reportiori.ge - „ეს არის კლიენტებისთვის დაგებული მახე და ამით ბანკები დიდ ფულს შოულობენ!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:01
პრეს-დაიჯესტი
„ეს არის კლიენტებისთვის დაგებული მახე და ამით ბანკები დიდ ფულს შოულობენ!“
ავტორი:
07 ივლისი, 2015. 10:49


ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ეს საბანკო თაღლითობა დაკანონებულია!


ბოლო დღეებში სოციალური ქსელის მომხმარებლები კიდევ ერთი საბანკო აფიორის შესახებ ალაპარაკდნენ. შეიძლება ითქვას, ეს აფიორა „ფეისბუკის" მომხმარებლებმა გაშიფრეს. თავდაპირველად, ერთ-ერთი ბანკის დაზარალებულმა დაპოსტა ამის შესახებ და მერე მიჰყვნენ და მიჰყვნენ ჩვენი ბანკების მიერ გაყვლეფილი და შეურაცხყოფილი კლიენტები. ყველა თავის გასაჭირს ყვებოდა, მაგრამ ყველა ბანკის სქემა წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. ყველა ბანკს კლიენტთა გაბითურების ერთი და იგივე მეთოდი აქვს.


ახლა დეტალურად მოგახსენებთ რა ხდება. ვთქვათ, თქვენ გაქვთ რომელიმე ბანკის საკრედიტო, სახელფასო ან ნებისმიერი სხვა სახის ბარათი. ცხადია, ბარათს თან ახლავს საბანკო ანგარიში, სხვაგვარად შეუძლებელია. ერთ დღესაც გადაწყვიტეთ, რომ ეს საკრედიტო ბარათი გააუქმოთ, ანგარიში გაანულოთ, რაც ლოგიკურად, გულისხმობს, რომ ბარათზე მიბმული ანგარიშის გაუქმებაც გსურთ. აბა, ერთი სიფრიფანა ბარათი სახლში დიდ ადგილს არ დაიკავებს და ხელს არ შეგიშლით, რაკიღა ბარათს აუქმებთ, ავტომატურად აუქმებთ ანგარიშსაც. ამ ბარათის გასაუქმებლად მიდიხართ ბანკში, ოპერატორს ეუბნებით, რომ მისი ანულირება გსურთ. გეტყვიან - კი, ბატონო და ბარათს გიუქმებენ. თუმცა, ამ დროს თქვენი საბანკო ანგარიში არ უქმდება, ის მოქმედია და ძალაში რჩება. ოპერატორი კი ამ დროს არ გეკითხებათ, ბარათთან ერთად საბანკო ანგარიშის გაუქმებაც გსურთ თუ არა? არც თქვენ ეკითხებით, იმიტომ, რომ დარწმუნებული ხართ, ბარათთან ერთად ანგარიშიც იხურება. არადა, ასე არ არის. ოპერატორები კი, როგორც „ფეისბუკში" ასეულობით ადამიანი ირწმუნება, მათ ხელმძღვანელებს ჰყავთ გაფრთხილებული, რომ ეს შეკითხვა არ დაგისვან, არ განგიმარტონ, რომ ბარათისა და ანგარიშის დახურვა სხვადასხვა რამეა და ორივეს შესაბამისი პროცედურები სჭირდება.


როცა ბანკში ბარათი აიღეთ, ანგარიშიც ხომ ავტომატურად გაიხსნა, თუნდაც პირიქით იყოს, ჯერ ანგარიში გაიხსნა და მერე ბარათიც ავტომატურად მოგცეს ანგარიშის მფლობელს. ახლაც ფიქრობთ, რომ ბარათის გაუქმება პლუს ანგარიშის განულება თავისთავად ერთი პროცედურაა. მოკლედ, გამოდიხართ ბანკიდან დამშვიდებული, რომ ბარათი გააუქმეთ, ანუ საბანკო ანგარიში დახურეთ, მაგრამ სულ ტყუილად. თქვენი საბანკო ანგარიში არ დახურულა, ის კვლავ მოქმედია და ბანკი ამ ანგარიშის მომსახურების თანხასაც გაწერთ. მომსახურების თანხა ყველა ბანკს სხვადასხვაგვარი აქვს, წლიურად 10-დან 20 დოლარამდე. შესაძლოა, გავიდეს 3 წელი და ამ კონკრეტულ ბანკთან არანაირი ურთიერთობა აღარ გქონდეთ. ამ 3 წლის მანძილზე არავინ არ გირეკავთ ბანკიდან, არც სხვა სახის შეტყობინება მოგდით, რომ ბანკში ანგარიში გაქვთ ამდენი ხანი გახსნილი და პატივცემულო, გავაუქმოთ თუ ისევ იყოსო? მოკლედ, შეგნებულად არ გიკავშირდებიან, რადგან ეს ანგარიში ბანკისთვის მუქთა „სოჩიკია" - პურს არ სთხოვს და წყალს, ფულს კი წერს, აი, 3 წლის შემდეგ თუ ამ ბანკში კვლავ მოგიწიათ ანგარიშის გახსნა, დავუშვათ, ახლობელმა საჩუქრად უცხოეთიდან გადმოგირიცხათ თანხა, ან კრედიტი აიღეთ. ცხადია, მიხვალთ ბანკში და გახსნით ანგარიშს, იქ არავინ გეტყვით, რომ თქვენი ის ანგარიში ჯერაც მოქმედია, 3 წლის დახურული რომ გგონიათ. ახალ ანგარიშზე თანხა დაჯდება, მიხვალთ მის გამოსატანად და ბანკში გეუბნებიან, რომ თქვენი ანგარიშის 3  წლის მომსახურება 60 დოლარს შეადგენს, ეს თანხა უნდა ჩამოგაჭრათ იმ, მეგობრის გამოგზავნილი თანხიდან თუ კრედიტიდანო. არადა, ფულს საერთოდ ვერ გაიტანთ, ერთ თეთრსაც კი, ვიდრე იმ 60 დოლარს არ გადაიხდით, ძალად შეტენილ დავალიანებას. ბიჭი ხარ და ედავე, რამე გააწყვე და იმ 60 დოლარის ჩამოუჭრელად წამოიღე შენი კუთვნილი ფული. არაფერი გამოვა! კი, გაიოცებ, ეგ ანგარიში 3 წლის წინათ დავხურეო, მაგრამ ოპერატორი განგიმარტავთ, რომ თქვენ ანგარიშის დახურვა არ მოგითხოვიათ და მარტო ბარათი გააუქმეთ. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ეს საბანკო თაღლითობა, დაკანონებულია. სადაც არ უნდა იდავოთ, ვერაფერს გააწყობთ, ანდა ახლა, ვიღას დარჩა 60 დოლარის გამო დავისა და ჯახირის თავი? თანაც, ვის უნდა ედაოთ? მილიარდერ ბანკირებს, მევახშეებს, რომლებიც ისედაც ხომ ძარცვავენ ხალხს ათასგვარი მეთოდებით, რაც მათ ეროვნულმა ბანკმა დაუკანონა და ესეც ერთი გზაა ფულის შოვნისა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მცირე თანხებზეა ლაპარაკი და ჩიტი ბდღვნად არ ღირსო, მაგრამ ღირს! აქ ლაპარაკია ასეულ ათასობით თუ არა, ათეულ ათას კლიენტზე და მათი მოტყუებით ბანკები ამ ანგარიშების მომსახურების თანხებით საკმაოდ სოლიდურ ფულს შოულობენ. ეს მუქთა ფულია ბანკებისთვის. ვიღაცისთვის 60 დოლარი, ანუ 135 ლარი არაფერია და ვიღაცისთვის - მთელი თვის თავის გასატანი თანხა.


რამდენად კანონიერად მოქმედებენ ბანკები, როდესაც კლიენტს არ განუმარტავენ, რომ ბარათის გაუქმება და ანგარიშის განულება არ ნიშნავს ანგარიშის დახურვას? როგორ უნდა მოიქცნენ დაზარალებული მოქალაქეები? შეუძლიათ თუ არა ბანკებს, ეს თანხები ძალით ამოიღონ კლიენტებისგან? „ქრონიკამ" ამ და სხვა კითხვებით საბანკო სფეროს ექსპერტს, ლია ელიავას მიმართა.


- მე მსმენია ამ საბანკო, ასე ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი საქმიანობის შესახებ. ეს საკმაოდ დიდი ხნის პრობლემაა, მაგრამ რატომღაც ახლა გააქტიურდა. საქმე ისაა, რომ როდესაც კომერციული ბანკები ადგენენ საკრედიტო ბარათებით სარგებლობის პირობებს, ისინი არ მიუთითებენ, რომ ბარათის დაბრუნების შემთხვევაში ვალდებულნი არიან, კლიენტს გაუუქმონ ამ ბარათზე გახსნილი ანგარიში. აქ მთელი პრობლემა ეროვნული ბანკის რეგულაციებშია. უფრო სწორად იმაში, რომ ეროვნული ბანკი არ უწესებს კომერციულ ბანკებს სათანადო რეგულაციებს და საკუთარ ნებაზე ჰყავს ისინი მიშვებული, მათ ინტერესებს იცავს მხოლოდ და არა - მოქალაქეებისას. ეროვნულ ბანკს აქვს სპეციალური დებულება საგადამხდელო ბარათების შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ როდესაც გაიცემა საკრედიტო ბარათი, კომერციული ბანკი ვალდებულია, ამავე ბარათზე გახსნას ანგარიში. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, მაგრამ მაინც განმარტებულია დებულებაში. სამაგიეროდ, ამავე დებულებაში არაფერი არ წერია, ბარათით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგ, რა უნდა გააკეთოს კომერციულმა ბანკმა, უნდა გააუქმოს ანგარიში თუ არა.


თუმცა, არსებობს ეროვნული ბანკის კიდევ ერთი დებულება ანგარიშის გახსნის წესის შესახებ. იქ წერია, რომ თუ ანგარიშზე 1 წლის განმავლობაში არ არის თანხის მოძრაობა, კომერციულ ბანკს შეუძლია, ეს ანგარიში დახუროს.


- ანუ ბანკის ნებაა, დახურავს თუ არა ამ უმოქმედო ანგარიშს, ვალდებული არ არის ეს გააკეთოს?


- კი, ბანკის ნებაა, ეროვნული ბანკი მას არ ავალდებულებს ამ ანგარიშის დახურვას. კიდევ ერთი ჩანაწერია იქ. თუ იმ ანგარიშის გარდა, რომელზეც თანხების მოძრაობა არ არის და პირს იმავე ბანკში კიდევ რამდენიმე ანგარიში აქვს გახსნილი, მაშინ ბანკი უფლებამოსილია, არ დახუროს ეს უმოქმედო ანგარიში.

 

- ქალბატონო ლია, როცა კლიენტი მიდის ბანკში საკრედიტო ბარათის გასაუქმებლად, აუქმებს ბარათს, ანულებს ანგარიშს, მას ბანკის ოპერატორმა ერთი მარტივი და აუცილებელი შეკითხვა უნდა დაუსვას თუ არა - მარტო ბარათის გაუქმება გსურთ თუ ანგარიშისაც?


- რასაკვირველია, ეს შეკითხვა ბანკის თანამშრომელმა უნდა დაუსვას კლიენტს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. აქაც ეროვნული ბანკია დამნაშავე, რადგან ის არ ავალდებულებს კომერციულ ბანკებს, გააფრთხილონ კლიენტი, რომ ბარათის გაუქმება არ ნიშნავს ანგარიშის დახურვას, შესაბამისად, არც იმას ეუბნებიან, რომ ეს ანგარიში თუ არ დაიხურა, მერე მისი მომსახურების თანხა კლიენტმა უნდა გადაიხადოს და ეს შესაძლოა, წლები გაგრძელდეს და სოლიდური თანხაც დაგროვდეს. შესაძლოა, კლიენტი 5 წლით მიდის უცხოეთში სამუშაოდ, აქ, სხვადასხვა ბანკში აქვს, დავუშვათ, 5-6 სხვა და სხვა სახის მომსახურების ბარათი. მიდის ბანკში, ყველა ბარათს აუქმებს, მაგრამ ანგარიშები რჩება. ამ 5-6 ანგარიშზე 5-წლიან მანძილზე არც ისე ცოტა თანხა დაგროვდება. შემდეგ, ეს პიროვნება დაბრუნდება საქართველოში, დასჭირდება ამ ბანკების მომსახურება, გახსნის ახალ ანგარიშებს და მერე შეიტყობს, რომ დავალიანება აქვს, მისი ბარათები კი გაუქმდა, მაგრამ ანგარიშები ისევ მოქმედია და თანხაც, ვალიც ერიცხება ამ ანგარიშების მომსახურებისა. ახლა მითხარით, კაცი 5 წლით რომ მიდის უცხოეთში და ყველა ბარათს აუქმებს, ეს ხომ თავისთავად ნიშნავს, რომ მას განზრახული ჰქონდა არა მხოლოდ ბარათების, ანგარიშების დახურვაც? ამ პიროვნებამ არ იცოდა, რომ ანგარიშების დახურვა ცალკე უნდა მოეთხოვა და გახდა მსხვერპლი ბანკების მხრიდან ამ მართლა არასამართლიანი ქმედებისა.

 

- კარგი, ეროვნული ბანკი არ ავალდებულებს კომერციულ ბანკებს, რომ გააფრთხილონ კლიენტები, თავად ბანკებმა რომ გააკეთონ ეს, რამე მოუვათ?


- ის მოუვათ, რომ მეტად სოლიდურ შემოსავალს დაკარგავენ. მე ვიტყოდი, ეს არის კლიენტებისთვის დაგებული მახე და ამით ბანკები დიდ ფულს შოულობენ. თქვენ რა გგონიათ, ჩვენი ბანკირები მილიონებს რომ შოულობენ, ეს მხოლოდ მსხვილი საბანკო პროექტების შედეგია? აი, ასეთი წვრილ-წვრილი რაღაცებით გროვდება ის მილიარდები.

 

- რა რჩევას მისცემთ იმ დაზარალებულ კლიენტებს, ვინც ბანკებში ბარათები გააუქმა, ანგარიშებიც გაანულა და მათი ანგარიშები კვლავ მოქმედებაშია, ამის გამო კი ბანკების მევალეებად იქცნენ?


- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის, 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს საფინანსო-სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადის ხანდაზმულობას 3 წლით ვადით, ანუ 3 წლის განმავლობაში თუ კლიენტი არ აღიარებს თავის ვალდებულებას, არ აღიარებს, რომ ის თანხა, რომელიც ანგარიშზე ერიცხება, მისი დავალიანებაა, ამის შემდეგ ბანკს აღარ აქვს უფლება, კლიენტს მოსთხოვოს ამ ცარიელი ანგარიშის მომსახურების საკომისიო.


- იმათ რა ეშველებათ, ვის ანგარიშსაც ეს ხანდაზმულობის ვადა - 3 წელი არ გასვლია?


- სამწუხაროდ, არც არაფერი, სადაც დავალიანება ერიცხებათ, თუ იმ ბანკის მომსახურებით ისარგებლეს და მათ სხვა, ახალ ანგარიშზე თანხის მოძრაობა დაუფიქსირდათ, ამ დავალიანებას ავტომატურად ჩამოაჭრიან. სამწუხაროდ, ბიზნესი და მათ შორის, საბანკო ბიზნესი მტაცებლური ბუნებისაა და ეს ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს. უნდა დაავალდებულოს ბანკები, რომ, თუ კლიენტი გააუქმებს საკრედიტო ბარათს, გაანულებს საბანკო ანგარიშს, მას, მინიმუმ, უნდა ჰკითხონ მაინც, უნდა თუ არა ამ ანგარიშის დახურვა? საერთოდ, თუ წაიკითხავთ ამ ხელშეკრულებებს ბარათების გაცემისა და მოხმარების წესების შესახებ, ეს ყველაფერი მომხმარებლის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა. ყველაფერს თავი დაანებეთ, თუ ბანკთან გაქვთ რაღაც ურთიერთობა, სესხი იქნება თუ სხვა რამ და წარმოგექმნათ სადავო პრობლემა, მაშინ სასამართლოს ვერ მიმართავთ, ყველა საბანკო ხელშეკრულებაში სწერია, რომ კლიენტსა და ბანკს შორის ყველა სადავო საკითხს არბიტრაჟი განიხილავს. ეს უკვე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა. ბანკი, კაბალური ხელშეკრულებით, გართმევთ იმის უფლებას, რომელიც ყველა მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს - სამართლის საძიებლად სასამართლოს მიმართოთ. ცხადია, აქაც ეროვნული ბანკია დამნაშავე, რომელიც ყურს არ იბერტყავს ამასთან დაკავშირებით. არადა, ეს ადამიანთა სერიოზული დისკრიმინაციაა.


- ქალბატონო ლია, რასაც ამ ამ შემთხვევაში ბანკები აკეთებენ, ეს არ არის კლიენტის მოტყუება და თაღლითობა?


- იურიდიულ შეფასებას ვერ მივცემ ბანკების ამ ქმედებას, თაღლითობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ვერ ვიმსჯელებ იურიდიული კატეგორიებით იმიტომაც, რომ ეს ეროვნულმა ბანკმა ამ შემთხვევაში, რაღაცები დაუკანონა კომერციულ ბანკებს, ან რაღაცები არ დაავალდებულა. ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან ბანკი გამოაძვრინოს, ბანკი იყოს მართალი და მომხმარებელი - მუდამ მტყუანი. ადამიანური თვალსაზრისით კი, ბანკების მხრიდან ეს არაპატიოსანი ქმედებაა, სხვა არაფერი.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016