საზოგადოება „თბილისელი" სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლის და რაოდენობის დარეგულირების პრობლემის სასწრაფოდ გადაჭრის აუცილებლობას ხედავს. საზოგადოების განცხადებით, დასარეგულირებელია მიკროავტობუსების საკითხიც.
„თბილისელის" თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ამბობს, რომ „სექტემბერში ქალაქის ქუჩებში გავლა შეუძლებელი იქნება და ცენტრალურ გამზირზე ამდენი „მარშრუტკა" არ უნდა დადიოდეს. „ფოსტალიონი" ამ საკითხზე სასაუბროდ ირაკლი მეძმარიაშვილს დაუკავშირდა.
- ბატონო ირაკლი, პრობლემა, რომელიც თქვენ წამოჭერით, დედაქალაქის მცხოვრებლებს საკმაოდ აწუხებთ. გარდა იმისა, რომ თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის პირასაა, ქუჩებში დღის ნებისმიერ დროს არის საცობი. ზაფხულში ქალაქი თითქმის იცლება, მაგრამ შემოდგომაზე ეს პრობლემა ყველაზე დიდი სიმწვავით იჩენს ხოლმე თავს. თქვენ ამბობთ, რომ სექტემბერში ქალაქის ქუჩებში გავლა შეუძლებელი იქნება. რა უნდა გაკეთდეს პირველ ნაბიჯად, რომ ეს საკითხი, რომელიც თქვენ წამოჭერით, დადებითად გადაწყდეს?
- ტრანსპორტისა და ეკოლოგიის კუთხით ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა . აქ საცობებში აღარაა საქმე, აქ ცოტა უფრო გლობალურადაა საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის დროს მოძრაობა და მანქანები ყოველთვის იკლებს და ფაქტიურად რჩებოდა ტურისტული მანქანები. დღეს ეს ასე აღარ არის. რაც უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეკოლოგიური პრობლემები ავიცილით, ეს არის ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების აღდგენა. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას ტექდათვალიერებების სადგურები, რომლებიც გაკონტროლდება!!! მაქსიმალურად!!! ტექდათვალიერებას უნდა დაექვემდებაროს როგორც სახელმწიფო, ისე პირადი მფობელობის ტრანსპორტი.
- თქვენ იმასაც ამბობთ, რომ ცენტრალურ გამზირზე ამდენი სამარშრუტო ტაქსი არ უნდა დადიოდეს, თუმცა რუსთაველზე საკმაოდ შეიზღუდა მათი მოძრაობა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მგზავრების და მძღოლების უკმაყოფილებას გამოიწვევს?
-არ შეიძლება ქალაქში ასე მოუწესრიგებელი იყოს ტაქსისტების მდგომარეობა. ყველა ტაქსს უნდა ჰქონდეს აღებული ლიცენზია. ყველა ტაქსისტს მანქანაზე უნდა ჰქონდეს სპეციალური ტრაფარეტი. თითოეულმა ტაქსისტმა უნდა ჩააბაროს გამოცდა ქალაქის ქუჩების ცოდნაზე! რაიონიდან ჩამოსულ ტაქსისტს უნდა ჰქონდეს ქალაქის ლიცენზია და გამოცდა ჩაბარებული. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი ქალაქში საშინლად მოძრაობენ, არღვევენ მოძრაობის წესებს, აჩერებენ სადაც უნდათ, ქმნიან საცობებს და ავარიულ სიტუაციას. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მიკროავტობუსების რაოდენობა რუსთაველზე, მელიქიშვილზე და ჭავჭავაძეზე. მაგალითად, გლდანიდან მომავალი მიკროავტობუსი რუსთავში აუცილებლად გადის ცენტრალურ გამზირებს.
- როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძე მუშაობს მიკროავტობუსების თემაზე, თქვენ რას ურჩევდით, რა საკითხზეა ყველაზე მეტად პირველ რიგში ყურადღება გასამახვილებელი?
-არ ვიცი, რაზე მუშაობს ლექვინაძე, მაგრამ მე მას ვურჩევდი, ხშირ-ხშირად იაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, განსაკუთრებით პიკის საათებში და ასევე რამდენიმეჯერ ტაქსით დღის განმავლობაში. არიან სპეციალისტები, დაიბაროს და მოუსმინოს მათ აზრს. თუ საქართველოში აღარ არიან ასეთები, მოიწვიონ ევროპიდან და (ავსტრია, ჩეხეთი, სლოვენია და ა.შ.) ისინი გაუკეთებენ ქალაქის ტრანსპორტის სწორი ორგანიზების გეგმას.
-თქვენ რომ ახლა ქალაქის მერი იყოთ, რითი დაიწყებდით ამ პრობლემის მოგვარებას? კონკრეტული მესიჯი რომ გავუგზავნოთ კომპეტენტურ პირებს.
-არ ვარ და რა გითხრათ? ისე კი ვიფიქრებდი საზტრანსპორტისათვის და ტაქსებისათვის ცალკე სამოძრაო ხაზის გაკეთებას. ბევრი რამაა გასაკეთებელი. მერი არ ვარ, მაგრამ მთავრობას კი ვეტყოდი - გადმოდით ავტომობილებიდან, ხშირად გაიარეთ ქალაქში და შეხვდით თბილისელებს.
წყარო: postalioni.com