„ალია" და „ქრონიკა" უკვე წერდა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, პრემიერის და უმრავლესობის რამდენიმე წევრის გარდა, ხმა არავის ამოუღია. დუმილი დღემდე გრძელდება. პოლიტიკოსებს ხომ ხმა აქვთ ჩაგდებული და დიდად არც საზოგადოებისთვის პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი ადამიანები იმაღლებენ ხმას მოსალოდნელი საფრთხის გამო, ერთეულების გარდა. ერთ-ერთი მათგანი მსახიობი მიშა გომიაშვილი გახლავთ, რომელმაც სოცქსელში შემდეგი ტექსტი გაავრცელა:
„ტოლერანტობა, ანუ მისი აღმატებულება „დემოკრატია" - დემოტრაკია... ძველი რომი მაშინ დაეცა, როცა დაიწყო მორალის და ზნეობის გახრწნა... მანამდე, საბერძნეთი დაეცა, სადაც მამრობითი სიყვარული ითვლებოდა ნორმად... საით მივექანებით?.. ჯერ ითხოვდნენ მხოლოდ ტოლერანტობას! და მიაღწიეს კიდეც... ამას ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამაც შეუწყო ხელი და ჩვენმა ბუნებრივად ტოლერანტობამ, ჩვენ ხომ ეს გენეტიკურად და ისტორიულადაც მოგვდევს... ყველასა და ყველაფრის მიმტევებლობა... ახლა უკვე ითხოვენ თანასწორობას! ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას... შვილების აყვანას... შემდეგ მოგვთხოვენ არა მარტო აღიარებას, არამედ ხელი შევუწყოთ მათი „კულტურის ღირებულებებს"!!! შემდეგ მოგვთხოვენ იძულებით მონაწილეობას!!! აი, მერე უკვე დასჯას!!! ყველა, ვინც არ ეთანხმება გეების „იდეოლოგიას", დაისჯება... ამოფარებულები არიან „ადამიანის უფლებებს" და ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონს და მიდი-მოვდივარ... ახლა ალბათ ფიქრობენ ახალ კანონზე... როგორ დააკანონონ ქორწინება საკუთარ თავთან... პრობლემა ის არის, რომ განქორწინების ჟამს როგორ უნდა გაიყოს ქონება... აი, მანდ იჭედებიან... მერე ინცესტიც ვაღიაროთ... ამასაც მოგვთხოვენ მალე!!! შემდეგი მოთხოვნა იქნება პედოფილიის აღიარება, დაკანონება... თუ არ დაუკანონეთ ატეხავენ კაკანს, რომ „მათი უფლებები" იზღუდება... რომ ეს დისკრიმინაციაა?.. ახლა გვეჩვენება, რომ ეს სისულელეა და ეს საშინელება ჩვენ არ შეგვეხება, მაგრამ 15-20 წლის წინ ჰომოსექსუალიზმის თემაც ასევე მიუღებლად და საშინელებად მიგვაჩნდა... და ერთსექსიანთა ქორწინებაც... ამ პროცესს ბოლო არ აქვს, ამ პროცესის ბოლო ჯოჯოხეთია... ბევრი ამბობს - ნუ აყვები... ამით აპიარებ... მაგათაც ეს უნდათო... მართალია, მათაც ეს უნდათ, რომ არ შევიმჩნიოთ, გავატაროთ, ყურადღება არ მივაქციოთ... და ამ დროს თავიანთ ყოვლად ამაზრზენ ზრახვებს, რასაც თავიანთ გეი მანიფესტში ქადაგებენ, უპრობლემოდ მიაღწიონ. ამ ყველაფერს გაცილებით ღრმა ფესვები და ბოროტი მიზნები აქვს".
კიდევ ერთხელ ვკითხულობთ, სად არიან „კაცები", რომლებიც ჩოხა-ახალუხით დადიან პარლამენტში და ქართული ტრადიციების ერთგულებაზე დებენ თავს? მაინტერესებს, რას ფიქრობენ ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე, გუბაზ სანიკიძე - რამდენად ესადაგება ერთმანეთს ჩოხოსნობა და პედერასტობა? რატომ ჩაიწყვიტა ხმა ყველამ ერთად და რატომ აქტიურობენ მხოლოდ ერთეულები?
„ალიას" გავრცელებულ ტექსტთან დაკავშირებით თავად გომიაშვილთან სურდა გასაუბრება, მაგრამ უარი გვითხრა - ვერ დაგელაპარაკებით, ინტერვიუებს არ ვიძლევიო.
ამის შემდეგ „ალიამ" აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს მიმართა, რომელიც საზოგადო მოღვაწეთაგან ის ერთ-ერთი გამონაკლისთაგანია, ვინც ერთსქესიანთა ქორწინება გააპროტესტა.
- ბატონო ელიზბარ, ასეთი დუმილი იყო მაშინაც, სანამ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიგვაღებინებდნენ. მგონი ახლაც საფრთხე რეალურია, მაგრამ ცალკე ჩვენი საზოგადოება დუმს და ცალკე ხელისუფლებია. რა უბედურება გვჭირს? ამ საშინელების მოახლოებას ასე უდრტვინველად ვხვდებით? რა, წინასწარ შევეგუეთ უკვე საქართველოს მასობრივ გაპედერასტებას?
- ჩვენ ხმა სწორედ მაშინ უნდა აგვემაღლებინა, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, მაშინვე განვაცხადე, რომ ამას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოჰყვება საქართველოში და ეს კბილის მოსინჯვაა საზოგადოებისთვის-მეთქი. რომელ პარლამენტარებს სთხოვთ ერთსქესიანთა ქორწინების გაპროტესტებას, რომელთაც ერთხმად მიიღეს ის კანონი? მაგათ ვაჟკაცობა რომ ჰქონოდათ, მაშინ ამ კანონს არ მიიღებდნენ. ამ კანონით გაითელა სამშობლოს, ქვეყნის, ოჯახის სიყვარული და პატივისცემა და კრინტი არავის დაუძრავს.
საზოგადოებას რაც შეეხება, დასავლეთის ხელისბიჭების მიერ მართულმა მედიასაშუალებებმა, განსაკუთრებით ტელევიზიებმა ხალხის ნაწილი გამოაშტერეს. ამერიკასა და ინგლისში სამოცდაათამდე კვლევითი ინსტიტუტი მოქმედებს „ტვინების გამორეცხვის" ტექნოლოგიებზე და ჩვენთან მიაღწიეს კიდეც ამას. ეს „ტვინების" გამორეცხვის" პროცესი დაახლოებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 70 წელზე მეტია მიმდინარეობს დასავლეთის მიერ და არამხოლოდ საქართველოში. ნახეთ ჩვენი ტელევიზიები, პედერასტების პროპაგანდის მეტს არაფერს აკეთებენ უკვე წლებია და ამან შედეგი უკვე გამოიღო.
მიხეილ სააკაშვილმა 9 წლის მანძილზე ღირსება წაჰგვარა ხალხს და ამის შედეგს დღეს ვიმკით. აი, ამიტომ არის აპათიური ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამ მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე. ამერიკა დიდი ხანია აცხადებს, რომ მათი ღირებულებები ზოგადსაკაცობრიოა, მას ყველგან დანერგავენ და ამაში ერთსქესიანთა ქორწინებაც იგულისხმება. მაგათი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აკი დაგვემუქრა კიდევ, ერთსქესიანთა ქორწინებას მთელ მსოფლიოში გავავრცელებთო. აკეთებენ, ზოგს იარღის ძალით გააზიარებინებენ და ზოგან ხალხი ამგვარი ზომბირებით გაიზიარებს.
რა უნდა ელაპარაკო იმ ხალხს, რომლის პრეზიდენტიც, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ახალგაზრდობაში გეი კავშირები ჰქონდა და 11 მილიონი ადამიანი ამ სიმახინჯის დაკანონებას ზეიმობს? ბოდიში მომითხოვია თქვენთან, მაგრამ ამერიკა არის პედერასტების ქვეყანა!
- გამოდის, რომ მალე ჩვენთანაც დააკანონებენ ერთსქესიანთა ქორწინებას და ჩვენ ასე, გულხელდაკრეფილები უნდა დაველოდოთ? დასავლეთიდან მართული ლიბერასტები უკვე იმუქრებიან, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდებაო. მაგ ახვრებს ხუმრობა არ უყვართ.
- ჯერ ვერ გაბედავენ ამ თემის აწევას, არჩევნები მოდის და ხალხი ამას არ დაუშვებს. კი, ამ ხალხის ნაწილს გამოურეცხეს ტვინები, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება გააცნობიერებს ამ საშინელ საფრთხეს, წინ აღუდგება და ამ ეტაპზე ამ სიბინძურეს არ დაუშვებს. აი, თუ „რესპუბლიკელები" და სხვა ლიბერალები შემორჩნენ ხელისუფლებას, მერე ეცდებიან ტაშის გრიალითა და ფერადი დროშების ფრიალით მიიღონ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი. „რესპუბლიკელები" და სხვა ლიბერალური ძალები უნდა მოშორდნენ ხელისფლებას, ეს არის გამოსავალი და ესენი ხალხმა უნდა მოიშოროს. თუ გაბედეს და ეს კანონი შეიტანეს „რესპუბლიკელებმა" და მათმა მიმდევრებმა პარლამენტში, ქართველი ხალხი მათ იმ ცოცხებით გამოყრის პარლამენტიდან, რომლითაც „ნაციონალები" ხალხს აუპატიურებდნენ. ეს უკვე ის ზღვარია, რომლის უკანაც სამშობლო დგას, ეს უკვე ქართველი ხალხის სულიერი და ფიზიკური განადგურება იქნება და ამ ზღვარის გადალახვას ხალხი არავის აპატიებს, დედას უტირებს მაგათ ყველას. კი, ხალხმა ანტიდისკრიმინაციული კანონი „გაატარა", მაგრამ ამას ვერ მოითმენს. ეს არის ღმერთის წინააღმდეგ გალაშქრება, ადამიანის გადაგვარების პროცესი და ამას ყველა წინ აღუდგება.
- სად არიან ის ჩოხაახალუხიანი ყოჩი ბიჭები პარლამენტიდან, არჩევნების წინ ვენებს რომ იჭრიდნენ „ეროვნული ტრადიციების „დასაცავად" და ხალხს ყველა გასაჭირში გვერდში დგომას ჰპირდებოდნენ? მეტი რაღა უნდათ, იალე ქვეყანას გაგვიპედერასტებენ?!
- მაგათ ეგ ჩოხა-ახალუხი უნდა შემოახიო და ისე ატარო ქუა-ქუჩა. ტანსაცმელი კი არა, სულია მთავარი და აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს ქართული სული არ ჰქონია. ვისაც კაცობა შერჩენია, ისინი იტყვიან თავის სათქმელს, არ დაიმალებიან და როცა საჭირო იქნება, ქუჩაში გამოსულ ხალხს სათავეშიც ჩაუდგებიან. აი, ბევრმა კი, თავიანთ პოლიტიკურ ინტერესებს, სხვა ამბიციებს ანაცვალა ხალხის ინტერესები. ეს ჯერ კიდევ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას გააკეთეს. ვინც ერთსქესიანთა კანონის მიღებაზე კრინტს დაძრავს მომავალში, ის ჩემთვის ადამიანი არ არის, ის იქნება ცხოველი. მაგის დაკანონებას ინცესტის დაკანონებამდე მივყავართ, ეს რომ გაიტანონ, მერე მაგასაც მოითხოვენ. ეს არის ამერიკელთა გეგმა. ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, ძალიან დიდ საშინელებას გვიმზადებენ. მალე მოვა არჩევნები და ხალხი საკადრის პასუხს გასცემს მაგათ, ვინც დღეს ხმაჩაკმენდილია და ერთი სიტყვა არ დასცდენია საპროტესტოდ.
- რაც ამ ქვეყანაში უბედურება ხდება, მათი უდიდესი ნაწილი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების კისერზეა. როდემდე უნდა წამლონ ხალხი, უცხოური გრანტების, საკუთარი კეილდღეობის საფასურად? ამ ხალხს არ უნდა მიხედონ?
- უნდა მიხედონ ამ არასამთავრობოებს. ესენი არიან უცხო ქვეყნების აგენტები, მათი ბინძური დავალებების შემსრულებელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს მათი საქმიანობის დეტალები, რა სიბინძურეში ხარჯავენ იმ უცხოურ გრანტებს. იური ვაზაგაშვილი რომ ააფეთქეს, ერთი არ გამოსულა მათგან და პროტესტი არ გამოუთქვამს, აი, პედერასტს რომ ცუდად შეეხოს ვინმე, ეგრევე კაკანს იწყებენ. მაგათთვის მთავარია „ლგბტ" საზოგადოება, ქართველი ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ ისე, ეგ „ლგბტ"-ებიც ჰკიდიათ ფეხებზე, ფულს შოულობენ ვითომ მაგათი უფლებების დაცვით. ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა, საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს, განდევნოს ქვეყნიდან ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარია და სხვა მახინჯი და მავნებელი არასამთავრობოები. ეყოთ, რაც დაწამლეს ხალხი. მაგათი გასაგისი არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „ალია"