reportiori.ge - „შატალისტ“ დეპუტატებს ხელფასიდან 1500 ლარს ჩამოაჭრიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:50
პრეს-დაიჯესტი
„შატალისტ“ დეპუტატებს ხელფასიდან 1500 ლარს ჩამოაჭრიან!
ავტორი:
07 ივლისი, 2015. 16:35


როგორ მოარჯულებენ პარლამენტის იმ წევრებს, ვისაც ხელფასი არ ანაღვლებთ?!


ბევრი იფიქრეს პარლამენტში თუ ცოტა, დაასკვნეს, რომ, თუ „შატალისტ" დეპუტატებს ხელფასები არ დააკლეს, ისე სხდომებზე სიარულის სტიმულს ვერ დაუბრუნებენ. თუმცა, მაინც გაიჭედნენ, გამცდენებში ისეთებიც არიან ბლომად, დეპუტატის ხელფასი რომ არც კი ანაღვლებთ... მოკლედ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. სამშაბათს, სხდომაზე საბოლოოდ გაირკვევა, როდიდან ამოქმედდება ახალი რეგულაციები ურჩი დეპუტატებისთვის.


რამდენს დააკლებენ თითო გაცდენისთვის, რა ჩაეთვლებათ დეპუტატებს საპატიო გაცდენად, ვინ ინარჩუნებენ ყველაზე გამცდენი დეპუტატების „პოსტს" და რას მოხმარდება მათი ხელფასებიდან ჩამოჭრილი თანხა?


„კვირის ქრონიკას" საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ესაუბრა:


- პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა და სამსახურებრივი მივლინება. ამ მიზეზების შესახებ, სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს კომიტეტის თავმჯდომარე (ან თავმჯდომარის მოადგილე) - კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში და ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე) - პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში.


- ფინანსური სანქციები რა შემთხვევაში და რა სახით ამოქმედდება?


- თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.


- ეს პროცედურულად როგორ მოხდება?


- პარლამენტის წევრის პლენარულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი გაფორმდება საოქმო ჩანაწერით. მომდევნო თვის 10 რიცხვამდე პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური საოქმო ჩანაწერების საფუძველზე შეადგენს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სია უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცხადდება სხდომის თავმჯდომარის მიერ.


- რიგითი დეპუტატის ხელფასი რამდენ ლარს შეადგენს?


- იმ დეპუტატის ხელფასი, რომელსაც თანამდებობა არ აქვს, დაახლოებით 3 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს, ამათ 3 ათას ლარზე მეტი აქვთ.


_ იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატმა, ბევრჯერ გააცდინა და ამოწურა ხელფასის ოდენობა, რა მოხდება, შემდეგ თვის ხელფასიდან ჩამოეჭრება?


- არა, ეს ასე არ იქნება. რეგლამენტში არსებობს ჩანაწერი, რომ დაქვითული თანხა, არ უნდა შეადგენდეს 50%-ზე მეტს, ანუ 6-7 ჯერაც რომ გააცდინოს, ეს ხელფასის 50%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ანუ სისტემატური გაცდენის შემთხვევაში, ყოველთვიური ხელფასის ნახევარს მაინც დაკარგავს.


- სად წავა ეს ჩამოჭრილი თანხები?


- რეგლამენტის პროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ახდენს გავლენას. ეს პარლამენტის ბიუჯეტის თანხაა და პარლამენტი გადაწყვეტს მერე, რა საჭიროებისთვის გამოიყენებს.


- პროექტის მიღება რაიმე სახის ფინანსურ სახსრებთან არის დაკავშირებული? ან საშტატო ერთეულის დამატება ხომ არ გიწევთ?


- რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ასევე, რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.


- ამ ეტაპზე იცით, ვინ არიან ყველაზე გამცდენი დეპუტატები?


- სია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა, ასე გამოიყურებოდა: გიორგი ვაშაძე - 66 გაცდენა; ემზელ მკოიანი და ზაზა  კედელაშვილი - 74-74 გაცდენა; როლანდ ახალაია - 80 გაცდენა; დავით ბეჟუაშვილი - 82 გაცდენა; გოდერძი ბუკია - 91 გაცდენა; გოგი ლიპარტელიანი - 93 გაცდენა; რამაზ ნიკოლაიშვილმა - 94 გაცდენა; აზერ სულეიმანოვი - 96 გაცდენა; კობა ნაყოფია - 101 გაცდენა. მონაცემები, თითქმის უცვლელია დღესაც.


- სხვა რა სიახლეებს ითვალისწინებს პროექტი?


- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-10 პუნქტიდან, რომელიც შეიცავს საქართველოს პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, ხდება „ოჯახური მდგომარეობის" გამო სხდომის გაცდენის ამოღება. აღნიშნული ტერმინი საკმაოდ ფართოა და იმის ზუსტად განსაზღვრა, რა ითვლება კონკრეტულად „ოჯახურ მდგომარეობაში" და რა შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ, ვერ ხერხდება. პრაქტიკაში პარლამენტის წევრების მიერ საპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების უდიდესი წილი სწორედ „ოჯახური მდგომარეობის" გამო გაცდენილი სხდომებია, ხოლო აღნიშნული მიზეზის სიზუსტის გადამოწმება შეუძლებელია. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი შეიცავს რეგულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით 1 სხდომის გაცდენისთვის სანქცია გათვალისწინებული არ არის. სანქციები არ შეიძლება გამოყენებული იყოს, აგრეთვე, პარლამენტის წევრის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ 1 კომიტეტში გაწევრიანებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის  განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება კომიტეტის ერთ სხდომას, ხოლო ორ კომიტეტში გაწევრიანებული პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება კომიტეტის ორ სხდომას. რაც საშუალებას იძლევა, აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის წევრების მიმართ არ იქნეს გამოყენებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი შესაბამისი რეაგირების ზომები.

 

- გაცდენების შედეგად, ხშირად კვორუმის პრობლემაა და ამის გამო, ისეთი კანონების მიღება იწელება, რომლებიც ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, გამოდის, რომ გამცდენებს მთლიან ხელფასს მაინც არ აჭრით, მაგრამ უნახევრებთ. რაც შეეხება, მიზეზს - „ოჯახურ მდგომარეობას" ამას კი იღებთ კანონიდან. ჩვენ გვახსოვს, რომ იმ ათეულიდან ყველაზე ხშირად „ოჯახური მდგომარეობა" იყო მითითებული გაცდენის მიზეზად და ასეთები უმეტესად „ნაციონალები" იყვნენ. რა გამოდის, „ნაციონალების" „მორჯულებას" ცდილობთ?


- ამ სიახლის მიღება არ ხდება კვორუმის საკითხის მოსაგვარებლად. მართალია ის, რომ „ოჯახური მდგომარეობის" მიზეზით გაცდენით, უმეტესწილად „ნაციონალები" სარგებლობდნენ, თუმცა 1-2 უმრავლესობიდანაც ფიქსირდება. ეს ადამიანები კვორუმის შედგენისას რეგისტრაციას მაინც არ გადიან და შესაძლოა, ეს, პოლიტიკური მიზეზითაც გაამართლონ, შესაძლოა თქვან, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ესწრებიან მუშაობის პროცესს, რაც, რეგლამენტის მიხედვით, საპატიოდ ეთვლებათ. ამ ცვლილების მიღება ისაა, რომ არ მოხდეს მიზეზად „ოჯახური მდგომარეობის" მიღების წახალისება. ბოლოს და ბოლოს, იმას მაინც მივიღებთ, რომ ეს მიზეზი არ ჩაეთვლებათ საპატიოდ და დაექვითებათ ხელფასებიდან.


- ვინ არის რეგლამენტის პროექტის ავტორი, ან ინიციატორი?


- რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, ხოლო რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016