2009 წელს „ვარსკვლავების აკადემია" რომ ჩამოინგრა და ახალგაზრდის სიცოცხლე ჩაიტანა ნანგრევებმა, გამოვთქვით ჩვენი აზრი და დრომ დაგვავიწყა რომ დღემდე არავინ დაუსჯიათ, არავისთვის დაუსვამთ კითხვა - იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული და იყო თუ არა წესიერად აშენებული შენობა. იმხანად მომხდარი უბედურ შემთხვევად გამოაცხადეს და ამით დასრულდა ყველაფერი, თითქოს არავინ დაშავებულიყოს და მეტიც, თითქოს ნანგრევებში სიცოცხლე არავის დაესრულებინოს.
ცოტა ხნის წინ ვეფხვმა ადამიანს ყელი რომ გამოჭამა, ესეც უბედურ შემთხვევად მონათლეს და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მიუხედავად ცოტა დროის გასვლისა, მომხდარი აღარავის ახსოვს.
რა იქნება ხვალ და როგორ კვალიფიკაციას მისცემენ აფაქიძის ქუჩაზე ჩამონგრეული მათემატიკის ინსტიტუტის კედლებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების გარდაცვალების ფაქტს? სამშენებლო კომპანიამ უკვე განაცხადა რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, თუმცა მსგავსი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია საგამოძიებო უწყებებს, დაემთხვევა თუ არა გამოძიების და მშენებლების შეხედულება ერთმანეთს, ეს რამდენიმე დღეში გახდება ალბათ ცნობილი, მანამ კი კარგი იქნება, თუ საზოგადოებას ეცოდინება მათემატიკის ინსტიტუტის შენობის ისტორია.
მატემატიკის ინსტიტუტი ახლა, ამ ტრაგედიის შემდეგ, მოექცა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში, თორემ მაშინ, როცა ინსტიტუტის თანამშრომლები შენობის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ, მოგვიანებით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი პროკურატურაში შეჰქონდათ განცხადება-საჩივარი, რათა დადგენილიყო ის უკანონობა, რომლითაც მეცნიერებს შენობა წაართვეს და დასჯილიყო დამნაშავე, ძალიან ცოტა ჟურნალისტი აშუქებდა თემას. მაშინ ეს თემა არ იყო „მოდური"....
შენობა, რომელიც გუშინ ჩამოინგრა, არცთუ ისე შორეულ წარსულში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება იყო: „განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს ახალი ტერიტორია და შენობა გადასცა. სამინისტროს ინფორმაციით, ინსტიტუტი რამდენი თვეში გააგრძელებს საქმიანობას.
2010 წელს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სტრუქტურულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში გაერთიანდა, თუმცა წინა ხელისუფლებამ შენობა გაასხვისა. სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე თვეში მათემატიკის ინსტიტუტთან ერთად შენობაში ბირთვული ინჟინერიის ცენტრი განთავსდება, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმართულებით იმუშავებს. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასევე მოაწყობს თანამედროვე კომპიუტერულ სისტემას Grid Cluster-ს, რომლის რესურსები გამოყენებული იქნება როგორც ადგილობრივი ამოცანების გადასაწყვეტად, ასევე CERN-ის მიერ, როგორც მისი სისტემის შემადგენელი ნაწილი. Grid და Cloud-ტექნოლოგიების გამოყენებით შესრულებულ მაღალი დონის სამუშაოებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის.
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის რეაბილიტაცია და აღჭურვა იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების განვითარების მიმართულებით ახორციელებს, შედეგად კი - პირველად საქართველოში, კვლევისა და სწავლების ერთიანი სისტემა ამოქმედდება, შესაბამისი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში თანასწორუფლებიან წევრად ინტეგრაციას", - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში. ეს მოხდა ცოტა ხნის წინ, ცოტა უფრო ადრე კი ტექნიკური უნივერსიტეტი სასამართლოში ჩიოდა.
„თაიმერი" ესაუბრა ადვოკატ დავით შველიძეს, რომელმაც გადმოგვცა ერთ-ერთი განცხადების ასლი: „თბილისში, აკურის ქ. #8-ში მდებარე, საგანგებოდ მისთვის აშენებულ შენობაში, 1960 წელს განთავსდა და დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის #185 დადგენილების საფუძველზე გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული. 2011 წლის 18 მარტს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფლება, ამ უკანასკნელის სარგებლობაში ქ. თბილისში აკურის ქ. #8-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ არსებობის ვადით (რეგისტრაციის #882011110726). 2011 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის #411 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად იქნა რეორგანიზებული. 2012 წლის 7 მარტიდან მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ეკონომიკის სამინისტრომ საჯარო რეესტრისაგან მოითხოვა აღნიშნული შენობის სსიპ "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის" სარგებლობის უფლებით გადაცემის ჩანაწერის გაუქმება და ახალი ჩანაწერის გაცემა, რომლის მიხედვითაც ეს შენობა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. 2012 წლის 7 მარტს, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დ. გიორგაძემ,#05/5498 წერილით საჯარო რეესტრს მიმართა, მოქმედებდა ქონების უკან დაბრუნების შენდეგი წესი:საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმ შემთხვევაში, თუ ქონების უკან დაბრუნებას აპირებდა, ამ დროს მოქმედი დადგენილების (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის #302 დადგენილების ,,სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი") შესაბამისად, უნდა მიემართა საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, ანუ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის და მოეთხოვა სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების უკან დაბრუნება, და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესითმიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ამ ქონების პრივატიზების თაობაზე.
აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ გადაწყვეტილება ამ ქონების პრივატიზების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ყოფილა მიღებული. დაარღვია რა ეს წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დ. გიორგაძემ, #05/5498 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ჩანაწერის გაუქმება ისე, რომ სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების დაბრუნება საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან (სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან) არ მოუთხოვია. საქმე იმაშია, რომ სამინისტრო ასეთი მოთხოვნით ვერც მიმართავდა მოსარჩელეს, რადგან ასეთი მოთხოვნის დაყენებისათვის კანონმდებლობა მხოლოდ ერთადერთ საფუძველს იცნობს: „თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ ქონების პრივატიზების თაობაზე". ასეთი გადაწყვეტილება კი არა მარტო არ არსებობდა, არამედ ვერც იარსებებდა, რადგან: სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ტ" პუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული ქონება, რომელშიც ფუნქციონირებს საჯარო სკოლები, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები". ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამინისტროს მიერ ამ კანონის 18¹ მუხლით დადგენილი წესით". ის ფაქტი, რომ ამ შენობაში, მისი გასხვისების დღემდეც არაერთი ათეული წლის განმავლობაში, გასხვისების დღესაც და დღესაც ფუნქციონირებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათებლო და სამეცნიერო დაწესებულება, სადაო არაა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის #302 დადგენილების არსებობა არათუ სერიოზული, არამედ დაუძლეველი დაბრკოლება იყო ეკონომიკის სამინისტროსათვის მისი უკანონო მოქმედების განხორციელების გზაზე და მინისტრის მოადგილემაც (არაუფლებამოსილი პირი) იცოდა რა იმის შესახებ, რომ ამ დაბრკოლებას ვერც მინისტრი ვერ გადალახავდა, განახორციელა უკანონო მოქმედება - წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით, რაც ამ უკანასკნელმა უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკმაყოფილა (მინისტრის მოადგილის ეს უკანონო ქმედება ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია გამოძიების მიერ ამ ქმედების შეფასება, რადგან მის უკანონო მოქმედებას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის). 2012 წლის 20 აგვისტოს „სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს" #1-3/770 ბრძანებით ქ. თბილისში, აკურის ქ. #8-ში მდებარე 7604 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები შეტანილი იქნა "შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" კაპიტალში. საჯარო რეესტრის მიერ (#1-3/770 ბრძანების საფუძველზე) შესაბამისი ამონაწერი მომზადდა 2012 წლის 21 აგვისტოს (რეგისტრაციის #882012546831).
2012 წლის 5 სექტემბერს, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ" და შპს „ახალმა თბილისმა" გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, „ახალ თბილისს" პირდაპირი მიყიდვის წესით, საჯარო და ელექტრონული აუქციონის გამოცხადების გარეშე, გადაეცა აკურის ქ. #8-ში მდებარე 7604 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 7500 კვ.მ შენობა-ნაგებობები. საჯარო რეესტრმა ოპერატიულად დაარეგისტრირა შპს „ახალმა თბილისი" ნაყიდი ქონების მესაკუთრედ. ამან არსებითად შეაფერხა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" მიერ გაყიდულ მიწის ნაკვეთზე არსებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ნორმალური ფუნქციონირება 2012 წლის 5 სექტემბრიდან დღემდე. ამ საკითხზე, ჯერ კიდევ 2013 წლის 05 აპრილს, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან, #13/37146 მომართვით, საქართველოს შსს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალურ სამმართველოში გაიგზავნა მასალები, სადაც სავარაუდოდ უნდა მიმდინარეობდეს კიდეც გამოძიება, მაგრამ მისი შედეგების შესახებ დღემდე ჩვენთვის არაფერია ცნობილი. ახალმა მესაკუთრემ, შპს "ახალმა თბილისმა", უკვე მოახერხა და ეს ქონება კიდევ ერთხელ გადაყიდა, რაც ასევე საეჭვო გარიგებად გამოიყურება და ეს ფაქტიც აუცილებლად გამოსაძიებელია. საყურადღებოა ის გარემოება, რომ უძრავი ქონების ახალი შემძენი - შპს ,,ტიფლის ბიზნეს ცენტრი" (ს/კ 405004917), მისი დამფუძნებელი შპს ,,ტიფლის ბიზნეს ჯგუფი" (ს/კ 405004739) და უძრავი ქონების გამყიდველი შპს ,,New Tbilisi'' (ს/კ 205215131), რეგისტრირებულნი არიან ერთსადაიმავე მისამართზე (ქ.თბილისი, ბიძინა კვერნაძის ქუჩა #10) და რეგისტრაციის დროს, ორივე შემთხვევაში, ახლადშექმნილი კომპანიების წარმომადგენლებს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თან ახლდა შპს ,,New Tbilisi''-ს (ს/კ 205215131) დირექტორი, რომელმაც მათ თანხმობა მისცა კომპანიის მისამართზე რეგისტრაციისათვის. ამასთან, კომპანიები: შპს ,,ტიფლის ბიზნეს ცენტრი" (ს/კ 405004917), მისი დამფუძნებელი შპს ,,ტიფლის ბიზნეს ჯგუფი" (ს/კ 405004739) შექმნილნი არიან სასწრაფოდ 2013 წლის 14 და 15 აგვისტოს, შპს „New Tbilisi"-ს მისამართზე და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ერთი სიტყვითაც კი არაა ნახსენები გასაყიდი უძრავი ქონების ირგვლივ არსებული სასამართლო დავების შესახებ. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თანხა ჯერჯერობით ამ უძრავი ქონებისათვის გადახდილი არაა. სავარაუდოდ, ყოველივე ზემოაღნიშნული მომხდარია იმისათვის, რათა როგორმე მიაღწიონ ამ უძრავი ქონების ისე გადაცემას მესამე პირისათვის, რომ ის კეთილსინდისიერი შემძენი აღმოჩნდეს და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ამ ქონების უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხოს. შპს ,,ტიფლის დეველოპმენტი" -საიდენტიფიკაციო კოდი: 204541674 (თავდაპირველი სახელწოდება ,,X ჯგუფი საქართველო" -დამფუძნებლები: ნოშრევან ნამორაძე და გიორგი ზაქაიძე. შემდგომში სახელწოდება: ,,სითი ჯგუფი საქართველო"). დღეის მდგომარეობით დამფუძნებელი: თამარა ჯახუტაშვილი (ყაზახეთის მოქალაქე). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, სასამართლოებში დაწყებულია სასარჩელო წარმოება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით (საქმე #3ბ-2293-13). ეს საქმე ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოშია (საქმე #3ბ/58-14); ასევე შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა" (ს/კ 404389372) და შპს „ახალი თბილისს" (ს/კ 205215131) შორის 2012 წლის 5 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმე #2/4147-13) - ამ საქმეზე წარმოება შეჩერებულია #3ბ/-2293-13 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
გარდა ამისა, უძრავი ქონების რეესტრში აღრიცხულმა მაშინდელმა მესაკუთრემ - შპ ,,ნიუ თბილისმა" ჯერ საქართველოს შს სამინისტროს მიმართა მოთხოვნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან მის საკუთრებაში აღრიცხული ქონების მისთვის გადაცემით, რაზედაც სავსებით კანონიერად მიიღო უარი (ადმინისტრაციული წარმოების მასალები შს სამინისტროშია), ხოლო ამის შემდეგ, 2013 წლის 27 მაისს, სასარჩელო განცხადება შეიტანა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე #2/7141-13. მოსამართლე მაია სვიანაძე), რომელზეც წარმოება ასევე შეჩერებული იქნა #3ბ-2293-13 და #2/4147-13 საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე; რა თქმა უნდა, ზემოხსენებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე მაინც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი აგრძელებს საქმინობას იმ შენობაში, რომელიც ისთვის სპეციალურად იქნა აშენებული და სადაც 50 წელზე მეტია ფუნქციონირებს. ხსენებული სასამართლო დავების დასრულებამდე ანუ ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არავის არა აქვს იმის უფლება, რომ შეაფერხოს ინსტიტუტის საქმიანობა და ხელი შეუშალოს მის ნორმალური ფუნქციონირებას. ასეთ პირობებში, სამართლებრივი დავების სასამართლოში მიმდინარეობისას, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, 2014 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 17 საათზე, ზემოხსენებული ინსტიტუტის ტერიტორიაზე, დაცვის პოლიციის სატრანსპორტო საშუალებით, გამოცხადდა უცნობი ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ეცვათ დაცვის პოლიციის ფორმის ტანსაცმელი და აცხადებენ, რომ არაიან ამ პოლიციის მუშაკები, დაიქირავა უძრავი ქონების საჯარო რეესტრში აღრიცხულმა მეპატრონემ (სავარაუდოდ შპს ,,ტიფლის ბიზნეს ცენტრმა" საიდენტიფიკაციო კოდი: 405004917) და მათემატიკის ინსტიტუტის შენობაში თანამშრომლებსა და სტუდენტებს აღარ უშვებდნენ. ამ დღის შემდეგ, მათემატიკის ინსტიტუტმა ამ შენობაში შეწყვიტა საქმიანობა და შენობა ფაქტობრივადაც გადავიდა მისი იურიდიული მეპატრონის სარგებლობაში".
იმ პერიოდში მათემატიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ კვარაცხელია აცხადებდა: ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 2012 წლის 5 სექტემბერს დაჩქარებული წესით მოხდა ჩვენი ინსტიტუტის შენობის გაყიდვა. გაყიდვის ინიციატორი ეკონომიკის სამინისტრო იყო და ბრძანებაზე ხელს ვერა ქობალიას მოადგილე დავით გიორგაძე აწერდა. გადაწყვეტილება მაშინვე გავასაჩივრეთ.
სასამართლოში პროცესი წავაგეთ... ჩვენი შენობიდან გამოყრა მაშინ მოინდომეს, როდესაც იქიდან მიცვალებულს ვასვენებდით. ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი აკადემიკოსი ნიკო ვახანია ახალი გარდაცვლილი იყო და გამოსვენება ამ შენობიდან ხდებოდა. როცა წინააღმდეგობა გავუწიეთ, მოიტანეს რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ამჟამად ინსტიტუტის ფართი მათი საკუთრებაა".
სხვათაშორის, როცა არჩევნების შემდეგ მეცნიერებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვეს, პროკურატურამ ეს განცხადება დააობა და მეცნიერებს პასუხიც კი არ აღირსა. არადა, მეცნიერები ხაზგასმით აცხადებდნენ რომ მათემატიკის ინსტიტუტის შენობის უკანონო მფლობელი ლაურა ღაჭავა და მისი წრე იყო. არავინ დაუსვა კითხვა დასახელებულ „ნიჭიერ ბიზნესმენს". ახლა, როცა ოთხი ადამინი გარდაიცვალა საინტერესოა ამჯერად მაინც თუ დაინტერესდება პროკურატურა თუ ამ ფაქტსაც უბედურ შემთხვევას მიაწერენ? საინტერესოა ვინმე იკითხავს თუ არა უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ? საინტერესოა, გაახსენდება ვინმეს თუ არა აკადემქალაქში როცა ინტენსიურად დაიწყეს უზარმაზარი კორპუსების შენება, რას ამბობდნენ მეცნიერები? რომ აქ მშენებლობა გრუნტის წყლების და არამყარი ნიადაგის გამო არ შეიძლებოდა, რომ აქ აშენებული სახლები არის „მკვლელი სახლები"?
დაბოლოს, არქივიდან: ქალაქის ცენტრალურ ადგილზე, სპორტის სასახლის უკან მდებარე მუსხელიშვილი სახელობის გამოთვლითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობა მიმდებარე მიწის ნაკვეთით 2012 წლის სექტემბერში იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის რეზოლუციის საფუძველზე ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით შპს "ახალ თბილისს" გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ გამოთვლითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია, ნასყიდობის აქტი განხორციელდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმირების გარეშე. ინსტიტუტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ 7 000 კვ. მეტრამდე ფართობის მქონე სამსართულიან შენობისა და დაახლოებით 7 500 კვ. მეტრი ფართობის ეზოს გაყიდვა მის საბაზრო ღირებულებაზე 800 000 ლარით ნაკლებად მოხდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მყიდველს განზრახული აქვს ბიზნეს-ცენტრისა და სასტუმროს აშენება. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამოცდამდე თანამშრომელმა შენობის უკან დაბრუნებისა და მისი გასხვისების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა".
წყარო: timer.ge