ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება კონკრეტულმა მიზეზებმა გამოიწვია. როგორც ჯგერენაიამ „პირველ პრესკლუბში" განაცხადა, ტარიფი სამივე კატეგორიას გაეზრდება 60%, 40% და 35%-ით.
„არსებული სიტუაციისთვის სამი სახის ტარიფია: 1. სოციალური ტარიფები7-თეთრიანი ტარიფი, რომელიც 11 თეთრი გახდება; მეორე 11-თეთრიანი ტარიფი, რომელიც 15 თეთრი გახდება და მესამე 15-თეთრიანი ტარიფები, რომელიც 19 თეთრი გახდება. პროცენტულად ასე გადანაწილდება ტარიფები 60-ით პირველ კატეგორიას ეზრდება, მეორეს - 40%-ით, ხოლო მესამე კატეგორიას 35%-ით", - განაცხადა ჯგერენაიამ.
ექსპერტის თქმით, ტარიფების გაძვირება სამმა მიზეზმა განაპირობა.
„პირველი მიზეზია, რომ ელექტროენერგეტიკის ბიზნესში რეფორმა, რომელიც 2007 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. მეორე ფაქტორია ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, ამან საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონია. ხოლო მესამე მიზეზს წარმოადგენს ის, რომ მარტო „თელასს" გააჩნია თავისი გენერაციის ობიექტი, დანარჩენები კი მთლიანად შესყიდულ ელექტროენერგიას ყიდიან", - აღნიშნა ჯგერენაიამ.
ექსპერტის განმარტებით, ტარიფების ზრდა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდასაც გამოიწვევს.
„როგორც ინფორმაცია მაქვს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო სუბსიდირებას გაუკეთებს, მაგრამ ძირითადში დენის ტარიფი, როგორც ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის და საწარმოებისთვისაც გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულად იქნება აღქმული. სავარაუდოდ, ინფლაცია აგვისტოს თვეში 7%-მდე გაიზრდება, ხოლო ბიზნესი ნაკლებადკონკურენტუნარიანი გახდება. ტარიფების გაზრდას ასევე წარმოების გაძვირება მოჰყვება, შესაბამისად პროდუქცია, მათ შორის პურის ფასებიც გაიზრდება", - განაცხადა ექსპერტმა „პირველ პრესკლუბში".