reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგის არქონა დანაშაულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:40
ინტერვიუ
ნანა კაკაბაძე: რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგის არქონა დანაშაულია
ავტორი:
06 ივლისი, 2015. 12:59


უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დემოკრატიის მაჩვენებელი არაა და ამ კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებს სერიოზული პრობლემა აქვს. რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე და სხვა პოლიტიკურად და სოციალურად აქტუალურ თემებზე „რეპორტიორს" „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ესაუბრა:


- ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ძალიან დიდი შეცდომაა და არ შეიძლება აღვიქვათ როგორც ადამიანის უფლებების დაცვა. ერთსქესიანთა ქორწინებას არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანის უფლებებთან. უფრო მეტიც, ის არღვევს დანარჩენი ადამიანების უფლებებს, იმ ბავშვების უფლებებს, რომლებიც შესაძლოა, მათ ოჯახებში აღმოჩნდნენ. ეს მიდგომა, რომელიც ამერიკას გაუჩნდა, არასწორია.


რომ შევადაროთ 80-იანი წლების ამერიკა დღევანდელ ამერიკას, მაშინ პრეზიდენტი რეიგანი ამბობდა, რომ ლგბტ წყვილები მათთვის მიუღებელი იყო. რეიგანმა სპეციალური კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც ჰომოსექსუალებს ჯარში მსახურებისა და საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება არ ჰქონდათ. აშშ-ის მაშინდელი მიდგომა იყო ასეთი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მაშინ ამერიკაში დემოკრატიის ხარისხი დღევანდელთან შედარებით დაბალი იყო. პირიქით, დემოკრატიის ხარისხი ამერიკაში ახლა გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იმ პერიოდში იყო.


თუნდაც, გუანტანამოს ციხე რომ ავიღოთ, ეს ამერიკისთვის სამარცხვინო ლაქაა და არავინ იცის, ეს ციხე დაიხურა თუ დღესაც ფუნქციონირებს. ამერიკა არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 21-ე საუკუნეში კიდევ არსებობს სიკვდილით დასჯა და ეს ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევაა. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პირდაპირ აცხადებს, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა უნდა აღიკვეთოს. ამერიკა პირველ ადგილზეა კრიმინალის დონით მსოფლიოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ასეთი კანონმდებლობა უნდა ჰქონდეს. ნებისმიერი საერთაშორისო კვლევებით არის დადასტურებული, რომ სიკვდილით დასჯა დანაშაულს არ ამცირებს. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, როდესაც სუპერსახელმწიფოს პრეტენზია გაქვს ადამიანის უფლებებზე, ღირებულებებზე, სხვა ქვეყნებს უდგენ, თუ რა უნდა გააკეთონ დემოკრატიის თვალსაზრისით და ამ დროს შენ თავად გაქვს პრობლემები ამ მიმართულებით. ძალიან სამარცხვინო ლაქად არის ქცეული, რომ აშშ ახორციელებს მოსმენასა და თვალთვალს. დღეს ამერიკას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ერთსქესიანთა ქორწინება არ არის დემოკრატიის მაჩვენებელი.


- რამდენად ხედავთ საქართველოში აღნიშნული საკითხის გააქტიურების წინაპირობას?


- დღეს საუბრობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა არ დადგება, მაგრამ ვინაიდან ეს თემა დისკუსიის საგანი გახდა, უკვე პრობლემაა. 80-იან წლებში არც ამერიკაში ფიქრობდა ვინმე, რომ ასეთი საკითხი ოდესმე დღის წესრიგში დადგებოდა. მთავარია, რომ ხელისუფლებამ გაატაროს სწორი, საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა და არ აჰყვეს არანაირ მოდას.

 

- ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და მეტი კონკრეტიკისთვის ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. რამდენად იზიარებთ ამ ინიციატივას?


- კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, მაგრამ ჩაწერის გარეშეც ამის დაშვება წარმოუდგენელია. საზოგადოება იყოფა ორ ჯგუფად, მორწმუნეებად და ათეისტებად. თუ რელიგიური კუთხით მივუდგებით ამ საკითხს, ვერ ვნახავთ ვერცერთ რელიგიას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა განეკუთვნება და რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას ეთანხმება. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, თავისი რწმენიდან გამომდინარე, ამ საკითხს არ იზიარებს. ათეისტური საზოგადოების დროსაც კი, საბჭოთა კავშირში ეს ყველაფერი დასჯადი იყო. ხელისუფლება სწორედ ამ ინტერესებიდან უნდა გამოვიდეს. ხვალ შეიძლება დადგეს ეს საკითხი. მაგრამ, თუკი რომელიმე კონკრეტულ ადამიანს ეს უნდა, არ ნიშნავს, რომ უნდა დაკანონდეს. ხვალ შეიძლება ვიღაცამ ძაღლთან ურთიერთობა მოინდომოს, რა ვქნათ დავაკანონოთ ასეთი ქორწინებაც?! საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ზნეობრივი კატეგორიები, რომლებიც ურყევი იქნება და ხელისუფლება მას არ შეეხება.


- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, „მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც იმ ექსტრემალურ და ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლებოდა. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ საერთოდ, ნებისმიერ მთავრობას ამ სტიქიის პრევენცია შეეძლო?". თქვენ რა მოსაზრება გაქვთ აღნიშნულზე, გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ შესაძლებლობების მაქსიმუმი?


- ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ამ სტიქიის დროს ხალხთან და საზოგადოებასთან იყო, ცალსახაა. ხელისუფლებას სურვილი ჰქონდა, რომ რაც შეიძლება მეტი გაეკეთებინა იმ საათებში და იმ დღეებში, როდესაც სტიქია მიმდინარეობდა ქვეყანაში, ესეც ჩანდა. მაგრამ, არასწორია თქვა, რომ სხვა ხელისუფლება ამაზე მეტს ვერ გააკეთებდა. რა თქმა უნდა, ალბათ შეიძლებოდა გაცილებით მეტის გაკეთება, ხელისუფლება რომ ყოფილიყო უფრო აქტიური და ამ საკითხებზე 13 ივნისამდე ეფიქრა.


სხვა საკითხია, რამ შეუწყო ხელი, რომ სტიქიას ასეთი კატასტროფული შედეგები ჰქონოდა. მაგრამ ის, რომ ხელისუფლებას გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა, ცალსახაა.

 

- ირაკლი ღარიბაშვილი ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. როგორ ფიქრობთ, რა ფორმატით უნდა გაგრძელდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და რამდენად ემხრობით მთავრობის მიერ არჩეულ გზას?


- რუსეთთან დღეს საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ურთიერთობა არ აქვს. ის, რომ სადღაც ბოთლით ღვინო ან რაიმე სხვა პროდუქტი იყიდება, არანაირ ურთიერთობას არ გულისხმობს და არაფერს ნიშნავს. პრობლემაა, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % სხვა ქვეყანას აქვს დაპყრობილი და შენ ასეთი პოლიტიკით აგრძელებ მასთან ურთიერთობას. ეს ყველაფერი რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას ხელს უწყობს. დრო მხოლოდ ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. ეს ტერიტორიები დაცლილია ქართველი მოსახლეობისგან. დევნილები, რომლებიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თანდათან ეგუებიან სიტუაციას და იბადება ახალი თაობა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ჩვენი ქვეყნის დაკარგულ ტერიტორიებთან. დღეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგის არქონა დანაშაულია.


- თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა. ამ საკითხზე საზოგადოების მხრიდან მრავალი მოსაზრება გაჟღერდა. თქვენთვის რამდენად მისაღებია აღნიშნული და ხომ არ გქონდათ ალტერნატიული ვერსია?


- თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყველაზე მეტად ვახგანგ გორგასლის სახელი მიესადაგება, რადგან თბილისი გაიგივებულია მის სახელთან. შოთა რუსთაველი ზოგადად მთელ საქართველოსთან არის გაიგივებული. როდესაც ჩამოდის უცხოელი ტურისტი, მისთვის გასაგები იქნებოდ, რატომ ჰქვია ამ აეროპორტს ვახგანგ გორგასლის სახელი. აქედან გამომდინარე, უფრო შესაფერისი იქნებოდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016