაპირებთ.
წყარო: kvirispalitra.ge, ეკა ლომიძე