მსახიობი გივი ბერიკაშვილი „კვირის პალიტრასთან" საუბარში სტიქიის შედეგებსა და ვერეს ხეობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ვერეს ხეობაში შენობა-ნაგებობები არ უნდა აეშენებინათ, რადგან ყველამ იცოდა, რომ სანაპირო თავისუფალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოსახლეობა სახლებს თვითნებურად დგამდა.
„ვინ მისცა უფლება, შვილო? იმდენს იზამენ, ახლა მაგასაც ბიძინას დააბრალებენ. მანდ დავიბადე და გავიზარდე, კაცო, ვერაზე! ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ზოოპარკი და იქაურობა ორჯერ რომ წაიღო წყალმა და დაახრჩო ცხოველები, ესენი კიდევ მიდიან და სახლებს მაინც იქ აშენებენ. მახსოვს, ზოოპარკიდან ერთხელ დათვი გამოიქცა, ერთხელაც - ლომი. ლომი რომ ვოლიერიდან გამოვარდა, პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევარდა... დაიჭირეს და მოკლეს. ყველაფერი მახსოვს და ნურავის დავაბრალებთ, ყველაფერი ჩვენი ბრალია, თავიდან ბოლომდე. არ დაადგა საშველი ზოოპარკის გადატანას. ასეთი უბედურება დატრიალდა და ახლა უნდათ, ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალონ! ეგრე არ არის, გენაცვალე! ყველამ თავის თავში ჩაიხედოს და თავისი დანაშაული დაინახოს - დიდმა და პატარამ, ჩემი თამადობით! სტიქია რომ მოხდა, უნდა მიეხედა ხელისუფლებასო, სტიქიას ვინ რას უზამდა?! სტიქია ეგ არის, ვეღარც მაშველი და პატრული გიშველის და ვეღარც პატრონი! ვახუშტი ბატონიშვილი წერს, მდინარე ვერე 45 კილომეტრია, მტკვარს ერთვის და ერთი მონაკვეთი ფრიად სახიფათო არისო. ვახუშტი ბატონიშვილი წერს და გაითვალისწინე რა, ნუ ჩასახლდები ზედ მდინარეში! ყველაფერი ჩვენი დაუდევრობისა და უტვინობის ბრალია! დაზარალებულებს ისე მიხედეს, მეტი რომ არ შეიძლება. აი, ცოტა ადრე რომ მომხდარიყო, ფეხებზე დაიკიდებდნენ. ახლა ამდენი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც უკმაყოფილოები არიან. ჩვენი ქართული ჯიში ეგა ყოფილა, რა, უნამუსოები ვართ და არ ვიცით მადლობის თქმა!"- აცხადებს ბერიკაშვილი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)