reportiori.ge - სამამულო ომი დაიწყო… 1941 წლის 22 ივნისი. დილის 4 საათი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:58
პრეს-დაიჯესტი
სამამულო ომი დაიწყო… 1941 წლის 22 ივნისი. დილის 4 საათი...
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 14:10


სსრკ-ს საჰაერო სივრცეში, 1941 წლის 15 აპრილს საბჭოთა „ლა-5" მა ცეცხლი გაუხსნა გერმანულ „იუ-86"-ს რომლის ბორტზე კომპანია „ლუფტჰანზას" სიმბოლიკა იყო გამოსახული. ტრადიციულად გერმანელები ლაინერს ჯერ კიდევ 1937 წლიდან სამოქალაქო მგზავრობისთვის იყენებდნენ. ბორტზე მხოლოდ „ლუფტვაფეს"ორი პილოტი აღმოჩნდა, რომლებმაც ავარიულ დაშვებამდე შეძლეს ფოტომასალების განადგურება.


არიელმა მფრინავებმა განაცხადეს, რომ ცუდი ამინდის გამო ლოძთან გზა აებნათ და სრულიად შემთხვევით მოხვდნენ ბელორუსიის ტერიტორიაზე. მართალია, ბერიას უწყებას ნაკლებად სჯეროდა ზღაპრების, მაგრამ საქმეში მალე მოსკოვში რაიხის ელჩი ფონ შულენბურგი ჩაერია და საქმეც ჩაიფარცხა.


ნახევარი წლით ადრე კი, 1940 წლის 18 დეკემბერს ჰიტლერმა დირექტივა 21-ს, ანუ ოპერაცია „ბარბაროსას" მოაწერა ხელი.


1941 წლის იანვარში კრემლში წითელი არმიის გენშტაბის ჩინოსნები შეკრიბნენ და რუკების საშუალებით „ომობანა" ითამაშეს. ჟუკოვმა სამხრეთ პოლონეთის მიმართულებით რაიხზე შეტევა მიიტანა და ბულგარეთი „მიიერთა" ორი კვირის განმავლობაში. იგივე ჩინოსნები მაისშიც შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, აგვისტოს 10 რიცხვიდან გადაელახათ სსრკ-გერმანიის საზღვარი და განმათავისუფლებელი ბრძოლები წამოეწყოთ აღმოსავლეთ ევროპაში. „ბარბაროსას" დამტკიცებას და კრემლის „თამაშებს" წინ უძღოდა მოლოტოვის ბერლინური მოგზაურობა. რაიხის საგარეო უწყება მზად იყო, ჰიტლერის პირადი „კონდორი" გამოეყო სახალხო კომისარისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელმა მატარებელი არჩია. რაიხსკანცლერმა მოლოტოვს შესთავაზე, სსრკ შეერთებოდა ღერძის ქვეყნებს. ყველასათვის მოულოდნელად კი, ნარკომმა ჰიტლერს სტალინთან დაზეპირებული წინადადება ახალა პირში: ბულგარეთი, რუმინეთი და უნგრეთი სსრკ-ს გავლენის სფეროში უნდა მოექცეს. საბჭოთა მთავრობას არ შეუძლია, წყნარად შეხედოს ირანის ნეიტრალურ პოლიტიკას. ფიურერმა არ შეიმჩნია სახეზე უკმაყოფილება. ის მხოლოდ უსმენდა რუსეთის ნომერი პირველი დიპლომატის ღაღადს. საუბრის დასასრულს რაიხსკანცლერმა მადლობა გადაუხადა მოლოტოვს, რომელმაც რაიხს პატივი დასდო და ესტუმრა. ფაქტია, რომ ბერლინური ვოიაჟის შემდეგ ორი სახელმწიფო იწყებს სამხედრო დირექტივების მიღებას. ოფიციალურად მეორე დღეს, ჰიტლერი საბჭოთა საელჩოს უნდა სწვეოდა, მაგრამ მან დიპლომატიურ მიპატიჟებას გენერალიტეტთან შეხვედრა ამჯობინა.


1941 წლის 6 აპრილს, ყველასთვის მოულოდნელად ვერმახტი იუგოსლავიის ტერიტორიაზე შევიდა. არადა, რამდენიმე დღით ადრე ბელვედერის სასახლეში პროტოკოლს ხელი რიბენტროპმა და პრემიერმა ცვეტკოვიჩმა მოაწერეს. ეს იყო 26 მარტს. თუმცა მეორე დღესვე ბელგრადის ქუჩებში გამოსული ხალხის სახელით, სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. 5 აპრილს კი კრემლში იუგოსლავიამ სსრკ-სთან თანამშრომლობის პაქტს მოაწერა ხელი. ჰიტლერს არ შეეძლო, ევროპაში ბოლშევიზმის საფრთხესთვის თვალყური ედევნებინა და სასწრაფო წესებით ოკუპირებულ იქნა იუგოსლავია.


ომამდე კი რაიხში მორიგი სკანდალი გამოცხვა. კრემლში ყოველივეს დიდი ყურადღება არ მიაქციეს, თუმცა... რუდოლფ ჰესი მოულოდნელად შოტლანდიაში გაფრინდა „მე-110"-ით.


1941 წლის 11 მაისი, ზალცბურგი, ოსტმარკი. ცნობილი ავიაკონსტრუქტორი ვილი მესერშმიდტი რკინიგზის ბაქანზე, მიუნხენიდან ჯავშნოსანი მატარებლით ჩამოსულ ავიაციის მარშალს გერინგს შეეგება ნაცისტური სალამით. ამ უკანსკნელმა მარშალის კვერთხი მუცელში ატაკა და იღრიალა: - გუშინ რუდოლფ ჰესი თქვენი ბომბდამშენით შოტლანიაში აღმოჩნდა.


თქვენ გაეცით ბრძანება, რომ „მე-110" მის განკარგულებაში ყოფილიყო?


-კი, მაგრამ ის რაიხის ნომერი მეორე პირია...


-დაიმახსოვრეთ, ვილი, ის აღარავინ არაა. მოღალატეა! მეორეჯერ გიკრძალავთ, ყველა ვიგინდარას დაუთმოთ თქვენი თვითმფრინავი. ჯობს, თქვენ საქმეებს მიხედოთ და რაც მეტს ააგებთ „მესერშმიდტებს", მით უფრო კარგი იქნება.


ამ სიტყვებზე მეტი არ თქმულა ზალცბურგის სადგურზე. ვაგონში კი გერინგმა თავის ადიუტანტს პოლკოვნიკ კოლერს გაუმხილა: კოლერ, ჰესმა თავისი ოინბაზობით გამიწმინდა გზა კანცლერის თანამდებობისკენ.


ტყვედ ჩაბარებული ჰესი, როგორც გამარჯვებული მხარის დიპლომატი, ისე იქცეოდა და ბრიტანელებს საუბარში გაუმხილა, რომ გერმანია ზავზე თანახმა იყო იმ პირობით, თუ ჩერჩილის კაბინეტი დაუყონებლივ გადადგებოდა...


გუდრუნ ბურვიცის (ჰიმლერის ქალიშვილი) მოგონებებიდან: 1941 წლის 22 ივნისი საკმაოდ წყნარად დაიწყო გერმანიისთვის. სადილისთვის უკვე ხალხმა გააცნობიერა, რომ ან გერმანია, ან კი საბჭოეთი იარსებებდა მომავლის მსოფლიო რუკაზე.


ერთი დღით ადრე, ფელდმარშალმა კეიტელმა ფიურერს მოხსენებითი ბარათიც კი გაუგზავნა: პირადად ფიურერს! ოფიციალურად დასტურდება რომ „ბარბაროსას" დაწყებამდე, საბჭოთა კავშირის 306 დივიზია დაუპირისპირდება ჩვენ 172 დივიზიას. რუსული 15 000 ტანკის და 10 000 სამხედრო თვითმფრინავის წინააღმდეგ, „ლუფტვაფე" მხოლოდ 3 000 ხომალდს, ხოლო გუდერიანი 2 000 ტანკს დაუპირისპირებს. ფელდმარშალი კეიტელი.


პატაკიდან ირკვევა, რომ საზღვარზე უპირატესობა სტალინს ჰქონდა და არა ჰიტლერს. კრემლში გამართული ტაქტიკური „ომობანა" გამოდის, რომ ტყუილად არ ჩაუტარებია საბჭოთა გენერალიტეტს.


ომის დაწყებამდე კი ლამის ერთი კვირით ადრე მოსკოვს „იუნკერს-52"-მა გადაუფრინა და როგორც არქივებიდან ირკვევა, სტალინს რაიხსკანცლერის პირადი წერილი გადასცეს. როგორც მოკავშირე სახელმწიფო, სსრკ-ს ფლოტი ნორვეგიულ პორტ ნარვიკში გროსადმირალების რედერის და დენიცის ესკადრას უნდა შეერთებოდა. მიზანი კი ბრიტანეთის დაპყრობა გახლდათ. ამავე წერილში ირკვევა რომ გერმანელი ხალხის ფიურერი ამშვიდებს სტალინს, რომ ვერმახტის ძალების მასობრივი შეყრა საზღვართან ჩერჩილის გაბრიყვების სქემაა. მეტიც, ივნისის ან ივლისის ბოლოს რაიხსკანცლერი თანახმაა, მიიღოს სტალინი ბერგჰოფში ან თავად ესტუმროს მოსკოვს.


22 ივნისს კი მოწმენდილ ცაზე ელჭექის ხმა მაინც გაისმა... პირველივე დღეს გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვნად შეარყიეს სახალხო არმიის უძლეველობის მითი.


მანშტეინის მოგონებიდან: პირველივე დღეს (22 ივნისი) სატანკო კორპუსმა ისეთი დარტყმა განახორციელა, რომ ბელორუსია ფაქტიურად რაიხის მფლობელობაში გადავიდა. უკვე ნათელი გახდა, რომ მინსკის საბჭოური დღეები დათვლილიღა იყო.


გროსადმირალ რედერის ტელეგრამის მიხედვით, რაიხის ფლოტმა მნიშვნელოვნად დააზარალა საბჭოთა საზღვაო ძალები და „ლუფტვაფესთან" ერთად მურმანსკის დაბომბვაში მიიღო მონაწილეობა.


„ლუფტვაფეს" შტაბმა ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა ბერლინის რადიოს. დილის ათი საათისთვის განადგურებული იყო 1 500-ზე მეტი საბჭოთა საჰაერო ხომალდი. მეორე ცნობა სენსაციად აღიქვა თვით გებელსის პროპაგანდისტულმა მანქანამ - „ლუფტვაფეს" შტაბი ასობით რადიოგრამას იღებს სპეცდანიშნულების ჯგუფებიდან. მტრის ზურგში გაგზავნილი დივერსიული რაზმების ხელმძღვანელები ითხოვენ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მოექცნენ ტყვედ ჩავარდნილ საბჭოთა მეომრებს. აღმოჩენილია საინტერესო ფაქტებიც. კერძოდ, ბელოვეჟთან ახლოს 10-კაციან გერმანულ რაზმს რუსების 300-კაციანი დაჯგუფება ტყვედ ჩაბარდა.


ესესის შტანდარტენფიურერი და ჰიტლერის პირადი ადიუტანტი ოტო გიუნშე კი თავის უბის წიგნაკში ჩაინიშნავს: 1941 წლის 22 ივნისის დილა საკმაოდ გადატვირთული გამოდგა ჩემთვის. ფიურერთან დაკავშირებას ცდილობდა სამივე არმიათა ჯგუფის მთავარსარდალთა კორპუსი. სარეზერვო არმიათა შტაბიც აქტიურობდა. განსაკუთრებით თავისი პატაკებით გამოირჩეოდა მანშტეინი. ფიურერი პირველივე საათებიდან უშუალოდ აკვირდებოდა „ბარბაროსას" განვითარებას აღმოსავლეთ მიწებზე. როდესაც ახალი ინფორმაცია მოვიდა ტალინის დაბომბვის შესახებ, ჰიტლერმა თავაზიანად დასვენება მოითხოვა.


ფაქტია, საბჭოთა ხალხის ბელადი დაიბნა. ის კუნცევოს აგარაკზე დილის საათებში გააღვიძეს. სტალინმა ყოველივე პროვოკაციად შეაფასა, თუმცა მალე ფონ შულენბურგმა მოლოტოვს ოფიციალური ნოტა ომის გამოცხადების თაობაზე გადასცა.


თავის სუფრულ საუბრებში ჰიტლერი არაერთხელ განმარტავს, რომ მან დროულად დაიწყო ომი სსრკ-ს წინააღმდეგ, რომელიც აგრესორი ქვეყნის როლში უნდა მოვლენოდა დიად გერმანიას.


1945 წლის 9 მაისამდე კი დიდი დრო რჩებოდა, რომელსაც გამარჯვებულის ვინაობა უნდა გაერკვია. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა...


 

 

 

 

წყარო: timer.ge, ბექა კვიციანი

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016