ეს კაცი ჩვენი კარგი რესპონდენტია და ძალიან ხშირად სკანდალური და ექსკლუზიური ამბებიც მოუყოლია. მხოლოდ ერთს, საფრანგეთში კეზერაშვილის სასამართლო პროცესს გაგახსენებთ, სადაც ჩვენმა პროკურორმა „ჩაისვარა" და ეს ამბავი სწორედ გიორგი ფოფხაძემ გაახმაურა! მისგან ვიგებთ ხოლმე პოლიტიკოსების ევროპაში გაფუჭებულ საქმეებსაც... მოკლედ, ეს ყველაფერი „ზემოთ" არ მოეწონათ, პირში წყალს რატომ არ იგუბებ და პრესასთან რატომ თანამშრომლობო და „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მონიტორინგის საბჭომ ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, გიორგი ფოფხაძის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. თურმე ფოფხაძის საქმიანობა საფრთხეს უქმნის „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხს, არღვევს კანონმდებლობას და ეთიკის კოდექსს. რაო, რაო? გიორგი ფოფხაძის საქმიანობა საფრთხეს უქმნის „ნაციონალების" ტელევიზიის დამოუკიდებლობას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდებაო?
შეგახსენებთ, ეს ის მაუწყებელია, 13 ივნისს ზოოპარკი ცხვირწინ რომ დაენგრა და ვიდეოკამერა ვერ ჩართეს, პირდაპირ ეთერში რომ გადმოეცათ, ეძინათ! მეორე თუ მესამე დღეს სინოპტიკოსებმა გამოაცხადეს, კიდევ წვიმაა მოსალოდნელიო და ყველა თანამშრომელმა დატოვა შენობა, სახლებში გაცვივდნენ. აი, ეს, ალბათ, არ უქმნიდა საფრთხეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრესტიჟს!
მოკლედ, 27 ივნისს გიორგი ფოფხაძემ „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა სტატუსი:
„არ ვიცი, რაღა დავწერო ამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რაპორტის მერე რააა... უბრალოდ, გული მტკივა და მწყდება ერთ რამეზე... მარტო ბოლო სამი კვირის განმავლობაში რაც ირმამ (ინაშვილი - გ.ზ.) მასალები გამომიგზავნა, ენაგადმოგდებულმა ვირბინე ევროპარლამენტში, 25 ევროდეპუტატს შევხვდი და გადავეცი ეს მასალები... ჯოჯოხეთურ შრომად დაჯდა ამ ევროპარლამენტარებთან ღრიტინი და ხვეწნა-მუდარა შეხვედრებზე და ამის დედა ვატირე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რატო ყრის ეს ხალხი წყალში თავიანთი მავნებლობით, ეს ვერ გავიგე! ერთია, როცა ჩვენ ვაწვდით ამ ყველაფერს და მეორეა, როცა სამთავრობო არხებიდან იღებენ ინფორმაციას... არადა, ჩვენი მიწოდებული ინფორმაცია სულ წყალში იყრება, თუ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საელჩოებმა, მთავრობის ლობისტებმა და რა ვიცი, ვინ ჯანდაბებმა და ჯახნაბებმა არ იმუშავეს"!
მონიტორინგის საბჭოს წევრებმა წაიკითხეს ეს სტატუსი, უცებ შეიკრიბნენ, თანაც ისე, რომ ფოფხაძეს არაფერი ჰკითხეს და დაასკვნეს:
„აშკარად ჩანს, რომ ფოფხაძემ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება, რამაც რეალურად გამოიწვია ინტერესთა კონფლიქტი. ფოფხაძის ამ მოქმედებამ და შემდეგ მისმა განცხადებამ საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხს. ასევე, ჩვენი ინფორმაციით „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდა, ის თანამშრომლობს მედიაკავშირ „ობიექტივთან", რასაც, ასევე, ცალსახად კრძალავს კანონმდებლობადა ეთიკის კოდექსი.ამ პოსტით ირკვევა, რომ ფოფხაძე იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარეს... მონიტორინგის საბჭოს წევრები მივმართავთ სამეურვეო საბჭოს და გენერალურ დირექტორს, რათა სასწრაფოდ იქნას შესწავლილი აღნიშნული საკითხი და როგორც სამეურვეო საბჭომ, ისე გენერალურმა დირექტორმა მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ასევე, გთხოვთ, რომ მოკვლევისა და საბოლოო გადაწყვეტილების პროცესი იყოს საჯარო".
არ გაინტერესებთ, ვინ არიან მონიტორინგის საბჭოში და ვინ მოუწოდებს გიორგი ფოფხაძეს კანონის დაცვისკენ? მამუკა ფაჩუაშვილი - გაზეთ „24 საათის" რედაქტორ-გამომცემელი, მიხეილ სააკაშვილის ჯიბის ჟურნალისტი, დავით კანდელაკი - არქიტექტორ-რეჟისორი, ზურაბ დავითაშვილი - გეოგრაფი, 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაცმოძრაობიდან", ემზარ გოგუაძე - კავკასიური უნივერსიტეტის ყოფილი დირექტორი, იყო გაზეთ „ერის" სტილისტლიტმუშაკიც, გიორგი მელაძე - ყოფილი „კმარელი", მამალი „ნაციონალი", ნატალია დვალი - „ენდიაის" მიერ გამოზრდილი „ენჯეოშნიკი", ნინო დანელია - ხელოვნებათმცოდნე, თუმცა საკმაო გამოცდილება აქვს ჟურნალისტიკაში, ეს ერთი მაინც შეუყვანიათ საბჭოში წამლად. სხვათა შორის, საინტერესო იქნება, გადავხედოთ, ვინ არიან სამეურვეო საბჭოს წევრები და შემდეგ იმასაც დავამტკიცებთ, რომ ისინი თავად არიან დანიშნულები კანონის დარღვევით: გრიგოლ გოგელია - საბჭოს თავმჯდომარე, პროფესიით იურისტი, მარინა მუსხელიშვილი - პროფესორი, მათემატიკოსი, ნათელა სახოკია - ავტომატიზაციისა და კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტი, გიორგი კოხრეიძე - იურისტი, სანდრო ვახტანგოვი - ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი, ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფია-სოციოლოგიის ლექტორი, ქეთევან მსხილაძე - ჟურნალ „ტაბულას" ინგლისურენოვანი ვერსიის რედაქტორი. ახლა კი ისიც ვნახოთ, რა წერია „საზოგადოებრივი მაუწყებლის" კანონში სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით:
„მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა - ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში".
როგორც ხედავთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ კანდიდატს უნდა ჰქონდეს 5 წლის მუშაობის გამოცდილება ჟურნალისტიკაში. აქედან რომელი აკმაყოფილებს კანონის ამ მოთხოვნას? ერთი-ორი და ისიც „ნაციონალი". კი, მაგრამ თუკი გიორგი ფოფხაძისთვის პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება (ჯერ ერთი, აქ არსად ჩანს პოლიტიკური პოზიცია, ის წუხს იმაზე, რომ ევროსაბჭოში ჩვენი მხარე არ მუშაობს) და „ობიექტივთან" თანამშრომლობა ინტერესთა კონფლიქტია, სამეურვეო საბჭოს წევრები რომ კანონის დარღვევით არიან დანიშნულები, ეს სადაური სამართალია?! მეორე - სახელოვანი „ნაციონალი", დავით პაიჭაძე რომ „საზოგადოებრივ" რადიოშიც უბერავს, ჩერგოლეიშვილის ტელე „ტაბულაშიც" და თან „მიშმაკაკურს" აწვება, ეს როგორაა, „საზოგადოებრივის" დამოუკიდებლობას საფრთხე არ ექმნება?! არა, „ნაციონალები" იძახიან, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო, მაგრამ ასე არ გამოვა, ახლა ნება იბოძოს ჩვენმა პატივცემულმა ხელისუფლებამ და ყველაფერი დაალაგოს კანონის ფარგლებში.
სწორედ ამასვე ამბობს საფრანგეთიდან თბილისში დაბრუნებული გიორგი ფოფხაძე „ქრონიკასთან" საუბარში:
- მე ჩამოვედი, ნამდვილად არ ვიცი, რა მდგომარეობაა, დირექციაში არავინ არ არის, გიორგი ბარათაშვილი წასულია, 14 ივლისს დაბრუნდება, შევხვდები და მერე მეცოდინება ყველაფერი. მე ერთი რამეც ვერ გავიგე, თუ კანონი დავარღვიე, რაზეც მონიტორინგის საბჭო ლაპარაკობს, ჩემთან ეს საკითხი რატომ არავინ არ გაარკვია? მე რატომ არ დამიკავშირდნენ და რატომ არ მკითხეს, რა მასალებზეა ლაპარაკი, რა მასალები გადავეცი ევროპარლამენტარებს? არავინ არ გამსაუბრებია, იქნებ უფრო მეტ დანაშაულს ჩავდივარ და კამიკაძე ტერორისტი ვარ? მე ამას არ მოვითმენ, ამას ისე არ დავტოვებ!
- კონკრეტულად რას აპირებ?
- სამშაბათს, 14 ივლისს გავმართავ პრესკონფერენციას და გავასაჯაროებ იმ დოკუმენტებს, რაც ევროპარლამენტარებს გადავეცი. მანამდე ამას არ ვაკეთებ, რადგან უნდა შევხვდე დირექტორს და გავიგო, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საბოლოოდ. როცა დოკუმენტებს გავასაჯაროებ, მერე ნახოს საზოგადოებამ, არის თუ არა ეს რომელიმე პარტიის ლობიზმი.
- „ნაციონალების" ლობისტობა კანონის დარღვევად არ ითვლება?
- ეტყობა, ამათი გაგებით არ ითვლება... ეს ის ხალხია, რომელმაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში არ გაუშვა გოგა ხაინდრავას ფილმი „მერაბ კოსტავა". მიზეზიც არ დაუსახელებიათ, არ გაუშვეს, დაბლოკეს და მორჩა. ვნახოთ, გავერკვევი სიტუაციაში და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"