საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის უფროსის რობიზონ მარგველანის განცხადებით, გამსახურდიას გარდაცვალების საქმე ვერც კონსტანტინე გამსახურდიას საგამოძიებო ჯგუფმა გამოიძია, რადგან არსებობს ნიუანსები, რომელიც მან თავად იცის, ხოლო საგამოძიებო ჯგუფმა ეს ვერ გაარკვია...
„როდესაც ზვიად გამსახურდია პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ხელახლა მოხდა მისი გაპატიოსნება, გიორგი გამსახურდია შევიდა და ცხედარი დაათვალიერა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ დაინახა, თითზე როგორ ემჩნეოდა სასხლეტის კვალი, შავი ზოლი.
როდესაც ცოტნე გამსახურდია იძახის, პრეზიდენტი ნაწამები იყოო. ესე იგი, ყველა დოყლაპია ყოფილა, გროზნოში ვინც იყო, დაწყებული დუდაევიდან, დამთავრებული თავისი ძმებით, რომ ვერ შეამჩნიეს ზვიად გამსახურდიაზე წამების კვალი?
კოკო გამსახურდიამ ეს ვერ იპოვა, სად იყო პრეზიდენტის იარაღი, რომლითაც თავი მოიკლა და პრეზიდენტის ბეჭედი. მე დამდო ბრალი, რომ თურმე ის მე გადამიმალია და შემინახია. დიახ! ის იარაღიც და ბეჭედიც მე შევინახე იმისთვის, რომ როდესაც გამოძიებას დასჭირდებოდა, ის იარაღი და ბეჭედი უნდა მიმეტანა.
ჯონსონ კვარაცხელია, ვის ეზოში ზვიადი დავასაფლავეთ, მეორე დღეს წავიყვანე, მისი ხალხის უკან იყო დიდი ტყე, ტყეში ვიპოვე დიდი კაკლის ხე, გავთხარე ორმო კაკლის ძირში და იარაღი და ბეჭედი იქ დავმარხე. ჯონსონიც გავაფრთხილე, რომ არავისთვის ეთქვა. თუმცა, საუბედუროდ, ჯონსონი არ დაელოდა ჩემს მისვლას და ის იარაღი და ბეჭედი გადასცა მანანა არჩვაძეს, როგორც მე თავად ჯონსონ კვარაცხელიამ მითხრა. ეს იარაღი მანანამ აჩუქა თავის შვილს - გიორგი გამსახურდიას და მაქვს ინფორმაცია, რომ დღესაც იმ იარაღით დადის გიორგი გამსახურდია თბილისში. ამიტომ არ არის კონსტანტინე გამსახურდიას გამოძიება სანდო, რომ ეს პატარა ნიუანსი ვერ გაარკვია.
ხმამაღლა ვაცხადებ, კიტოვანმა, გიორგაძემ, შევარდნაძემ, გურამ აბსანძემ, სიგუამ, მანანა არჩვაძემ და იოსელიანმა მიიყვანეს ზვიად გამსახურდია თვითმკვლელობამდე! ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ და ფაქტებით დავუმტკიცებ ყველას ამას!" - აცხადებს მარგველანი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)