საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ხშირად „პლანეტარული ტერმინოლოგიით" საუბრობენ. ასე მაგალითად, უკვე საყოველთაო გამონათქვამად იქცა, რომ საქართველო, როგორც „სატელიტი", შესაძლოა „რუსული ორბიტის" ნაწილი გახდეს; არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო, როგორც კომეტა, დასავლეთის „ტრაექტორიას" გაჰყვება, და თუ ეს ასე მოხდა, საქართველო, მეტეორის მსგავსად, შეიძლება რუსეთთან „შეჯახების" წინაშე აღმოჩნდეს. ახლახანს „ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია საქართველოს რუსეთის ორბიტაზე შესაძლო აღმოჩენასთან დაკავშირებულ საშიშროებაზე. ისევ კოსმოლოგიური ტერმინებს თუ მოვიხმობთ, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს მოსახლეობა, მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და ხელისუფლება დაამტკიცებს თავის ენთუზიაზმით გაცხადებულ ერთგულებას დასავლეთის მიმართ და ერთი ხელის მოსმით უარყოფს რუსეთს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლესმა სოციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 26% მიიჩნევს, რომ ნაცვლად ევროკავშირისა, ქვეყანა ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს. კონტექსტის გვერდის ავლით, კიდევ ერთხელ გაჟღერდა „რუსული ორბიტის" ინტერპრეტაცია, თუმცა ამ გამოკითხვამ ბრწყინვალედ დააფიქსირა, რომ გარედან საქართველოს უკვე სთავაზობენ მცდარ არჩევანს. საქართველო არ არის ზეციური ქვეყანა. ის მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში და ჰყავს სპეციფიკური მეზობლები, მას გააჩნია ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო საზღვრები. ათასობით ქართველი ღებულობს ფულად გზავნილებს რუსეთიდან და სავაჭრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან. თაობების განმავლობაში, ტელეფონის ყურმილის აღების დროს წარმოთქმული „ალო" ელიტარულად ითვლებოდა და იმაზე მიანიშნებდა, თუ რამდენი ხანი დაჰყო ადამიანმა მოსკოვში.
მაისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის. რეგიონს დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ფინეთის ეკონომიკას 1990-იანი წლების დასაწყისში. საქართველოს საპროგნოზო ზრდის მაჩვენებლები განახევრდა: მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე წელს განისაზღვრა 2,3%-ით. ეს მონაცემი შედარებით უკეთესია მოლდოვას ანალოგიურ მაჩვენებელზე, რომელიც 2%-ით განისაზღვრა, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის ეკონომიკაზე ომის პირობებში. ეს ხდება იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა (და საზოგადოება) სულ უფრო და უფრო შორდება პოსტ-საბჭოურ ჩარჩოებს.
ისტორიულად მცდარი შეხედულება ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს დასავლური არჩევანი ანტი-რუსულ განაცხადს წარმოადგენს. საქართველო 1994 წლის მარტში შეუერთდა პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისთვის", მოგვიანებით, იმავე წლის ივნისში ამ პროგრამას რუსეთიც შეუერთდა. საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა 1996 წელს, რუსეთმა ჩვენ დაგვასწრო, მან ამ შეთანხმებას 1994 წლის ივნისში მოაწერა ხელი. გამომდინარე აქედან, საქართველო აგრძელებდა ინსტიტუტების ჩამოყალიბების, ეკონომიკური განვითარების და სახელმწიფოს აღმშენებლობის გზას, მსგავსად პოსტ-კომუნისტური ქვეყნებისა და მას, რუსეთისგან განსხვავებით, ამ კურსიდან არ გადაუხვევია.
გარდა ამისა, საქართველო მუდმივად ცდილობდა ოფიციალურ მოსკოვთან შეთანხმების მიღწევას, და დასავლეთიც სწორედ ამ გზას გვირჩევდა. 2004 წელს, როდესაც სააკაშვილის მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, ის რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებას შეეცადა, 2012 წელს როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მან იმავე იმედით დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღება. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს 2009 წელს გადატვირთვის წითელი ღილაკი აჩუქა, მაშინ ბევრ ჩვენთაგანს გაუჩნდა სურვილი გამხდარიყო შემაკავშირებელი ხიდი ურთიერთობებში, ვიდრე განზე მდგარიყო.
ნატოს მხრიდან დღემდე არ შეწყვეტილა რუსეთთან 1997 წელს დადებული დამფუძნებელი აქტის მოქმედება, რომლის ძალითაც იკრძალება მუდმივი სამხედრო ბაზების განლაგება ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. რეგულარული წვრთნები შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერ დროს მოხდეს სამხედრო ძალების განლაგება რეგიონში, თუმცა დასავლეთი თავისი ვალდებულებების ერთგული რჩება. ნატო-ს მოკავშირე ძალები ყოველთვის ცდილობენ არ გააღიზიანონ რუსეთი, მათ შორის ოფიციალური მოსკოვისათვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზე იმ რეგიონთან მიმართებაში, რომელსაც კრემლი „ახლო საზღვარგარეთს" უწოდებს.
თავდაპირველად რუსეთი რეგიონთან მიმართებაში, შედარებით რბილ, გაწონასწორებულ ტერმინოლოგიას იყენებდა, მაშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი კოზირევს გულწრფელად სურდა ევროპასთან დალაპარაკება. თუმცა 1993 წლის დასაწყისში, პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის მრჩეველმა გამაფრთხილა, რომ თუ კი ერთხელ მაინც ცნობთ ტერმინს „ახლო საზღვარგარეთს", შესაძლოა მოვიდეს დრო და მოგიწიოთ „შუა" ან „შორეული საზღვარგარეთის" ცნებებთან შეგუებაც. ეს დროც დადგა. მოხდა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, დღის წესრიგშია მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების საკითხიც. მიუხედავად ამისა, „Wall Street Journal"-ში იბეჭდება სტატია, სადაც რუსეთი განხილულია, როგორც შემაკავებელი ფაქტორი. კიდევ უფრო შორეული საზღვარგარეთის ქვეყნები ფინეთი და შვედეთი დგანან მათი საჰაერო სივრცის, ტერიტორიული წყლების და კიბერსივრცის დარღვევის ფაქტის წინაშე. და ეს არის სიგნალი იმისა, რომ მათი ნეიტრალიტეტი წინ ვერ აღუდგება აგრესიას. ბალტიის ქვეყნებს კი იმის შიში უჩნდებათ, რომ რუსეთი ერთ დღეს მე-5 მუხლის გამოცდას მოისურვებს.
რუსეთის „ახლო-შუა-შორეული-საზღვარგარეთის" კონცეფციის აპრობირება ხდება ნატოს ყოველ სამიტზე, შემდგომი ვარშავის სამიტია, რომელიც 2016 წლის ივლისში ჩატარდება. უკვე ნათელია, რომ ჩვენ უნდა გავცდეთ დაშოშმინება-თავშეკავების ნიშნულს. არსებულმა სტატუს-კვომ შესაძლოა გვიკარნახოს ჩვენი სამომავლო ქმედებები. მე-5 მუხლით გაწერილ „უსაფრთხოების გარანტიებსა" და „კეთილი ნებაზე დაფუძნებულ კოალიციებს" შორის, რომელთა გამოცდაც სისტემატურად ხდება რეგიონალური წვრთნებით, შესაძლოა გადაისინჯოს და ხელახლა ამოქმედდეს კოლექტიური უსაფრთხოება, და ეს მოხდეს მტკიცებითი და არააგრესიული ფორმით. ეს არის არა „პრინციპის", არამედ ეფექტურობის საკითხი. საქართველოს რუსეთის დაშინების ან პროვოცირების სურვილი არასდროს ჰქონია. ხმამაღალი ხშირი შეტევები რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება კარგ პოლიტიკად ითვლება ზოგიერთისთვის, მაგრამ ეს პოლიტიკა ცუდი და სახიფათოა საქართველოსთვის. ჩვენ ვიმყოფებით რუსეთთან ახლოს და არა რუსეთის შიგნით. ჩვენ გვსურს რუსეთთან ცხოვრება და არა რუსეთში.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე
http://nationalinterest.org/feature/georgias-aspiration-living-not-russia-13353