reportiori.ge - შალვა ოგბაიძე: სტიქიით დაზიანებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურება სალაპარაკო არ უნდა იყოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:44
ინტერვიუ
შალვა ოგბაიძე: სტიქიით დაზიანებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურება სალაპარაკო არ უნდა იყოს
ავტორი:
06 ივლისი, 2015. 13:46


საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ სტიქიით დაზიანებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურება სალაპარაკო არ უნდა გახდეს. ვინ და რა ფორმით უნდა აანაზღაუროს ზარალი, ამის შესახებ ოგბაიძე „რეპორტიორს" ესაუბრა.


შალვა ოგბაიძე ყურადღებას ამახვილებს „თბილისის მიკროავტობუსთან" დაკავშირებულ პრობლემებზეც და აცხადებს, რომ დღეს არსებული ვითარება იმ ხელშეკრულების შედეგია, რომელიც წინა ხელისუფლებამ კომპანიასთან გააფორმა.


საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე:


- სტიქიური უბედურების შემდეგ გარკვეული სამუშაოები, რომელიც დაკავშირებულია ზარალის ანაზღაურებასთან, სრულდება პრიორიტეტების მიხედვით. პირველ რიგში, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ამის შემდეგ მოდის უძრავი და მოძრავი ქონება. დაზღვეულ და დაუზღვეველ ავტომობილებს შორის ამ შემთხვევაში ფორმალური განსხვავებაა. ასე თუ მივუდგებით, არც უძრავი ქონება ყოფილა მაშინ დაზღვეული. მითუმეტეს, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაიღეს გარკვეული შემოწირულობა. საუბარია სამოქალაქო სოლიდარობაზე და ეს არაა დიდ თანხებთან დაკავშირებული.


დაზარალებულებს აქვთ უფლება, იჩივლონ და მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება. მათ შეუძლიათ, იჩივლონ, რომ არ გააფრთხილეს და არ გადაკეტეს გზა. ასე თუ მივუდგებით, გამოდის რომ ბერიას პერიოდიდან დღემდე, რაც კი შეცდომები დაშვებულა ამ მიმართულებით, ყველა უნდა დავსაჯოთ. ეს წიაღსვლა ისეთ თემებში ჩაითრევს ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უბრალოდ არ ღირს. სალაპარაკოდაც არ ღირს სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ავტომობილების თანხის კომპენსირება. უმჯობესია, უწყებათაშორისი კომისია არ გაექცეს ამ საკითხს და ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ეს პრობლემა დადებითად გადაწყვიტოს. ისედაც ბევრი მორალური ტრავმა მიიღო ამ ხალხმა, ამას არაფერი უშველის, მაგრამ მატერიალური მხარე სალაპარაკო ნამდვილად არ არის.


სადაზღვევო კომპანიებზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. მათ ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე აანაზღაურეს ზარალი. ძალიან კარგად მოიქცნენ ბანკებიც, რომ სამომხმარებლო სესხები გაუნულეს დაზარალებულებს. ამ კონტექსტში, ჩემი სურვილია, რომ ამ ადამიანებს ეს ზარალიც აუნაზღაურდეთ.


- თბილისის მოსახლეობის უკმაყოფილება „თბილისის მიკროავტობუსის" მიმართ ყოველდღიურად იზრდება. მიკროავტობუსების კონდიცირება და ტრანსპორტის გადატვირთულობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, რომელიც დღემდე არ მოგვარებულა. იქნებ განგვიმარტოთ, რამ გამოიწვია ის პრობლემები, რაც დღეს ამ მიმართულებით არსებობს და რატომ ვერ ხერხდება სიტუაციის დარეგულირება?


- მნიშვნელოვანია, კითხვა დავსვათ, თუ რატომ არის სალაპარაკო კონდიცირების თემა და რატომ არის მიკროავტობუსების გადატვირთვის პრობლემა. ეს ყველაფერი არის შედეგი. კონდიციონერის ჩაურთველობა და ადამიანების ფეხზე დგომა არის შედეგი. ჩვენ აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ ხელშეკრულებას, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააფორმა „თბილისის მიკროავტობუსთან". ყვითელი მიკროავტობუსების შემოსვლას თბილისის ბაზარზე, წინ უძღვოდა ყველა მიკროავტობუსის ერთბაშად გაქრობა, ბაზრის მოსუფთავება და მონოპოლიის გადაცემა ერთი კომპანიისთვის. ფორმალურად ეს არის 4 კომპანია, მაგრამ რეალურად ეს არის ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებული 4 ფირმა, საქმე გვაქვს ტიპურ მონოპოლიასთან. როდესაც ბიზნესინტერესი იკვეთება. თითოელი ჩვენგანის, თანამოქალაქის, კონსტიტუციური უფლება, რომ მან იმგზავროს უსაფრთხო და კომფორტული სატრანსპორტო საშუალებით, უკანა პლანზე გადადის. ეს არის პრობლემა.


- უფრო კონკრეტულად, რა არის პრობლემის არსი?


- პრობლემის არსი გახლავთ ის, რომ ყვითელი მიკროავტობუსები განეკუთვნება M2 კატეგორიის B კლასის ავტომობილებს, ანუ მგზავრები აღნიშნული მიკროავტობუსით უნდა გადაადგილდნენ მჯდომარე მდგომარეობაში. აქ არის დაშვებული შეცდომა. მძღოლების დღიური შესატანი იმდენად დიდია, რომ თუ მან მგზავრი ფეხზე არ დააყენა და თუ ჩართო კონდიციონერი, დღის ნორმას ვერ გადაიხდის. ასევე პრობლემაა ისიც, რომ როდესაც ავტომობილში დამატებით 15 ადამიანი ფეხზე დგას, აღმართზე კონდიციონერჩართული მიკროავტობუსი ვერ ავა. კონდიციონერი ძრავს იმდენ სიმძლავრეს ართმევს, რომ პრაქტიკულად ვეღარ ადის მანქანა აღმართზე, დამატებით ამდენი ადამიანის წონის გამო.


ამას დაერთო ერთი უდიდესი პრობლემა, მიკროავტობუსებიდან დიზელზე მომუშავე ძრავების ამოღება და ელიავას ბაზრობაზე „დაშლილებში" ნაყიდი „მერსედესის" მეორადი ძრავების ყიდვა და გაზის ბალონების ჩამონტაჟება. დღეს ასეთი 100-მდე მიკროავტობუსი დადის თბილისში.


შემიძლია ვთქვა, რომ მძღოლი, რომელიც აუტანელ სიცხეში იტანჯება ამ ავტომობილში, ისეთივე მსხვერპლია, როგორიც მგზავრი. მძღოლის უფლებებიც არ არის დაცული. ესაა ამ პრობლემის სათავე.


- პრობლემის აღმოსაფხვრელად რა გზებს უნდა მიმართოს მერიამ?


- მერია კი არ უნდა გაექცეს ამ პრობლემას, უნდა შედგეს აქტიური კომუნიკაცია. არის ვარიანტი, რომ დაითვალოს, თუ რა თანხა ამოიღო ამ კომპანიამ, რა დარჩა გასასტუმრებელი და იქნებ მერიამ გამოისყიდოს ეს.


პირადად მე ძალიან კარგი კომუნიკაცია მაქვს „თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, რომელიც შეეცადა, რომ ყველა შენიშვნა მოესმინა, რაც მაქვს. ჩაინიშნა ყველაფერი და შეეცადა მოეგვარებინა. ჩვენი საუბრის შემდეგ მძღოლებს ყოველდღიური შესატანი თანხიდან 7 ლარი მოაკლეს.


რომ იტყვიან „საქმემან შენმან გამოგაჩინოსო". მე თავად გავხდები აპოლოგეტი და მაქებარი ამ ყვითელი მიკროავტობუსების, როცა სალაპარაკო აღარ იქნება ჩვენი მძღოლებისთვის არაადამიანური გადასახადები. ამის შედეგად მივიღებთ, რომ აღარ იქნებიან ფეხზემდგომი მგზავრები, კონდიციონერი ჩაირთვება და ჩვენი მგზავრობა გახდება კომფორტული და უსაფრთხო.


- თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა. ამ საკითხზე საზოგადოების მხრიდან მრავალი მოსაზრება გაჟღერდა. თქვენ რამდენად ემხრობით ამ გადაწყვეტილებას?


- ვემხრობი თუ არა ამ იდეას, ნაკლებად მნიშვნელოვანია ახლა, რადგან ჩემი თანამოქალაქეების მიერ არჩეულმა საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. იყო ბევრი მოსაზრება, ისმოდა დავით აღმაშენებლის სახელი, ზვიად გამსახურდია, ვახტანგ გორგასალი, ილია ჭავჭავაძე. ღვთის მადლით, ქართველებს არ გვაკლია სახელოვანი წინაპრები, რომელთა სახელის წოდებაც არ გაალამაზებდა იმ აეროპორტს. არჩევანი შეჩერდა შოთა რუსთაველის სახელობაზე. ჩემთვის, როგორც რიგითი დეპუტატისთვის, ცოტა უხერხულობის შემქმნელია, როდესაც გარკვეული განცხადება მოდის „ზემოდან", ანუ ცენტრალური ხელისუფლებიდან. თბილისი თვითმმართველი ერთეულია. მე მაგალითად, ელექტრონული გამოკითხვის ან რაიმე მსგავს ფორმას მოვძებნიდი, რომ ეს არ ყოფილიყო ზემოდან მოწოდებული იდეა და ყოფილიყო ჩვენი თანამოქალაქეების მსჯელობის საგანი. ეს უფრო გაალმაზებდა ამ სახელის მინიჭების პროცედურას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016