reportiori.ge - ხათუნა ხოფერია: სექსუალური უმცირესობების უფლებები არასდროს დარღვეულა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:29
ინტერვიუ
ხათუნა ხოფერია: სექსუალური უმცირესობების უფლებები არასდროს დარღვეულა!
06 ივლისი, 2015. 18:59


ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყნის ყველა შტატში დააკანონა. აღნიშნულს, პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ამერიკის გამარჯვება უწოდა. დღემდე ერთსექსიანთა ქორწინება აშშ-ის 37 შტატში იყო ნებადართული. „ეს ამერიკისთვის გამარჯვებაა. ის ამტკიცებს, რომ მილიონობით ამერიკელი თანასწორია და უფრო თავისუფალი გახდა!" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

 

ზემომოყვანილი თემა დიდი განხილვის საგანი გახდა საქართველოში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, საქართველო აღნიშნული მოდელის გადმოსაღებად მზად არ არის. „სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა!" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დაუშვებლად მიიჩნევენ უმცირესობის წევრებიც. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საკითხი ხალხის გადასაწყვეტია და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფორმით ჩარევა ქვეყნის შიდა სამზარეულოში არასწორი იქნება.

 

„ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა" - ეს ის არგუმენტია, რის გამოც საკითხის გააქტიურების შემთხვევაშიც კი, მის მხარდაჭერას არ აპირებენ თავისუფალი დემოკრატები.

 

საკითხი აქტიურია სამოქალაქო საზოგადოებაშიც. რას ფიქრობს აშშ-ის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ხათუნა ხოფერია, როგორ აფასებს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის გამოხმაურებას და რას ურჩევს ის საქართველოს პარლამენტს?

 

 „რეპორტიორს" საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ესაუბრა:


- მე, მართლა არავინ მეკითხება, რას დააკანონებენ აშშ-ში, იმიტომ, რომ არ არის ჩემი ქვეყანა, ჩემი სახელმწიფო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ევროპული და ამერიკული სტრუქტურების მხრიდან მოხდება ჩემი ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ იგივე კანონი მიიღონ, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მექნება რეაქცია.

 

- ელოდებით, რომ ამის მერე საქართველოზეც მოხდება ზეწოლა ამ მხრივ?


- რა თქმა უნდა, იქნება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამოდენიმე თვის წინ შეიტანა კონგრესში კანონპროეტი, რომლის თანახმადაც, ყველა ქვეყანაში უნდა ჰყავდეთ ლგბტ-ების დამცველები. პრაქტიკულად, ეს არის საელჩოს გვერდის ავლით ცალკე სტრუქტურების შექმნა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რომელიც დაიცავს ლგბტ პირების უფლებებს.


იხილება ეს კანონი და თუ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიღებს იმის უფლებას, რომ შექმნას თავისი სტრუქტურები, მათ შორის საქართველოშიც და ძალიან სერიოზული თანხები წამოვა ამ მიმართულებით.


ჩემი დამოკიდებულება ზოგადად, ასეთია - ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვარ აშშ-ის საგარეო პოლიტიკით, თუ მათ მეტი მხარდამჭერი არავინ დარჩათ სხვა ქვეყნებში, გარდა ლგბტ საზოგადოებისა, კი ბატონო, გამოგვიგზავნონ უფლებადამცველებიც. მთავარია, ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი რა პოზიციას დაიკავებს, მას მერე რაც ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში.

 

- პარლამენტის დეპუტატთა დიდმა ნაწილმა აშშ-ის ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა. რამდენად გჯერათ მათი გულწრფელობის მას მერე, რაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს?


- მე მგონია, რომ გაჩნდება მოთხოვნა, კონსტუტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი - რა არის ოჯახი. ეს გახდება ალბათ უახლოეს მომავალში საზოგადოების მსჯელობის საგანი. ეს იქნება თემა, რომელიც სერიოზულად გამიჯნავს პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთისგან.

 

- საია აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ოჯახზე ჩანაწერი ვერ გაკეთდება. „როდესაც ორ ადამიანს სურს, რომ ერთად იყოს და ამას ქორწინება ერქვას, ამასთან სახელმწიფოს არაფერი ესაქმება. რა თქმა უნდა, კერძო პირებს, ეკლესიას შეიძლება ჰქონდეთ მოსაზრება, ეს მათი არჩევანია, მაგრამ სახელმწიფო და კანონი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ყველა ადამიანის თანასწორობა მის წინაშე და სახელმწიფო პოლიტიკა თუ კანონმდებლობა არ შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც რაიმე ნიშნით, ვინმეს აფიქრებინებს, რომ ის არის მეორეხარისხოვანი ადამიანი და მოქალაქე. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციაში, რომელიც აღიარებს ადამიანთა თანასწორობას, ვერ გაკეთდება ვერანაირი ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას თანასწორობაზე და ქორწინებაზე", - თქვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.


- ხომ არ იცით, შემთხვევით, რა დაფინანსება მიიღო საია-მ ბოლო პერიოდში?! საია-ს პოზიციები იმაზეა დამოკიდებული, რა დაფინანსებებს იღებს ან როდის. ამიტომ, მე ნაკლებად მაინტერესებს, საია რას იტყვის.


 - რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს. ვლადიმირ პუტინმა ერთსქესიანთა ქორწინება სატანის თაყვანისცემას შეადარა. მან განმარტა, თუ რატომ გააჩნია ასეთი „შეურიგებელი პოზიცია იმ საზოგადოებების მიმართ, სადაც ერთსქესიანი ქორწინებებია ლეგალიზებული".

 

„ჩვენ ვხედავთ, როგორ წავიდა ზოგიერთი ევროატლანტიკური ქვეყანა თავისი ტრადიციების, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ, რაც დასავლური ცივილიზაციის საფუძველს წარმოადგენს. ევროპელები გადაშენების პირას არიან, გესმით ეს თუ არა? ერთსქესიანთა ქორწინება კი შთამომავლობას არ ტოვებს. რა, მიგრანტების ხარჯზე გინდათ გადარჩენა? მაგრამ, საზოგადოება მიგრანტების ამგვარ რაოდენობასთან ადაპტირებას ვერ მოახერხებს. ნება მოგვეცით, საკუთარი არჩევანი ისე წარვმართოთ, როგორც ჩვენ გვსურს!" - დაასკვნა რუსეთის პრეზიდენტმა.


- თუ აზრს მკითხავთ, როგორც მართლმადიდებელს და ოთხი შვილიშვილის ბებიას, ჩემი რელიგიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება ახლა ამერიკაში. ყველამ ვიცით ეკლესიის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ და მე ეს ყველაფერი კარგად მაქვს გაცნობიერებული, შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია.


ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც არ დაუმალავთ თავიანთი სექსუალური ორიენტაცია. მე ისინი ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ და არ მგონია, რომ მათ სჭირდებოდეთ დაცვა, იმიტომ რომ მათი უფლებები არასდროს ყოფილა დარღვეული და ბევრმა მათგანმა თქვა იგივე ჩემთან საუბრისას. ეს არის თითიდან გამოწოვილი პროცესი, ეს არის გარკვეული ჯგუფის მიერ ხელოვნურად და პოლიტიკურად გათვლილი ნაბიჯები და არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ თამაშში აშშ გამარჯვებული გამოვიდეს.

 

- როგორც პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რას ურჩევთ მოქმედ პარლამენტარებს, როგორი უნდა იყოს მათი რეაქცია ამ შემთხვევაში?


- მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ არის განსახილველი. აშშ-ს თავისი შიდა პოლიტიკა აქვს. ეს მათი კანონებია, მათი კონსტუტუციური უფლებაა. საქართველოს პარლამენტმა ამაზე არ უნდა იმსჯელოს მანამ, სანამ რეალური ფაქტის წინაშე არ დავდგებით. თუ იქნება გარკვეული ზეწოლები, მაშინ უნდა დაიწყონ საკომიტეტო მოსმენები, ღია დებატები. პარლამენტი, ეს არის ორგანო, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თითოეული დეპუტატი ვალდებული იქნება, ის ხმა მიიტანოს პარლამენტში, რასაც მისი ამომრჩეველი აძლევს და არა ის, რომელსაც მისი პოლიტიკური პარტია ავალებს.

 

P.S. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ კონსტიტუციაში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

 

„რაზე დგას ქართული სახელმწიფო? - ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე, ძლიერი საქართველო უნდა დაეუფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი. ამდენად მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა! დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ამ საკითხს თავისებურად წყვეტს, ჩვენ კი ვთვლით, რომ საქართველოში ეს საკითხი ასე უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016