„ჭუბერის გზით მომიწია დაბრუნება. ეს უკვე აღარ იყო აფხაზეთის ომი. ეს იყო ჯოჯოხეთი როგორც ჩემთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ეს გზა გამოიარა. ძალიან მძიმე იყო ეს გზა ჩემთვის, იმიტომ, რომ ჯინსებით, ბოტასებით და ერთი ჯოხით ალპურ ზონაში აღმოვჩნდით. მთელი 2 000 კილომეტრი ფეხით უნდა გვევლო. მანქანაში ადგილი ჩვილ ბავშვებს დავუთმეთ. იქ, სადაც სამი ადამიანი უნდა მოვთავსებულიყავით, 7 ჩვილი ბავშვი ჩაეტია. მაშინ არ იყო ინტერნეტი და კასეტა უნდა ჩამოგვეტანა", - იხსენებს „პატრიოტრთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში „რეპორტიორის თვალით..."
„ვერც კი წარმოიდგენთ, რა მძიმე სცენები ვნახე ამ გზაზე... მინდა, ოდესმე დავჯდე და წიგნი დავწერო ამაზე. იმ გზაზე ადამიანი სულიერად გაშიშვლდა მთლიანად, ყველა თვითგადარჩენისთვის იბრძოდა. ამ გზაზე დავინახეთ საკუთარი თავები - შეგიძლია თუ არა გაწირო ადამიანი, როცა ის სულს ღაფავს, გადაუარო და გაიარო. თუ - შეგიძლია გაჩერდე და დაეხმარო, შენს თავზე იფიქრებ თუ პატარა ბავშვს წამოიყვან, ან მოხუცს... ადამიანები გაშიშვლდნენ ამ გზაზე, სხვათაშორის, ამ გზას მოხუცები უფრო უძლებდნენ, ვიდრე პატარა ბავშვები. პატარები იყინებოდნენ, მახსოვს, ჩვილ ბავშვებს შეშინებული დედები ხელს უშვებდნენ და ეს ბავშვები ხრამებში ცვიოდნენ... ეგონათ, რომ მოკვდნენ და მერე ამოჰყავდათ.. ათბობდნენ და ცოცხლდებოდნენ ეს ბავშვები.
მე ერთი მოხუცი ქალბატონი მომყავდა. ამ გზის რაღაც მონაკვეთი ერთად გამოვიარეთ, ბინდდებოდა და ჩქარა თუ არ ვივლიდით - გავიყინებოდით. ბებიას გაზრდილი ვარ და ბებიები განსაკუთრებით მიყვარს, ყველა ბებიაში ბებიაჩემს ვხედავ. ეტყობა, მაშინაც ბებია მენატრებოდა. ხელი რომ ჩამკიდა ამ ქალბატონმა, დავაკვირდი, ხელში სათვალე ეჭირა, რომელსაც ფეხსაცმლის თასმისგან გაკეთებული საყურე ჰქონდა. ეს სათვალე ჩაყინული ჰქონდა ხელში... მომყვება და მეუბნება - ყველაფერი სოხუმში დავტოვე, ჩემი ქმრის საფლავი, ჩემი სახლი და წინ სად მივდივარ, ისიც არ ვიციო... მე ვეუბნები - ჩქარა ვიაროთ-მეთქი და ვერ მომყვებოდა... მერე დავხედე და ფეხშიშველი ყოფილა. მერე ერთ-ერთ კოცონთან მთხოვა, აქ დამტოვეო. ბებია ჯარისკაცებს ჩავაბარე და ჩვენ წამოვედთ, სწრაფად უნდა გვევლო, რომ კასეტები ჩამოგვეტანა.
რა მახსენდება, იცით? - თავშალი ჰქონდა, რომელიც მე მომახურა. მე 80 წლის ვარ და თუ გავიყინები, ეგ არაფერი, მაგრამ შენ კიდევ უნდა იცოცხლო და თავშალი გაგათბობსო.
იქ იყო საოცარი მაგალითები - უწესობისაც, სხვათაშორის, ისეთი მაგალითებიც მახსოვს, დედამ შვილი რომ მიატოვა და შვილმა - დედა და მერე ატირებულები ისევ ერთმანეთს რომ შეხვდნენ. ამავდროულად, უკიდეგანო სიკეთის მაგალითები იყო.
მახსენდება ყველა ის ჟურნალისტი, რომლებიც ამ დიდ ომებს შეეწირნენ. ჭუბერში ჩვენი ოპერატორი გრიშა დოლგოპულოვი აფეთქდა ვერტმფრენში. მინდა, ამ ადამიანის სახელი და გვარი დაიმახსოვროს ჩვენმა მაყურებელმა, ეს ადამიანი ლტოლვილების კადრების გადასაღებად მიდიოდა, მეც უნდა ავსულიყავი ვერტმფრენში, მაგრამ ადგილი არ იყო და ერთ-ერთმა კაცმა ხელი მკრა - არ არის შენი ადგილი - ჩადი რა ამ ვერტმფრენიდანო. ზუსტად 5 წუთშიუ აფრინდა ვერტმფრენი, კლდეს შეეჯახა და ... ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა მაშინ, მათ შორის გრიშკა.
ასევე, საშა იოსელიანს გავიხსენებ, ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელთან ერთადაც მთელი ომი გავიარე. ასევე, გულიკო გოდილაძეს - უნიჭიერესი რეჟისორი, რომელიც ფილმს იღებდა აფხაზეთის ომზე და აფეთქდა 500-კილოგრამიან ნაღმზე.
იცით, რაზე მწყდება გული? - დღეს, აი, ასე უბრალოდ რომ გაისვრიან ხოლმე იარლიყებს - შენ პრორუსი ხარ, შენ იმის აგენტი ხარ და შენ ამისო, მე და ჩემი მეგობრები რომ აფხაზეთის ომში ვიყავით და სწორედ რუსების ჩამოგდებულ ბომბებზე რომ აფეთქდნენ ჩემი მეგობრები, ეს მაია ორჯონიკიძეები და ნათია მეგრელიშვილები სად იყვნენ მაშინ?! რატომ არის ასეთი ადვილი ადამიანებისთვის იარლიყების მიკერება?!
მოკლედ, ეს იყო ულამაზესი თაობა, რომელიც ჩაწვა აფხაზეთის ომში და ჩვენ უნდა უკვდავყოთ მათი სახელები. სამწუხაროდ, მე დღეს არ მაქვს ძალა, რომ ამ ჟურნალისტების და ოპერატორების სახელები გავაცოცხლო, მაგრამ აუცილებლად მოვა ის დრო, როცა მათთვის და პირველ რიგში მათი შვილებისთვის რაღაცის გაკეთებას შევძლებ."- იხსენებს ირმა ინაშვილი.
ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:
http://reportiori.ge/?menuid=75&id=72462