ურთიერთობა, აუდიტორიიდან, ლექტორისა და სტუდენტის სტატუსით დაიწყეს. თიკას არ გამოჰპარვია, რომ დათო გულგრილი არ იყო მის მიმართ. თუმცა, უხერხულობის მომენტი მაინც არსებობდა. ამიტომაც მათი ურთიერთობა ინტენსიური მას მერე გახდა, რაც დავით ნარმანია, თიკა თინიკაშვილის ლექტორი აღარ იყო. ყველაფერი ტრადიციულად, ოჯახის გაცნობით, ხელის თხოვნით მოხდა.
წყვილს 6 წლის კოკო, წლის და ათი თვის დენისი და პატრიარქის ნათლული, ხუთი თვის ელენიკო ჰყავთ.
როგორია ოჯახურ თანაცხოვრებაში ქალაქის მერი, რა მოთხოვნები აქვს, რა ხასიათი, თვისებები, ჩემი რესპონდენტი, მერის მეუღლე გიამბობთ.
თინა თინიკაშვილს მერიაში შევხვდით.
- მე და დათომ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. დათო ჩემი ლექტორი იყო. მენეჯმენტს გვიკითხავდა. ჩვენი ურთიერთობა ლექტორისა და სტუდენტის სტატუსით დაიწყო. მეორედ, შემდეგ წელს შემოვიდა ჩვენს ჯგუფში. მაშინ შევამჩნიე, რომ გულგრილი არ იყო ჩემ მიმართ.
- ალბათ, გარკვეული რიდიც იქნებოდა სტუდენტსა და ლექტორს შორის...
- რა თქმა უნდა, რიდის მომენტი იყო. ამიტომაც, სანამ ამ სტატუსის ქვეშ ვიყავით, თავს ვიკავებდით შეხვედრებისგან, ურთიერთობისგან. ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური მას მერე გახდა, რაც დათო ჩემი ლექტორი აღარ იყო.
- როგორ გამოგიტყდათ სიყვარულში?
- ყველაფერს ნუ მათქმევინებთ (იცინის).
- ასეთი ლამაზი გოგონას გულის მოგება იოლი არ უნდა ყოფილიყო...
- როგორ გითხრათ, სხვებისთვის შეიძლება ძნელი იყო, მაგრამ დათოს არ გასჭირვებია. თუ მამაკაცს ის თვისებები აქვს, რომელიც მე მომწონს, ჩემი გულის მოგება რთული არ არის.
- რა იყო მთავარი, რამაც ყველაზე მეტად მოგხიბლათ მასში?
- მოწესრიგებული, კეთილი, გულწრფელი და უშუალო იყო ურთიერთობაში.
- გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს ფიქრობდით?
- მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს და ძალიან კარგად ვიცნობდი, ხელი რომ მთხოვა, მაინც ვფიქრობდი, სწორ ნაბიჯს ვდგამდი თუ არა, იყო თუ არა დათო ის ადამიანი, რომელიც მე მჭირდებოდა და ვიყავი თუ არა მეც ის ადამიანი, რომელიც დათოს გამოადგებოდა ცხოვრებაში. ურთიერთობა ორმხრივია. შეიძლება ჩემთვის ძალიან კარგი ყოფილიყო დათო და მე არ გამოვდგომოდი მას ცხოვრებაში, ან პირიქით.
- ოჯახის წევრებს როდის გაუმხილეთ თქვენი გრძნობების შესახებ?
- დედამ უფრო ადრე შეიტყო ამის შესახებ, მამამ უფრო გვიან, როგორც ხდება ხოლმე.
- მოგიწონეს არჩევანი?
- რა თქმა უნდა, დათოსთან პრეტენზიები ნამდვილად არ ჰქონიათ.
- როგორ გააცნო თქვენს მშობლებს თავი?
- ტრადიციულად. ვთხოვე, ოჯახში მოსულიყო. ასეც მოიქცა, პატარა სუფრა გავშალეთ და მოვიპატიჟეთ. ეს იყო 2008 წლის იანვარში.
- ოჯახური თანაცხოვრება ზოგჯერ პრობლემებს აჩენს, ხშირად შეყვარებულობის პერიოდს არ ჰგავს შემდგომი ურთიერთობა. თანაცხოვრების რომელიმე ეტაპზე თუ გქონდათ იმედგაცრუება?
- არა. ხშირად ვფიქრობ ამაზე, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება ის იყო, რომ სწორედ დათოს დავუკავშირე ჩემი ცხოვრება. ჩვენი ახლობლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ შესაფერისი წყვილი ვართ.
- რა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ მის ხასიათში?
- პატიება შეუძლია, თავმდაბალია.
- და რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ?
- ზედმეტად ჰუმანურია, იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა.
- მერისთვის თუ ზოგადად?
- მერისთვისაც და ზოგადადაც.
- როგორი მეუღლეა?
- ვიდრე საჯარო სამსახურში დაიწყებდა მუშაობას, ძალიან კარგი ქმარი იყო. ახლაც კარგი ქმარია, უბრალოდ, ერთი დიდი ნაკლი აქვს, დრო არ რჩება ოჯახისთვის.
- თქვენ ხშირად სტუმრობთ სამსახურში ქმარს?
- სამწუხაროდ, ვერც მე ვახერხებ ხშირად აქ მოსვლას. ჩემი საქმე მაქვს, სამი შვილი გვყავს. ვცდილობ, თვეში ერთხელ, ორჯერ მაინც შემოვიარო, რომ ერთმანეთი არ დაგვავიწყდეს (იცინის).
- ახლახან დიდი განხილვა მოჰყვა თქვენს ჩაცმულობას, 26 მაისის სახალხო სეირნობაზე. როგორ რეაგირებთ, როცა სოციალურ ქსელში, ფორუმებზე თქვენზე, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკულ კომენტარებს კითხულობთ?
- არის რაღაცები, რასაც მივეჩვიე, მაგრამ ზოგჯერ მეც მტკივა გული. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ემოციებით, გულისტკივილით, სიხარულით. მწყინს, როცა დაუმსახურებლად მკიცხავენ. მაშინდელი ინტერნეტშემოტევა, როგორც შემდეგ გავაანალიზე, ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული, სამოსი არაფერ შუაში იყო. მერე, როდესაც გაირკვა, რომ სამოსი დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს ეკუთვნოდა, მისი მისამართით აღარ გაგრძელებულა აგრესია, როგორც ბუნებრივად უნდა მომხდარიყო, თუ საქმე მართლაც ტანსაცმელში იყო. საქმე ჩემში იყო.
- როგორ გგონიათ, აღიზიანებს საზოგადოების ნაწილს მერის მეუღლე?
- საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მაშინ ინტერნეტ სივრცეში „თავს დამესხა", დღეს მთავრობაში მყოფი ადამიანებითაა უკმაყოფილო. ამ კრიტიკის ავტორები, როგორც გაირკვა, ოპოზიციურიი პარტიის წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები არიან. შესაბამისად, არც გამკვირვებია. მათგან არც არის საწყენი, როგორც შეუძლიათ ისე გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას. სხვა საკითხია, რამდენად სწორია ასეთი მიდგომა.
- თავად კმაყოფილი იყავით დიზაინერის სამოსით?
- კმაყოფილი ვიყავი... მე და დათოს ხშირად გვიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა, ევროპაში. იქ იმდენად ჩვეულებრივი ამბავია პოლიტიკოსისთვის, მისი მეუღლისთვის, განსხვავებული, ღია ფერის სამოსის ჩაცმა, მართლა არ ველოდი ასეთ აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა ჩემი ჩაცმულობა. გადახედეთ ანგელა მერკელის, ჰილარი კლინტონის ფოტოებს, უმეტესად ღია და მკვეთრი ფერის პიჯაკები აცვიათ.
- როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ფერში იყო საქმე?
- რეალურ მიზეზს მართლა ვერ ვხვდები, მგონია, რომ ტანსაცმელში მართლა არ იყო საქმე, ეს მერის მეუღლის წინააღმდეგ მიმართული კამპანია იყო და ამისთვის კარგად გამოიყენეს სამოსი.
- ზოგადად, როგორი სტილის სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?
- კლასიკური სტილი მირჩევნია, განსაკუთრებით ოფიციალურ მიღებებზე. ვინაიდან ეს იყო სახალხო ზეიმი, სახალხო სეირნობა, არ მოითხოვდა მაინცდამაინც კლასიკურ სამოსს, გადავწყვიტეთ შეგვერჩია შესაფერისი სტილი, ფერი, რომელიც მოუხდებოდა გაზაფხულს და შევიტანეთ ქართული ელემენტები, რომელიც თემატურად იყო კავშირში 26 მაისთან. ეს არ იყო გლოვა, ეს იყო ზეიმი. შემდეგ მოხდა ისე, რომ რამდენიმე ადამიანის სამოსის ფერი ერთმანეთს დაემთხვა, რომელიც ნამდვილად არ იყო ერთი ფერი, უბრალოდ, ფოტოებზე ჩანდა ერთ ფერში. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა კრიტიკა. ჩემი აზრით, ის უფრო ცუდია, როცა ათიათას კაცში მხოლოდ ხუთს აცვია განსხვავებული ფერი და დანარჩენს შავი და მუქი ლურჯი, ვიდრე ის, რომ ხუთ ადამიანს გვეცვა ერთნაირი ფერი, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულ არ იყო იდენტური.
- სპორტულ სამოსში თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ?
- მომწონს ეს სტილიც, ოღონდ შესაბამის სიტუაციაში.
- ვსაუბრობდით დათოზე, როგორც მეუღლეზე, როგორი მამაა თბილისის მერი?
- საკმაოდ თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი, მაგრამ დროის დეფიციტი შვილებთან ურთიერთობაშიც უშლის ხელს. სანამ დრო ჰქონდა, უკეთ ახერხებდა შვილებთან ურთიერთობას. უფროსი ბიჭი, კოკო ახლაც დათოსაა „გამოკერებული", ვინაიდან დათომ მოასწო მასთან ურთიერთობა, ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. რაც შეეხება შუათანას და მით უმეტეს პატარას, ნაკლებად არიან განებივრებულნი მამასთან ურთიერთობით.
- ამბობენ, რომ მესამე შვილზე წონაში მოიმატეთ. როგორ ებრძვით ზედმეტ კილოგრამებს?
- ყველაზე ნაკლები გოგოზე მოვიმატე, ბიჭებზე უფრო მომატებული ვიყავი. სასურველ წონამდე 4-5 კილოგრამი დამრჩა. ჯერ სულ რაღაც ხუთი თვე გავიდა. იმედია, ამ ხუთ კილოგრამსაც მალე მოვიშორებ. ვსვამ ბევრ წყალს, მივმართე მასაჟსაც, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.
- თიკა, თქვენს შორის ასაკობრივი სხვაობა რვა წელია. ამაზეც ფიქრობდით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდით?
- ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ მდგარა დღის წესრიგში. იმდენად უშუალოა დათო, იმდენად საერთო ინტერესები გქვონდა, ერთნაირი შეხედულებები, აზროვნება, არც მიფიქრია ამაზე.
- მამაკაცებს მოსწონთ, როცა მათზე ზრუნავენ, რამდენად ერევით, თუნდაც მის ჩაცმის სტილში?
- ვერეოდი მანამ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა. ახლა მისი ტრადიციული სამოსი კლასიკური სტილია, ჩარევას ნაკლებად საჭიროებს. მხოლოდ პიჯაკის, პერანგის ან ჰალსტუხის ფერი შემიძლია ვურჩიო.
- თავად თუ ერევა თქვენი ჩაცმის სტილში?
- არასდროს. არ მეკითხება რას ვიცვამ, მაგალითად, ხვალ მიღებაზე. და ჩაცმულსაც რომ მნახულობს, არც მაშინ მეუბნება, მოსწონს თუ არა.
- მომთხოვნი თუა, პრეტენზიული. რაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია?
- არ არის რთული და მომთხოვნი. მთავარია წესრიგში იყოს სახლი, მისი გარდერობი. მის ნივთებს მის გარდა არავინ ეხება. თავადაც ისე ტოვებს თავის ნივთებს, ხელის ხლება აღარ სჭირდება. ამ მხრივ, ძალიან მოწესრიგებულია.
- გარდა უდროობისა, რა შეიცვალა მას მერე, რაც დათო საჯარო სამსახურშია?
- არაფერი.
- არც მერის ხასიათი?
- ოჯახის მიმართ ნამდვილად არ შეცვლილა. როცა ტელევიზიით ვხედავ, რომ მძიმე დღე ჰქონდა და მგონია, გაღიზიანებული, განერვიულებული მოვა, ვცდები. სახლში ყოველთვის ჩვეულებრივი მოდის, ისეთი, როგორიც სახლიდან გადის. ამის უნარი აქვს, ყველა პრობლემას გარეთ ტოვებს. ამ დროს მეც აღარ მიჩნდება სურვილი რამე ვკითხო, კონკრეტულ ამბავთან, პრობლემასთან დაკავშირებით.
- ალბათ, 13 ივნისის ღამე მძიმე იყო თქვენთვის. არც მაშინ ჰკითხეთ არაფერი ქმარს?
- ის ღამე, რა თქმა უნდა, ორივემ გავათენეთ. ის სამაშველო სამსახურებს ეხმარებოდა, მე ბავშვებთან ვიყავი და ტელეფონით ვკონტაქტობდით. დილით, 8 საათი იყო დაწყებული, რომ მოვიდა. სახეზე ეტყობოდა ყველაფერი, რაც იმ ღამეს გამოიარეს. როგორ ხარ-მეთქი, ვკითხე. ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავსო, მიპასუხა.
- რომელიმე ოჯახში სამძიმარზე თუ იყავით?
- თბილისში რამდენიმე ოჯახში ვიყავით სამძიმარზე.
- როცა ისმენთ, როგორ აკრიტიკებენ თქვენს ქმარს, ალბათ, გწყინთ...
- რა თქმა უნდა, თან რომ იცი, კრიტიკა დაუმსახურებელია... ჩემზე უკეთ ვინ იცის, როდის გადის დათო სახლიდან და როდის ბრუნდება, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, როგორი შრომისმოყვარეა, რამდენს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისელებისთვის ცხოვრება ხვალ იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის. ამას ხომ მოსახლეობა ვერ ხედავს...
- იდეების დონეზე მაინც თუ ერევით თბილისის განვითარების საკითხებში, რჩევები თუ გაქვთ მეუღლესთან ამ მხრივ?
- არა. მე არ ვარ სპეციალისტი. მირჩევნია ამ მხრივ რჩევები სპეციალისტებმა მისცენ.
- თქვენს კარიერას რაც შეეხება... ოჯახს შესწირეთ თავი?
- მთლად ბოლომდე არა (იღიმება). მაინც ვახერხებ მუშაობას. უნივერსიტეტში ლექციები მაქვს, ეკონომიკას ვკითხულობ. მომავალში მინდა სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც ვიმუშაო.
- როგორი მზარეული ხართ?
- ეს ჩემი სფეროა. მართალია დამხმარე მყავს, მაგრამ, კერძებს რაც შეეხება, ძირითადად თავად ვამზადებ.
- რომელია მერის საყვარელი კერძი?
- გამორჩეულად საყვარელი კერძი არ აქვს, არც ამ მხრივ არის პრეტენზიული, თუმცა, თუ მაინც გემოვნებაზე მიდგა საქმე, მაინც თავისი კუთხის სამზარეულო ურჩევნია.
- თავად თუ ეხერხება მზარეულობა?
- არა. თუმცა ღომის მომზადება სწორედ დათოსგან ვისწავლე. სანამ ვისწავლიდი, დათო ამზადებდა. მოკლედ, თუ გაუჭირდა, მშიერი არ დარჩება, მოახერხებს რამეს.
- სამი შვილის გაზრდა იოლი არ უნდა იყოს. ერთი ძიძა გყავთ?
- ძიძა ერთი მყავს, დედაც მეხმარება ხოლმე. ხშირად რჩება ჩვენთან, პატარებს, ორივეს, ღამით დედა უნდათ. მე ორივესთან ვერ ვიქნები, ამიტომ ერთს ბებიასთან ვაწვენ ხოლმე. ზოგჯერ დედას თავისთან მიჰყავს რომელიმე შვილიშვილი.
- დათოს თანამშრომლებს იცნობთ, ალბათ, რას ამბობენ, მკაცრი ხელმძღვანელიაო?
- ასეთი ტიპის საუბრები დათოს თანამშრომლებთან არ მაქვს... ისე კი, მგონია, რომ მკაცრი იქნება მათთვის, ვინც იმსახურებს. დაუმსახურებლად შენიშვნასაც არავის მისცემს.
- რას გამოჰყავს მდგომარეობიდან?
- ტყუილს, ცუდად შესრულებულ სამუშაოს.
- როგორია გაბრაზებული დათო?
- გაბრაზებული არ მინახავს.
- როგორ, 7 წელია ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ და გაბრაზებული ქმარი არ გინახავთ?
- მინახავს, როცა სხვას ეჩხუბება, ტელეფონით თუნდაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უსამართლოდ არავის გაუბრაზდება. ჩვენ ურთიერთობას რაც შეეხება, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მართლა არ ვკამათობთ... ბოლო პერიოდში მით უმეტეს, ერთმანეთს, ფაქტობრივად, ვერ ვნახულობთ, როდის უნდა ვიკამათოთ.
ნინო მჭედლიშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"