reportiori.ge - კრემერი: ქართველებს შეუძლიათ მილსადენის ალტერნატიული მარშრუტი ჩუმად ეძებონ, მაგრამ ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:27
პრეს-დაიჯესტი
კრემერი: ქართველებს შეუძლიათ მილსადენის ალტერნატიული მარშრუტი ჩუმად ეძებონ, მაგრამ ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ
ავტორი:
21 ივლისი, 2015. 11:31


რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოწევას ვაშინგტონში ექსპერტები აღმაშფოთებელს და გაუგებარს უწოდებენ. ასევე გამოიხატა შეხედულება, რომ რუსეთმა ამ ნაბიჯით მსოფლიოს დაანახა, რომ ისე იმოქმედებს, როგორც სურს და მას ვერავინ შეაჩერებს. კრემლის მიერ საქართველოს საზღვრისა და ბაქო-სუფსის მილსადენის საკითხებით მანიპულირება ისეთ დროს დაემთხვა, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის და საბერძნეთის ამბებით იყო დაკავებული.


ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრის, ეგრეთ წოდებულ, დემარკაციას გაუგებარს უწოდებს და ამბობს, რომ კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც გაამწვაოს.


„გაუგებარია, რატომ სურს კრემლს ამის გაკეთება. საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობას ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. შესაძლებელია, რომ რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურაში ვიღაცას სჯერა, რომ მოვიდა დრო, გაძლიერდეს ძალისხმევა, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული", - აცხადებს ყოფილი ელჩი.


კორტნი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, რადგან ეს მილსადენი, მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაქო-სუფსის მილსადენი. ამასთან, მას იმედი აქვს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ დასავლეთი საქართველოს მეტ დახმარებას აღმოუჩენს.


„ალბათ, მოვიდა დრო, დასავლეთმა დაიწყოს საქართველოსთვის მეტი დახმარების აღმოჩენა მილსადენების მონიტორინგის მიმართულებით. არ არის აუცილებელი, ეს სამხედრო დახმარება იყოს. ამ მიზნის მიღწევა ტექნიკური დახმარებით, მონიტორინგის დახვეწით, დრონების საშუალებით არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს, რუსები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ, საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული იყვნენ და დასავლეთი არც საქართველოს მიაწოდებს შეიარაღებას. ჩემი აზრით, ამერიკის კონგრესში მალე დაიწყება საუბარი იარაღის მიწოდებაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ეს მალე არ მოხდება, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დებატები დაიწყება".


მაკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორი ადამიანის უფლებების სფეროში დევიდ კრემერი ამბობს, რომ საზღვრის ეგრეთ წოდებული დემარკაცია რუსეთის მიერ გადადგმული უკანასკნელი აღმაშფოთებელი ნაბიჯია. ის აცხადებს, რომ რუსები გამუდმებით დგამენ მსგავს ნაბიჯებს და იმის შესამოწმებლად, თუ სადამდე შეუძლიაღ მიუღებელი ზღვრის გადაწევა.


„ამ შემთხვევაში მათ ბაქო-სუფსის მილსადენი საოკუპაციო ხაზის საკუთარ მხარეს მოაქციეს, რაც მათ მოქმედებას კიდევ უფრო ამძიმებს. საქართველომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს ნაბიჯი არ უნდა აღიარონ და გამუდმებით უნდა მოითხოვონ საზღვრის შეთანხმებულ ხაზზე გადატანა".


კრემერს მიაჩნია, რომ ამაზე დიდი საკითხი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ზოგადი როლია.


„ამ რეგიონების ფორმალური ანექსია არ მომხდარა და ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად მივიჩნევთ. შესაბამისად, რუსეთის იქ ყოფნა თავისთავად არაკანონიერია და ეს თემა ყოველი შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა წამოვჭრათ".


კრემერს მიაჩნია, რომ საქართველოს საზღვრით მანიპულირების საკითხს გავლენა მთელ რეგიონზე აქვს. მისი თქმით, ამ ნაბიჯით კრემლმა ევროპას, უკრაინას, მოლდოვას ის დაანახა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია იმის გაკეთება, რასაც მოისურვებს. ამასთან ის ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენებზე, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობდა საქართველოს საზღვრის „დემარკაციის" პარალელურად - საერთაშორისო თანამეგობრობა საბერძნეთის ფინანსურ კრიზისზე და ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე იყო კონცენტრირებული.


„ეს ჩვენთვის განგაშის ზარი უნდა იყოს და ის შეგვახსენოს, რომ ეს კონფლიქტი დასრულებასთან ახლოსაც კი არაა. რუსები მიგვანიშნებენ, რომ კონფლიქტი არც გაყინულია. ჩვენ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა შევიმუშაოთ და ვუთხრათ რუსებს, რომ ეს ნაბიჯები აბსოლუტურად მიუღებელია და მოვითხოვოთ საზღვრის უკან გადატანა ისე, რომ მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდეს", - აცხადებს კრემერი.


ბაქო-სუფსის მილსადენისთვის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაზე კი კრემერი ამბობს, რომ საქართველომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევად არ უნდა მიღოს და ნავთობის გადამისამართებით მცდარი გზავნილი არ უნდა გაავრცელოს:


„საქართველო არ უნდა იყოს იძულებული, მონახოს ალტერნატივები. ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ ძალიან მკაცრი პოზიცია, რომ ეს მილსადენი საქართველოს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. რუსეთის ამ აღმაშფოთებელი ნაბიჯის გამო ქართველები არ უნდა დაზარალდნენ. ქართველებს შეუძლიათ ალტერნატივები ეძებონ, მაგრამ ეს ჩუმად უნდა გააკეთონ და ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ".


კრემერი ამბობს, რომ მილსადენის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაში დროის და რესურსის ხარჯვის ნაცვლად, თბილისმა მთელი ძალისხმევა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისკენ უნდა წარმართოს. კრემერი და კორტნი თანხმდებიან იმაზე, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს რუსეთთან ამ ასიმეტრიული ომის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება.



წყარო: amerikiskhma.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016