უკანასკნელი საგაზეთო ინტერვიუ გოდერძი ჩოხელთან
როცა გოდერძი ჩოხელს ინტერვიუ ვთხოვე, ასე მიპასუხა: ძალიან ცუდად ვარ... დიდი ხანია ჟურნალისტებს აღარ ვხვდები... ან რაღად გინდათ ჩემთან ინტერვიუ?...
დუმილი...
- მაშინ გააცოცხლეთ თქვენი ჩაჩა (კინოფილმიდან "ადამიანთა სევდა") და გადაეცით დარდი №422 - ჩემი საყვარელი რეჟისორი შეხვედრაზე უარს მეუბნება-მეთქი.
- ხვალ მოდიო,- მიპასუხა.
ასეთი ხანმოკლე სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი დიალოგი ოთხ საათს გაგრძელდებოდა.
- "ნეტავ ერთხელ მაინც ჩაგახედათ ჩემს სიზმრებში და განახათ, როგორი სახე აქვს დედამიწას", - ამ სიტყვებს თქვენიგმირი ამბობს. მითხარით: როგორი სახე აქვს დედამიწას?
- ეს აღარც მახსოვდა... ჩემი სიზმრები საზვერეებს ჰგავს... როგორია დედამიწა? - ის რაღაც ყვავილს ჰგავს შორიდან.
- ახლოდან?
- ახლოდან საფლავს...
- თუ დედამიწა ყვავილს ჰგავს, მაშინ მას რაღაც სურნელი ექნება...
- ჰო, მას თოთო ბავშვის სუნი აქვს, თუმცა ბავშვის ზრდასთან ერთად ეს სურნელიც იკარგება...
- თქვენი გმირები ხშირად კვდებიან, ისინი სულ რაღაც იდეალებს ეწირებიან.
- ჰო, მინდოდა ამ განწირულებით დამენახვებინა ადამიანის სიდიადე, ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობა და წარმავალობასთან დაკავშირებული სევდა; მეჩვენება, რომ ყოველგვარი შური, ბოროტება აზრს კარგავს ამ წარმავალობასთან მიმართებაში. საერთოდ, სიკვდილ-სიცოცხლესთან ისე ვიყავი გაშინაურებული,რომ არასოდეს მშინებია მისი. რეზო ინანიშვილი სულ მეჩხუბებოდა: შემაყვარებ შენს გმირებს და მერე ხელაღებით მოკლავო, დაუწერია კიდეც - "ეს მაგიური მთიელი კაცი ისე ეპყრობა სიკვდილ-სიცოცხლეს, რომ საკუთარ თავსაც არ დაინდობსო" მართლა არ გამართლდა?!...
- ახლა რას გრძნობთ?
- თითქოს ვიღაცამ გამძარცვა...
- აღარ წერთ?
- არა, რაც დავწერე ეგ იყო...
- ანუ, გინდათ, გაამართლოთ ერთი თქვენი ლექსი: "ამომიქოლეს სული სხეულით"?!...
- მე? ვაა! ფილოსოფოსი ვყოფილვარ ბავშვობაში... ისე, აღარც მახსოვდა ლექსებს თუ ვწერდი... ერთხელ დეიდამ მითხრა: ეგ ჩემოდანი შენი ლექსებით არის სავსეო. გავხსენი და აღმოვაჩინე, რომ 1977 წელს გავპოეტებულვარ და მიწერია და მიწერია ძალიან ბევრი...
- წეღან ბავშვობა ახსენეთ...
- ბავშვობა გუდამაყარში გავატარე... ყველაფერი სიზმარი მგონია... ხალხით სავსე გუდამაყარი მხოლოდ ჩემს შემოქმედებაში დარჩა... ბავშვობაში სულ ჩიტებს დავდევდით, ვიცოდით, რომელ ბუდეში რომელი ჩიტი ცხოვრობდა. როცა დედა ჩიტები გაფრინდებოდნენ, ვკვებავდით ხოლმე პატარა ბარტყებს...
- "ცასწავალა" მაშინ გაიცანით, თუ მართლა ცხვარში ყოფნის დროს?
-(ეღიმება) ალბათ მაშინ, ბავშვობაში გავიცანი. ეს მოთხრობა ღამე დავწერე. მე მოვიგონე, მაგრამ ზოგჯერ მეც მჯერა, რომ მართლა მოხდა. საერთოდ ადრე ბევრ რამეს ვიჯერებდი...
- ახლა რატომ აღარ იჯერებთ? დაუფასებლობა და ადამიანების გულგრილობა ხომ არ არის ყველაფრის მიზეზი?
- არა! დიდი სიყვარულიც დამბრუნებია უკან, - დამბრუნებია პატარა ბავშვებისგან, საიდანაც, თითქოს, არ უნდა ველოდე. დავდიოდი სკოლებში შეხვედრებზე და უდიდეს სითბოს გამოხატავდნენ ჩემს მიმართ. ერთმა პატარამ ისიც კი მითხრა: "თუ შეიძლება, გააცოცხლეთ რა ცასწავალაო..."
დაუფასებლობა არ ყოფილა... (იქნებ იყო, მაგრამ მწერალს დიდსულოვნებამ არ ათქმევინა საყვედურები). კინოს გაქრობამ განაპირობა ჩემი ჩაკეტილობა, განწყობა...
- ეს ლექსი თუ გახსოვთ? -"ო, შემოქმედო, მომეც ტკივილი, რომ ტკივილები შეგიმსუბუქო"?
- თუ მე დავწერე ეგეც არ მახსოვს...
- ისე კითხულობთ, როგორც სხვის დაწერილს?
- არა, აღარც ვკითხულობ... ადრე ერთი მოთხრობა დავწერე: კაცი ფიქრებით გახდა ავად, ჩაწვა ლოგინში და ასე უცნაურად გარდაიცვალა... ჩემი ავადმყოფობაც ხომ ფიქრებია?!... შვილი მეუბნება, როგორ დაემსგავსე შენივე გმირებსო!!!
- მე კი სულ ის გმირი მგონიხართ, ადამიანთა დარდებს რომ აგროვებს. ბედნიერი წუთები არ შეგიგროვებიათ?
- ბედნიერ წუთებს უფრო ვფანტავდი, ვარიგებდი, - მინდოდა სხვებისთვის მეჩუქებინა ლამაზი დღეები...
- მსმენია, რომ დედათქვენი საოცარი ადამიანი ყოფილა...
- ჰო, სხვანაირი ქალი იყო... გაზაფხულზე ყვავილებზე და ბალახებზე ფეხის დადგმა უჭირდა... როცა ცუდად გახდა და წამოიყვანეს, ძროხები საჭმელს აღარ ეკარებოდნენ, ორი კვირა მის გზას გაჰყურებდნენ.
პირველი შვილი რომ შემეძინა, მახარობლად წავედი. დედა გზაზე დამხვდა და მითხრა: - ყველაფერი ვიცი, - ოფოფმა მითხრა გუშინო.
ერთხელ, თურმე ყვავს ელაპარაკებოდა: ყვავო რა უნდა მახარო, გოდერძი მოდისო? (სულ ვენატრებოდი, აქეთ რომ ვიყავი). მეზობლებმა რომ გაიგეს, ასე უთქვამთ - ლელა გაგიჟებულაო, მაგრამ რამდენიმე საათში ჩემი მანქანა დაინახეს და გაოცებულან.
გარდაიცვალა დედა და იმ ღამეს სიზმრად ეჩვენა ჩემს ძალოებს, გული არაფერზე დამწყვეტიაო, - უთქვამს, მარტო ერთ რამეს ვნაღვლობ - ლუკას ჯემპრს ვუქსოვდი და სახელოები ვეღარ დავამთავრეო. მეორე დღეს უძებნიათ და მართლაც უპოვნიათ დაუმთავრებელი ჯემპრი...
- დაიღალეთ?
- არა!
- მაშინ ცოტა რამ იმის შესახებ მითხარით, რასაც თქვენს ნაწერებში ხან "მარადიულ მონატრებას" და ხან "ზეცისსუნთქვას" უწოდებთ.
- სიყვარულზე?... სიყვარული ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ-მოხვეულ ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ, რომ სიყვარულია... თუ ვინმე ჯიუტად მეტყვის: დამიმტკიცე, რომ არსებობს სიყვარულიო, ვუპასუხებ: სიყვარული ისეთი ბუნებისაა, რომ დამტკიცებას არ საჭიროებს. იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს...
- ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ სიყვარული დადის და არ დაფრინავს?
- (ეღიმება)
- თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?
- ნინო? ნინო ჩემს დარდებს უძლებს...
- როგორ დაითანხმეთ ნინო "ადამიანთა სევდაში" როლზე?
- არ მთანხმდებოდა, მერე ხევსურული ჭრელი წინდები ვუყიდე (ეღიმება), ფილმში აცვია,ხვათაშორის. მოგვინებით "ლუკას სახარებაშიც" გადავიღე.
- შვილებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ძალიან თბილი და მეგობრული. ოპერაციის შემდეგ ნიკა შემოვიდა პალატაში და მითხრა: "მამა, არ მიმატოვოო" - ეს სიტყვები ყოველთვის მემახსოვრება...
ჯოჯოხეთი ჩემი გადასატანია, მაგრამ არ მინდა ოჯახს ეს სიმძიმე დავუტოვო, არც პატრიარქს მინდა ვაწყენინო...
- პირველად თქვენს ფილმებს მართლა პატრიარქს აჩვენებთ ხოლმე?
ჰო... როცა "სამოთხის გვრიტები" ნახა, ასე მითხრა: "გოდერძი, შვილო, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები რომ იყვნენ, შენ საიდან გაიგე?"
"ლუკას სახარების" ჩვენებისას კი ასეთი რამ მოხდა: პატრიარქს ერთი ძაღლი ჰყავდა, როცა ძაღლმა იმ სცენას უყურა, სადაც მასწავლებელი ბავშვს "ლუკას სახარებას" ართმევს, გაავდა და შემდეგ რამდენჯერაც ეს პიროვნება რეალურ ცხოვრებაში ნახა, იმდენჯერვე ყეფა დაუწყო...
- თუ ლოცულობთ იმ დღეების შემდეგ?
- ვლოცულობ ძალიან მარტივად... ნინო ლოცულობს ბევრს...
- დღეს რომ შემოგთავაზონ ფილმის გადაღება, არ გადაიღებთ?
- არა კი არა, ვერ გადავიღებ... იცით როგორ ვარ? თითქოს სიკვდილში დავრჩი... მაგრამ არც იქ მინდა... უფრო სწორედ, იქეთაც მინდა და აქეთაც...
- უფრო საით?
- უფრო აქეთ...
ამ ინტერვიუს შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გოდერძი ჩოხელი რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე განსხვავებული და ამაღლებულია, როგორც საკუთარ შემოქმედებაში. კინოსტუდის "ქართული ფილმის" ყოფილი თანამშრომლის, მანანა პატაშურის მონათხრობიც ამის მაგალითია: "ერთხელ გოდერძი ჩოხელს მხარზე ჭიამაია დასდიოდა, მივანიშნე და ხელი წავიღე მისკენ... გოდერძიმ შემაჩერა - გაუშვი, ეგ დილიდან ასე დამყვება, ჩემთან უნდა და ხომ ვერ გავაგდებო?!"
P.S. ეს შემოქმედი ნამდვილად უფლის რჩეულია, როცა მის სასიკვდილო ჭრილობებს საოპერაციო მაგიდაზე ინფარქტიც დაემატა, ის მაინც გადარჩა, გადარჩა სულის გადასარჩენად...
"არ მგონია ჩემი თავი ჯოჯოხეთის ღირსიო", - ამიტომაც აჩუქა ღმერთმა უძვირფასესი დრო. დრო - დაბრუნების, მიტევების...
ჟურნალი "მისია"
ავტორი: ეთერ მონასელიძე
20.09.2005 წ.