სასამართლო სხდომაზე, სადაც ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე იხილებოდა, მოწმედ მისი მეუღლე ნინო ქადაგიძე -ჟვანია მივიდა. გამოძიების პროცესის წლობით გაჭიანურებამ ისედაც საეჭვო, ბურუსით მოცულ მკვლელობის საქმეს სხვა კითხვებიც შესძინა. ქალბატონ ნინოს სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ.
ნინო ჟვანია-ქადაგიძე:
-ბევრი მიზეზის გამო რთულია პოლიტიკური მკვლელობების გამოძიება. ასეთი მკვლელობები კარგად არის ორგანიზებული, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლებაში ვინ არის, რომელი ქვეყნის ინტერესი დევს და ა.შ. სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებდა ზურას მკვლელობის საქმის გამოძიებაზე და ამიტომ არ დამთავრდა. ხელისუფლება პირველივე წამიდან დაინტერესებული იყო, თავისი ვერსია გაევრცელებინა და ჩვენთვის საშუალება არ მოეცა, ელემენტარულად შეგვემოწმებინა, რასაც ისინი ამბობდნენ, სიმართლე იყო თუ არა? თავად არ ჩაატარეს გამოძიება და ჩვენც გვიშლიდნენ ხელს, რომ გაგვერკვია ყველაფერი.
- ხელს რა ფორმით გიშლიდნენ?
- ორ ადამიანს ევალებოდა პრემიერ-მინისტრის დაცვა. ამ ამბის შემდგომ, პირველი, რაც ხელისუფლებას და სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდა გაეკეთებინათ, ამ ადამიანების დაკავება და დაკითხვა იყო. უნდა ჩაეტარებინათ ჯვარედინი დაკითხვა და მერე შეედარებინათ, ემთხვეოდა თუ არა მათი ჩვენებები ერთმანეთს, ანუ ტყუოდნენ თუ სიმართლეს ამბობდნენ. ხელისუფლებამ ამ ადამიანებს სრული თავისუფლება მისცა. მეტიც, ხარშილაძეს დაავალეს, ზურას სეიფები შეემოწმებინა. ზურა ის პოლიტიკოსი იყო, რომელსაც სულ ეჭიდავებოდნენ. ბოლოს სააკაშვილმა დაუწყო ჭიდაობა, ცილსაც სწამებნენ მის ძმას. მისი გუნდის წევრი ბარამიძე შს მინისტრობიდან მოხსნეს და კორუფციაში დასდო ბრალი ოქრუაშვილმა. მოკლედ, კინაღამ დაიჭირეს. ამ ამბებს ცხადია, მე ხომ არ ვიგონებ და ალბათ ყველას ახსოვს. მერაბიშვილი, ოქრუაშვილი და ადეიშვილი იგნორირებასაც უკეთებდნენ ზურაბ ჟვანიას და მინისტრთა კაბინეტის სხდომებს საერთოდ არ ესწრებოდნენ. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ზურა ჟურნალისტებისგან იგებდა. ისე იყო გამწარებული, რომ ზოგჯერ მეუბნებოდა, მოვკიდებდი ბავშვებს ხელს და წავიდოდით, მაგრამ ეს ქვეყანა ვის დავუტოვოო. პასუხისმგებლობის გამო ვერ წავიდა. აქედან გამომდინარე, მის სიკვდილთან დაკავშირებით ლოგიკური კითხვები გამიჩნდა და გამოძიებასაც აუცილებლად უნდა გასჩენოდა ეს კითხვები. როცა გამოცხადდა, რომ გაზით დაიღუპა, პირველივე წამიდან თქვეს, რომ სისხლში ნახშირორჟანგის შემცველობა იყო 34, მერე მიხვდნენ, ეს საკმარისი არ იყო სიკვდილისთვის და მეორე დღეს ციფრი გაზარდეს. ბოლოს დაწერეს, რომ თითქოს ექსპერტიზამ სისხლში ნახშირორჟანგის 74 პროცენტი აღმოაჩინა. 62 პროცენტის მერე ადამიანი კვდება. საქმე იმაშია, რომ არსებობს პრეპარატი, რომელიც შეიძლება ადამიანს სისხლში შეუყვანო და იგივე ეფექტი მიიღო.
- მართლაც საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი თქვენი მეუღლე და ეს არის ფაქტი. იმასაც ვხედავთ, რომ კონკრეტული დამნაშავეები ამდენი წლის შემდეგაც არ დასჯილან და ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება ხოლმე. თავად ვის ადანაშაულებთ თქვენი მეუღლის სიკვდილში?
- იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც ეს ამბავი დატრიალდა, ამბობენ, რომ გაზი ღამის 3 საათზე უკვე აღარ იყო. დაცვა კი აცხადებს, რომ 5 საათზე შევიდნენ. ძაძამია ჯერ ამბობდა, ღამის 3 საათზე შევამტვრიე ფანჯარაო. მოკლედ, თავად დავიწყე სიმართლის მოძიება მეზობლებში. მაინტერესებდა, ვინ და რა დროს გაიგონა ხმაური და შემტვრევის ხმა. ყველა მეზობელი იყო შეშინებული და ვერ გამოვიდნენ. ისინი გააფრთხილეს, არ გამოსულიყვნენ და არ მოეყოლათ ეს ამბავი. გამორიცხულია, ზურას დაეტოვებინა დაცვა და მათ კიდევ არ მოეკითხათ რამდენიმე საათში. როგორ წარმოგიდგენიათ, დაცვის უფროსს მშვიდად ისე დაეძინა, ერთი ზარიც არ განეხორციელებინა მასთან, სახლში მივიდა თუ არაო? იქ მაინცდამაინც ის ადამიანი დატოვეს, რომელიც ზურას დაცვის წევრებს შორის იყო ყველაზე სუსტი. მერე ის მეუბნებოდა, რომ რაცია არ ჰქონდა, ტელეფონი დაუჯდა და ვაჟა-ფშაველაზე წავიდა დასატენად და სინდისი ხომ არსებობს? ხარშილაძე ხელს ადებდა, ამ ფანჯრიდან შევედიო. ჩაატარეს ექსპერიმენტი და იმ ფანჯრიდან ვერ შევიდა, რომელზეც მიანიშნებდათ და მეორე ფანჯრიდან შევიდა. რომელიც დაასახელა, იქიდან უნდა შესულიყო ექსპერიმენტის დროსაც. ახლა მე ვლაპარაკობ ელემენტარულ რამეებზე. ამ გამოძიების ჩატარება არის სახელმწიფოს მოვალეობა. სააკაშვილთან მივედით და ვუთხარით, იქნებ საერთაშორისო გამომძიებლები ჩამოიყვანოთ და დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროთო, მაგრამ არ გააკეთა. რაც ჩვენ შევამოწმეთ კი, ყველაფერში აღმოვაჩინეთ ტყუილი.
- იქნებ ის დღეც გაიხსენოთ?
- ზურამ წინა დღეს 5 საათზე დაიძინა. დილით 11 საათზე უკვე მთავრობის სხდომა ჰქონდა. მხოლოდ 5 საათი ეძინა. მთელი დღე იმუშავა. საღამოს 11 საათზე რომ ველაპარაკე, მითხრა, დაღლილი ვარ და მალე მოვალო. მის ლოდინში ჩამეძინა, მაგრამ ღამის 3 საათზე გამომეღვიძა და როცა ვნახე, რომ მოსული არ იყო, ძებნა დავუწყე. იმ დილით დაცვის წევრები ძაძამია და ხარშილაძე ვნახე, ამიტომ მათთან დავიწყე დარეკვა. გუშინდელ სასამართლო სხდომაზე მოიტანეს სატელეფონო ჩანაწერები, სადაც რატომღაც აღმოჩნდა, რომ ძაძამიასთან ტელეფონზე თურმე არ დამირეკია. ამ ჩანაწერში ჩემგან შესული ზარები გამქრალია. ზურას ნორმირებული სამუშაო დღე არ ჰქონდა. ხან როდის მოდიოდა და ხანაც როდის. ასეთ დროს ვრეკავდი დაცვასთან და 5-10 წუთის შემდეგ მალაპარაკებდნენ. თუ შეხვდრაზე იყო, შეუტანდნენ ტელეფონს, მეტყოდა, კარგად ვარო და მეტს არ ვაწუხებდი. 15 წელი, რაც მის გვერდით ვიყავი, ხან ააფეთქეს, ხანაც ცხინვალში დაცხრილეს და სულ მაკანკალებდა. ხმას რომ ვიგებდი, ვწყნარდებოდი. იმ ღამესაც დაცვამ მითხრა, 10 წუთში დაგალაპარაკებთო, მაგრამ რომ არ დამალაპარაკეს, კიდევ დავრეკე. წყნეთში ვიყავით და მაშინვე ავედი ბარამიძესთან, იქაც რომ არ დამხვდა, მისი ცოლი და მე თოვლში, ფეხით წამოვედით თბილისში. მორალისტი არ ვარ და ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მაგრამ ჩვენ ასეთი წესი გვქონდა ოჯახში, სულ ვკითხულობდი, როცა იგვიანებდა, ვერ ვწვებოდი და მშვიდად ვერ ვიძინებდი.
- თქვენი მეუღლის გარდაცვალების საშინელი ვერსია გავრცელდა. ამას რითი ხსნით?
- მაგათ მიერ არის ეგ ვერსიაც გავრცელებული და გათვლილი იყო იმაზე, რომ მე შემაშინებდნენ, დამაშანტაჟებდნენ და მკვლელობას ჩაფარცხავდნენ. ეს იყო ამისი გავრცელების მიზანიც. ბათუმის იუბილეზე ნაციონალებმა ზურა კადრებიდანაც კი ამოჭრეს და წარმოგიდგენიათ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ?
- როგორც ვიცი, სააკაშვილის ოჯახთან თავდაპირველად ძალიან თბილი ურთიერთობა გქონდათ და მათ ხშირად მასპინძლობდით. მერე ასეთი რა მოხდა?
- ჩვენი კარი ყველასთვის იყო ღია. სანდრა ახალი ჩამოსული იყო და არავის იცნობდა. ერთი თვე ჩვენთან, წყნეთში ცხოვრობდნენ. სანდრამ პირველად ჩვენთან ნახა, როგორი იყო ქართული ოჯახი. იმას კი არ ვამბობ, გინდა თუ არა მე ვარ კარგი-მეთქი, მაგრამ მე გიყვებით, როგორ ვცხოვრობდით. უსინდისოა ეგ სააკაშვილი. ეგ კაცი ფსიქიკურად ჯანმრთელი და ნორმალური არ არის. ზურა ამას ხვდებოდა და ამბობდა, დაღუპავს ამ ქვეყანასო. მაინც ჰქონდა იმედი, რომ რაღაცნაირად თავის ჭკუაზე შემოატრიალებდა და ამისათვის, რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა. სააკაშვილის იარაღის ბიზნესებთან კავშირები და მსგავსი რამ, ცხადია, ციდან ჩამოვარდნილი თემები არ არის. მართლა გახდნენ მილიარდერები და იახტებით დასეირნობდნენ. ახლაც სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, ჩვენსავით ბაზარში კი არ დადიან. ისე ნუ გამიგებთ, რომ ბაზარში სიარული სამარცხვინოდ მიმაჩნია. როგორც მინდა, მე ისე ვცხოვრობ, მაგრამ ისინი სხვის ხარჯზე ცხოვრობენ ასე. არც ქვეყნის ინტერესი არსებობდა მათთვის და არც სხვა რამე.
- ქმრის გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილთან უშუალო და გულახდილი საუბარი არ გქონიათ? არ უთხარით, რასაც ფიქრობთ?
- არა, მერე შეშინებული იყო და უკვე თავად მერიდებოდა. გარკვეული დრო დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი დამელაგებინა. მე რომ გამიჭირდა და სიმართლის ძებნა დავიწყე, ზურას მეგობრები „ბუნკერში" ჩავიდნენ. არ ვიცი, რა სიმართლე იციან მაგათ, ან რა არ იციან. ისინი ამბობდნენ, რომ ზურა დაცვის გარეშეც რჩებოდა, რაც არის ტყუილი. ასეთი რამ მხოლოდ სააკაშვილის დაკვეთით შეიძლება ეთქვათ. ისინი სასამართლოში მოწმეების სახით ორგანიზებულად გამოცხადდნენ. არ უშვებდა ზურა დაცვას. ნახევარი საათი პასუხი რომ ვერ მივიღე, მაშინვე ისტერიკაში ჩავვარდი და დაცვასთან დავრეკე. ვიცოდი, ისიც მათ გვერდით იქნებოდა. სხვა შემთხვევაში ხომ ასე არ დამემართებოდა და მსგავს მდგომარეობასაც შეგუებული ვიქნებოდი?!
- ზურაბ ჟვანიას რომელ მეგობრებზე საუბრობთ?
- მოწმეებში არიან ბარამიძე, გოგორიშვილი... თუ ტყუილი უნდა ეთქვათ, მაგას ჯობდა, ხმა არ ამოეღოთ. მე თუ მათ დავინდობ, ისევ ზურას გამო, მაგრამ მიფრთხილდნენ, არ ამალაპარაკონ!
- შვილებზეც მოგვიყევით, სად სწავლობენ, როგორ ცხოვრობენ მამის გარდაცვალების შემდეგ?
- ნინო 20 წლის არის. სწავლობს იელის უნივერსიტეტში. საქართველოდან ჩააბარა გამოცდები და რადგან მაღალი ქულები მიიღო, მისი სწავლა თავად უნივერსიტეტმა დააფინანსა. ვაჟიშვილი ბესარიონიც კორნელის უნივერსიტეტში, ისიც იუნივერსიტეტის დაფინანსებით სწავლობს. ორივე უმაღლესი სასწავლებელი არის ყველაზე წარმატებული და ამერიკის უნივერსიტეტების ტოპ-ათეულში შედის. ამაყი ვარ, ჩემმა შვილებმა ასეთი შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა რომ გამოიჩინეს. ანა ამერიკულ აკადემიაში სწავლობს და ისიც ემზადება ამერიკის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ყველას შეუძლია, ეს გამოცდები ჩააბაროს და მერე უკვე, მიღებული ქულების მიხედვით არჩევს, რომელ უნივერსიტეტში უნდა ისწავლოს. ჩემმა შვილებმა ძალიან მაღალი ქულები მიიღეს. ახლა სამივე არის საქართველოში და მუშაობენ სხვადასხვა ადგილებზე. ხელფასს არ იღებენ, მაგრამ შრომით გამოცდილებას კი იძენენ.
წყარო: postalioni.com