reportiori.ge - რატომ შექმნეს ლევან მამალაძემ, ემზარ კვიციანმა და სულხან მოლაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:24
პრეს-დაიჯესტი
რატომ შექმნეს ლევან მამალაძემ, ემზარ კვიციანმა და სულხან მოლაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა?
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 04:07


„სამართლიანობის აღდგენა გაჩერებულია! გამოვალთ ქუჩაში!" - ამას აპირებს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ორიოდე დღის წინ დაფუძნდა. კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას - „სახალხო სამართალს" ქმნიან. როგორც ემზარ კვიციანი აცხადებს, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოყალიბების პროცესშია და სამოქმედო გეგმა მოგვიანებით გახდება ცნობილი:


„2006 წელს სააკაშვილი გამოვიდა და, პირდაპირი მნიშვნელობით, დედა გვაგინა. ეს იყო შეგნებულად, რათა მწყობრიდან გამოვეყვანეთ და შემდეგ თავისი საქმე გაეკეთებინა, ანუ ტერიტორიები გაესხვისებინა. ეს ადამიანი, თავის გუნდთან ერთად, გასაჩერებელია... ბევრი ტელევიზია მუშაობს მათზე, უცხოელი ლობისტები ჰყავთ და კვლავ აგრძელებენ საქართველოს განადგურებას. ამიტომ გახდა საჭირო ამ მოძრაობის შექმნა, რათა შევაჩეროთ ეს უბედურება, რასაც სამომავლოდ ამზადებენ. სამართლიანობის აღდგენა გაჩერებულია. 2014 წლის ნოემბერში კოდორის მოსახლეობამ სარჩელი შეიტანა პროკურატურაში. იქიდან დღემდე არანაირი პასუხი არ ისმის. ხელისუფლებას სჭირდება დახმარება ხალხისგან. ამ დახმარებას აღვუქვამთ. გამოვალთ ქუჩაში, არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ იმ საელჩოების წინ, რომლებიც სამართლიანობის აღდგენაში უშლიან ხელს"!


ლევან მამალაძის განცხადებით, ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა, არ იქნება პოლიტიკური, ის გააერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებმაც სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწიეს:


„დღევანდელი ხელისუფლება არ და ვერ ახერხებს სამართლიანობის აღდგენას. პარლამენტს მივმართე და ყურად არ იღეს, კბილაშვილი იყო, მივმართე და დამბლოკეს. პრეზიდენტს პირადად ვესაუბრე ტელეფონზე და თავი კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა. 382-გვერდიანი მასალა მივეცით პროკურატურას და ეს საქმეც დაიბლოკა! სააკაშვილი და ადეიშვილი საუნაში რასაც ლაპარაკობენ, ფარული ჩანაწერები რომ გავრცელდა - ყველაფერი სიმართლეა! სააკაშვილი ოდესიდან მართავს პროცესებს და დავალებებს გასცემს"!


სულხან მოლაშვილის განმარტებით, პრესაში გამოქვეყნებულ სხვადასხვა პუბლიკაციაზე ხელისუფლების დუმილი საეჭვოა:


„პოლიტიკური ძალების მიზანი საქართველოში, როგორც ჩანს, იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოება შეაჩვიონ იმ უბედურებას, რასაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ჰქვია. სხვანაირად ვერ ავხსნი იმ ამაზრზენ სიჩუმეს".


ჩვენ ასეთი არაერთი მოძრაობა ვიცით, არაერთი ხმაურიანი ორგანიზაციის შექმნის მოწმენიც ვყოფილვართ, მაგრამ თითქმის ყველამ ჩასახვისთანავე დალია ჩაილურის წყალი. რა ეფექტი ექნება ამ სამი ადამიანის გაერთიანებას მაშინ, როცა ისინი აცხადებენ, რომ ეს მოძრაობა აპოლიტიკურია და აქციებს გამართავენ არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ უცხოეთის ქვეყნების საელჩოების წინ, რომლებიც სამართლიანობის აღდგენაში უშლიან ხელს? ამაზე „ქრონიკას" ლევან მამალაძისა და ემზარ კვიციანის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ესაუბრება:


- ჩვენ შევქმენით საზოგადოებრივი მოძრაობა, გადავწყვიტეთ, ამ ფორმით მაინც ვცადოთ სამართლიანობის აღდგენა და დავეხმაროთ სხვებსაც. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ გასამართლდნენ დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ გამორიცხავთ, რომ ისევ დაიწყოს პირადი ანგარიშსწორება, ძალიან ბევრი დაზარალებული ფიქრობს ამაზე, ყველას არ აქვს ერთნაირი ნერვები და მოთმინების უნარი.

 

- თქვენს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესიდან მართავს სიტუაციას, ამას ამ კონკრეტულ საქმეებზე გრძნობთ?


- რა თქმა უნდა, სააკაშვილს ისევ დიდი გავლენა აქვს, მაგრამ ეს ვისი დამსახურებაა? ისევ დღევანდელი ხელისუფლების. აშკარად ჩანს, რომ ვიღაცები ერთმანეთთან არიან გარიგებულები. ჩვენი იდეაფიქსიც სწორედ ესაა, უნდა ვამხილოთ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებას გაურიგდნენ. უახლოეს ხანში სათითაოდ დავადებთ ხელს.


- სულხან მოლაშვილის საკითხში კონკრეტულად რას დავობთ? ჩვენ ვიცით, რომ ევროპის სასამართლომ ჩვენს სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა და ეს თანხა მოლაშვილმა მიიღო. ანუ აქაც დამნაშავეების მხილებასთან გვაქვს საქმე?


- დიახ, სწორედ ეს არის უბედურება, რომ ევროპის სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, სახელმწიფომაც აღასრულა, მაგრამ ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებმაც არნახული დანაშაული ჩაიდინეს, ისევ თანამდებობებზე არიან. თუნდაც მოსამართლე ლევან მურუსიძე ავიღოთ.


- ბოლო დროს მურუსიძემ ძალიან მოუხშირა ბრიფინგების ჩატარება, აქეთ გვმოძღვრავს.


- კი, მაგრამ როგორ უნდა გაიმართლოს თავი მოლაშვილის საქმეზე, ეს ყველაფერი ხომ ჩვენს თვალწინ მოხდა? მე თუ მკითხავთ, ასეთი ადამიანები სამართალდამცავი სისტემიდან საერთოდ უნდა მოიკვეთონ. თუმცა ისე წავიდა საქმე, დღეს კიდევ ამათ ეკითხებიან ჭკუას.


- ერთი ეს მითხარით, რა გინდათ საელჩოებთან? გამოდის, ამ ხელისუფლებას არაფერს ერჩით, რადგან ყველაფერში დამნაშავეები საელჩოები არიან?! შეიძლება ამერიკის საელჩოზე რაღაც მსგავსი ითქვას, მაგრამ სხვა ქვეყნებს ვინ რას ეკითხება?


- არა, ჩვენ გავმართავთ სხვადასხვა ფორმის აქციებს. ერთ-ერთი მიმართულება გვექნება საელჩოების მისამართით, რათა არ ჩაერიონ შიდა საკითხებში. ძირითადი დაწოლა მაინც იქნება ხელისუფლებაზე, როდემდე უნდა გაგრძელდეს გახმაურებული საქმეების დაბლოკვა?

 

- ვინმე გამოგეხმაურათ? წესით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებულთა მთელი არმია თქვენს გვერდით უნდა დადგეს.


- კი, ძალიან ბევრი ზარია, მირეკავენ. სიმართლე გითხრათ, ამდენს არც კი ველოდი.

 

- პოლიტიკოსების მხრიდანაც იყო ზარები? თუნდაც არასაპარლამენტო ოპოზიციიდან?


- არა, ზარები არ ყოფილა, მაგრამ პირადი საუბრებიდან ვიცი, რომ გვერდში დგომის სურვილი აქვთ, ყოველ შემთხვევაში, თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ.


 

- შეგიძლიათ, კონკრეტული გეგმა მითხრათ, რომელი საელჩოდან დაიწყებთ აქციას ან პირველად რას გააკეთებთ?


- ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესში ვართ. უახლოეს მომავალში ჩვენს სამოქმედო გეგმას გაგაცნობთ.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016