„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი „რეპორტიორს" ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ-სოციალურ მოვლენებზე ესაუბრა:
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ამ კუთხით?
- დასავლეთში აგორებული ტალღა, ჩემი აზრით, ქვეცნობიერად კოლექტიური თვითგანადგურების სინდრომს შეიცავს. აქ ლაპარაკი არაა მარტო სარწმუნოებაზე. თუნდაც ასე იყოს, გარდა ძველი წარმართული ველური სარწმუნოებებისა ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვებელია. ეს ბუნების საწინააღმდეგოა იმდენად, რამდენადაც საზოგადოების გამრავლებას ეწინააღმდეგება. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე საზოგადოება გამრავლებას შეწყვეტს.
მე მეჩვენება, რომ ჰომოსექსუალები მეტ უფლებას ითხოვენ, ვიდრე უმრავლესობას აქვს. არავინ არავის ერჩის, მაგრამ რაღაცის დაძალება, დავალდებულება არ უნდა ხდებოდეს. ეს არაა თანასწორობა, ისინი საუბრობენ პრივილეგიებზე და აქვთ გამომწვევი მოქმედებები. შემდეგ უკვირთ ხოლმე, რატომ მოდის საზოგადოების მხრიდან აგრესია.
არ ვიცი, ოდესმე, რომელიმე პარტია უნდა გამოვიდეს ალბათ და დააყენოს თავის დევიზად ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. თუ გაიმარჯვებს, გვეცოდინება, რომ გაუმარჯვია ამ საქმეს ჩვენს მშვენიერ სამშობლოში. არა მგონია, ასე მოხდეს. ეს არის უცნაური, ქვეცნობიერი, კოლექტიური ისტერიკა.
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისის სტიქიაზე საუბრისას აცხადებს, მთავრობამ იმ ექსტრემალურ და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთა. თქვენი აზრით, გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ შესაძლებლობების მაქსიმუმი?
- ჩექმებით სიარული ცნობილი პროპაგანდისტული მეთოდია. თავის დროზე გერმანიის კანცლერი შროდერი იყენებდა ამ მეთოდს. თითქმის წაგებული ჰქონდა არჩევნები და 3 დღით ადრე მოხდა წყალდიდობა, იარა 2 დღე ჩექმებით და გაიმარჯვა. 8 %-ით აგებდა და მოიგო 1 %-ით. სხვა არაფერი გაუკეთებია, ჩექმებით დადიოდა. ჩვენი მთავრობაც ასე მოიქცა. საზოგადოებაში სოლიდარობა ძალიან მაღალი იყო. მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დადასტურდა ამ დღეებში, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ შინაგანად მაღალი კულტურის საზოგადოება ვართ. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში დაუდგნენ თავის ქვეყანას, ქალაქს და საზოგადოებას. თუმცა, საინტერესოა, მაინცდამაინც წყალდიდობა და უბედურება უნდა მოხდეს, რომ სოლიდარობა გამოვიჩინოთ? კარგს ვიზამთ, თუ ვეცდებით, რომ სულ ასე ვიცხოვროთ.
უკეთესად შეეძლო მთავრობას მოქმედება. ჯობდა, ცრუ განგაში აეტეხათ, ვიდრე ეს შედეგი მიგვეღო. ვერავინ დააბრალებს, რომ სტიქია მოხდა, მაგრამ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. შეიძლებოდა, გადაეკეტათ გზები და გამოცხადებულიყო ევაკუაცია. ყოფილმა ხელისუფლებამაც არ გაითვალისწინა ბევრი რამ. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონიათ, რომ მარსიდან გადმოსხდნენ და მხოლოდ მათ იციან ყველაფერი. მათ ბევრი რამ არ გაითვალისწინეს. მახსოვს, ძალიან ბევრი ეკოლოგი და გეოლოგი საუბრობდა, რომ ასეთი სტიქიის საშიშროება არსებობდა.
თუმცა, ამჟამად ახალ ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევა მართებს, რომ ერთი წლის შემდეგ არჩევნებში წინა შედეგს თუ ვერ გაიმეორებენ, რაღაც მისაღები შედეგი მაინც მიიღონ. ამ ეტაპზე, ყველა მიმართულებით პრობლემა მეტია, ვიდრე მიღწევა.
- ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. როგორ ფიქრობთ, რა ფორმატით უნდა გაგრძელდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და რამდენად ემხრობით მთავრობის მიერ არჩეულ გზას?
- ზოგი ითხოვს აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას. ბატონმა აბაშიძემ ყველაფერი მაღალი ხარისხით შეასრულა, როგორც მოსალოდნელი იყო. მაგრამ, იმ ფორმატში დიდი არაფერი იგულისხმება. მხოლოდ ეს ფორმატი აღარ გვყოფნის. ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გამოვიყენოთ. ამ ეტაპზე ადგილს ვტკეპნით. მსოფლიო კი ჩვენს თვალწინ იცვლება.
- „ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა. რამდენად შეიცავს საფრთხეს აღნიშნული ვითარება საქართველოსთვის?
- „ისლამურმა სახელმწიფომ" ლამის ჩვენც მოგვაქცია თავისი სახალიფოს შემადგენლობაში და მეშვიდე საუკუნეში აპირებს დაბრუნებას. ცნობისთვის, არაფერი საერთო მათ მუჰამედთან და ალაჰთან არ აქვთ. მეშვიდე საუკუნეში ჩვენთან არაბი სარდალი რომ მოვიდა, შეთანხმებაში გვეწერა, რომ ჩვენს ეკლესიას არაფერს დაუშავებდნენ, მმართველიც დაგვიტოვეს. აბო თბილელი იმიტომ აწამეს, რომ ჩვენკენ გადმოვიდა. დღეს კი, „ისლამური ხალიფატი" არის ველური მოძრაობა. ჩვენ რატომღაც ზერელედ ვუყურებთ ამას და ვერ ვიგებ - რატომ.
ჩვენ უნიკალური ერი ვართ, მონათესავე ხალხიც კი არ გვყავს. მსოფლიოსთვის აქვს მნიშვნელობა ჩვენს არსებობას. ჩვენ ვერ დავიჯერეთ ეს ვერაფრით და ვერ გავაცნობიერეთ, რამდენად მნიშველოვანი კულტურა და ცივილიზაცია გვაქვს და როგორი მოფრთხილება სჭირდება ამას. რაც გინდა მილირად-ნახევარი იყოს ჩინეთი და ინდოეთი და ჩვენ ვიყოთ 3 მილიონი, ეს ტოლფასი კულტურებია თავისი თავადობის თვალსაზრისით. ჩვენ თუ არ მოვუფრთხილდებით ამ ყველაფერს, არც ამერიკელები, არც რუსები და არც არავინ თავს არ მოიკლავს ჩვენს გამო.
- რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ ამ მიმართულებით?
- ჩვენი ახალგაზრდობა რატომ უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში? რა სჭირდებათ მათ ბოლოს და ბოლოს? სწავლის საშუალება, გართობა, სპორტული აქტივობა და დასაქმების შესაძლებლობა. რატომ გახდა შეუძლებელი, რომ განათლების მიღება ახალგაზრდებისთვის უფასო იყოს? რა პრობლემაა, მეტ-ნაკლებად რომ მოგვარდეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზების პრობლემა? შესაძლებელია შემუშავდეს ახალგაზრდების დასაქმების პროგრამაც. ხომ შეიძლება ამაზეც იფიქროს ვინმემ? მარტო განცხადებები, შეხვედრები და დეკლარაციები ამ საქმეს არ შველის.
ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ არ ვცხოვრობთ პანიკის რეჟიმში, როგორც ვცხოვრობდით „ნაციონალების" დროს. მაშინ ყველაფერზე წივილ-კივილი იყო ხოლმე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნახევრად ძილ-ღვიძილის რეჟიმში ვიყოთ. უმოქმედობა ახლა დაშავების ტოლფასია.