reportiori.ge - გომელაურის მასტერკლასი და „ნაციონალების“ ისტერიკა - რამ გააღიზიანა სააკაშვილის ხელისბიჭები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:54
პრეს-დაიჯესტი
გომელაურის მასტერკლასი და „ნაციონალების“ ისტერიკა - რამ გააღიზიანა სააკაშვილის ხელისბიჭები
ავტორი:
23 ივლისი, 2015. 13:04


საქართველოს პარლამენტმა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე 83 ხმით დაამტკიცა. რა თქმა უნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" გომელაურის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა და ეს აბსოლუტურად ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, რადგან ეს ძალა აპრობირებულია მანიაკალური მიდრეკილების არაპროფესიონალი კადრების დამტკიცებისკენ. ალბათ, მოვა დრო და დაიწერება სახელმძღვანელო, როგორ მოხდა 21-ე საუკუნეში წითელი ეშმაკუნების პორტირება ხელისუფლებაში და როგორ მართავდა ნეობოლშევიკური პარტია, დემოკრატიის სახელით, სისხლის, მკვლელობისა და დაშანტაჟების ხარჯზე ქვეყანას.


გომელაურის დამტკიცებას მოსალოდნელი პროვოკაციების გარეშე არ ჩაუვლია და მას ზუსტად ის პირსისხლიანი პოლიტიკური ვამპირი დაუპირისპირდა, რომლის ხელებსაც ჯერ კიდევ აფრასიძეების სისხლი არ შეშრობია. ვადაგასული პოლიტიკოსი გია ბარამიძე პროვოკაციის ღერძს წარმოადგენდა, რომელიც ცდილობდა, ისეთი გაწონასწორებული პიროვნება, როგორიც არის ვახტანგ გომელაური, მდგომარეობიდან გამოეყვანა. სტაჟიანმა პროვოკატორმა გომელაურის „აგდება" დაიწყო მისი სტუდენტობის პერიოდიდან, როცა სააგენტოს ხელმძღვანელს შეახსენა, რომ მან დაამთავრა სპორტის აკადემია ბატუტზე ხტომის სპეციალობით. ბარამიძე მისავე ხსენებულ ბატუტზე ახტა და გომელაურის გაღიმებულ სახეს „დაახტა" (რა თქმა უნდა, ეს ფიგურალურად)...


„ნაციონალური მოძრაობა", თვლის, რომ ვახტანგ გომელაური იზრუნებს მხოლოდ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე, რადგან ის ოდესღაც იყო მისი პირადი დაცვის უფროსი, თუმცა გომელაურმა პოლიტიკურ პარტიას ამოფარებულ კრიმინალურ დაჯგუფებას მარტივად აუხსნა, რომ ის არის ამ თანამდებობაზე 6 წლით არჩეული, ანგარიშვალდებულია, ყოველწლიურად წარდგეს პარლამენტის წინაშე მოხსენებით და თუკი მის მიმართ იქნება პრეტენზიები, პარლამენტს შეუძლია, ამ პოსტიდან გადააყენოს. ფაქტობრივად, გომელაურმა ოპონენტებს მიანიშნა, რომ სულაც არ იყო საჭირო კბენა, ღრენა და საკუთარ უკანალზე ჩქმეტა იმისთვის,რომ ასეთ გამწარებულ ტონალობაში ეკივლათ და იქ კონცერტები ჩაეტარებინათ.


სხვათა შორის, „ქართული ოცნების" უმრავლესობამაც გვარიანად ხელი შეუწყო სტაჟიანი პროვოკატორების პროვოკაციას.


საოცრად სასაცილოდ გამოიყურებოდა აკაკი მინაშვილი, რომელსაც კითხვები ჰქონდა ჯერ კიდევ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, როგორც შეკვეთილი მკვლელობისა და ათასი უბედურებების სისტემის ხელმძღვანელთან. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობა" საუბრობს წასრულზე აწმყოში და იმ ბრალდებებს, რაც ბარამიძეს, ოქრუაშვილს, მერაბიშვილს ჩაუდენიათ, გომელაურს „ტენიდა".


ჩვენ გვახსოვს, როგორ ითხოვდა შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ორ ტრუპს", რაშიც იხდიდა პრემიებს. გვახსოვს გიორგი ბარამიძის მიერ ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, სვანეთში მიცვალებულების საფლავებიდან ამოყრა და მათი ძვლების გამგეობაში დაყრა. ჩვენ გვახსოვს შსს-ს მიერ მოწყობილი „ბართლომეს ღამის" სახელწოდებით სპეცოპერაცია, გვახსოვს ხელებაწეული ბუტა რობაქიძის საპატრულო პოლიციელების მხრიდან გიორგობა დღეს ჩაცხრილვა, გვახსოვს გივი თარგამაძის ურთიერთობა „კანონიერ ქურდებთან", გვახსოვს სააკაშვილისა და ტარიელ ონიანის შეხვედრები „ვარდების რევოლუციის" დღეებში, როცა „კანონიერი ქურდების" მხარდაჭერას ითხოვდა სააკაშვილი, რასაც ემზარ კვიციანიც ადასტურებს. ჩვენ გვახსოვს იმ 11 „კანონიერი ქურდის" სია, რომელთანაც „ნაცმოძრაობა" თანამშრომლობდა. 2006 წლიდან 2012 წლამდე ისინი საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიოდნენ და დიდი პატივისცემით აცილებდნენ „ნაციონალები"... გვახსოვს „ნაციონალების" მიერ უმოწყალოდ დარბეული მიტინგები, სახურავზე შემოდებული გვამები, დასახიჩრებული ადამიანები, სისხლის გუბეები რუსთაველზე და მეორე დღეს მათ მიერ გამართული აღლუმები. გვახსოვს პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამომწყვდევა, იქ პატიმრების წამება და სექსუალური ძალმომრეობა, ქონების უკანონოდ ჩამორთმევა, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბელორუსში, სომხეთში ვიზიტები და კოლეგებთან შეხვედრა. ნეტა, რაზე საუბრობდა ვანო? რა თქმა უნდა, ჩიტებსა და პეპლებზე - არა... მაგრამ რატომღაც ვახტანგ გომელაურის შს მინისტრობის დროს მსგავსი რამ  არ გვახსენდება...


ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ ხდებოდა ხულიგნობა და ამას სჩადიოდნენ დეპუტატები, რომელთაც ჩვენ ვაფინანსებთ და ხელფასს ვუხდით. ეს იყო ამაზრზენი და სამარცხვინო, რაც იქ ხდებოდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ასევე „ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრებისგან.


თქვენ არ გაქვთ უფლება, ასეთი პროვოკაციები მოაწყოთ ჩვენი ნერვების ხარჯზე და როცა ოთარ ჩრდილელი გია ბარამიძეს მორალს უკითხავს... აქვე, ჩემს ყოფილ კოლეგას, ოთარ ჩრდილელს კი მინდა შევახსენო, - ოთარ, გია ბარამიძის ნაძირალობებზე ტომებია დაწერილი, ნუ დაგვღალეთ რიტორიკაში გადასული შეძახილებით. ხელისუფლება თქვენია და იმოქმედეთ, დაუმტკიცეთ დანაშაული, თქვენი უმოქმედობით მათი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებით და ცირკის მოსაწყობად ხალხს არ აურჩევიხართ.


ცირკია, როცა ზაზა პაპუაშვილი იმუქრება, რომ უმცირესობას თავპირი უნდა უმტვრიო დღე და ღამე, თუ ნერვები არ გყოფნით, სხვის ნერვებზე ნუღარ თამაშობთ, ჩვენც გვაქვს ნერვები... ესენი უზრდელები და დემაგოგები რომ არიან, იმიტომაც არ აირჩია ხალხმა. თუ თქვენ ქვეყანაში სიმშვიდე გინდათ, აქედანაც არსებობდა გამოსავალი, ბიძინა ივანიშვილს ეს პარლამენტი უნდა დაეშალა. პარლამენტი, რომელიც ხალხმა აირჩია შიშის, სიძულვილის, კომპრომატებისა და ემოციის ხარჯზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ხალხს დანაშაული შეარგეთ და მათაც შეირგეს, რასაც კოჰაბიტაცია დაარქვით. ასეთი დისკრედიტებული ძალის ფონზე ყველაზე იდიოტი დეპუტატიც კი, მისაღებად გამოიყურება.


„ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კანდიდატის კრიტიკას მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი. გია ბარამიძემ ვახტანგ გომელაურს საქართველოში არსებულ კრიმინალურ სიტუაციასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, რასაც პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, - წინა ხელისუფლების დროს ადამიანების მკვლელობები ხდებოდა და ამაზე არც ერთმა პასუხი არ აგო... ხელისუფლება თქვენია ბატონო ზაზა და შეგიძლიათ პასუხი აგებინოთ... ამას მოჰყვა გაწევ-გამოწევა თევდორაძესა და პაპუაშვილს შორის, რასაც ქალად წოდებული „ნაციონალი" ხერხეულიძე კივილის აკომპანიმენტით „არაზბორკებდა". „მურკა კლიმოვა" ხარ, თუ დეპუტატი ეკა ხერხეულიძე?!.


აი, ხალხო, რამდენი იდიოტი გყავთ შესანახი!..


ჩხუბის პარალელურად საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრის მიმართ კითხვები არ წყდებოდა, რაზეც ვახტანგ გომელაური ოლიმპიური სიმშვიდით პასუხობდა.


ბრალდება „რემენაზე" - ყველა ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, დაკავებულია და მათი დაკავება კანონის ფარგლებში ხორციელდებოდა, ოღონდ ეს რეკლამირებისა და ტელევიზიით საუბრების გარეშე. გომელაური ე.წ. კანონიერი ქურდის „რემენას" საქართველოში შემოსვლას და შესაბამისად, არც მის გასვლას არ ადასტურებს. ასეთი რამ ბაზაში არ ფიქსირდება. სამაგიეროდ, შემიძლია წარმოვადგინო სია 2008 წლიდან 2012 წლამდე 11 „კანონიერი ქურდის", „ავტორიტეტის" შემოსვლის ფაქტი, რომელიც დაფიქსირებულია საბაჟოსა და საზღვარზე... ზოგიერთმა მათგანმა ნახევარ საათში დატოვა ქვყანა, ზოგმა - დღე-ნახევარში, 27 საათში გავიდა. ზოგიერთი აეროპორტიდანაც არ გამოსულა და იქიდანვე გაუშვეს.


როგორ უნდა დარწმუნდნენ დეპუტატები, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს? - გომელაურის პასუხი ასეთია: ერთი წლის შემდეგ იქნება თუ ექვსი თვის შემდეგ, ისინი დარწმუნდებიან, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. გომელაური აცხადებს, რომ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და მან ეს დაამტკიცა შს მინისტრის პოსტზე, როცა თანამდებობების მიუხედავად, მისმა უწყებამ დააკავა მერიის მაღალჩინოსნები.


და კიდევ, ვახტანგ გომელაური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის უფროსი მოსკოვში წავიდა და მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაიტანა. „ნაციონალებს", რომლებიც ამ თემის ფორსირებას ცდილობდნენ, შეახსენა, - ეს რომ მართლა მომხდარიყო, ვფიქრობ, რომ ჩვენ ასე ღია ეთერში არ უნდა ვსაუბრობდეთ. ამის ლაპარაკი პირდაპირ ეთერში არ შეიძლება, შეგვიძლია დავსხდეთ და დახურულ რეჟიმში ვისაუბროთ. არ შეიძლება ხელაღებით იმის ლაპარაკი, რომ უშიშროების სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის უფროსი მოსკოვში ოკუპირებული ტერიტორიის გავლით წავიდა და მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაიტანა. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, როგორც ვიცი, ეს პიროვნება შვებულებაშიაო...


მოკლედ, გომელაურმა მასტერკლასი ჩაატარა და „ნაციონალებს" ისეთი შეუსრულა საკომიტეტო მოსმენაზე, რომ მისმა კომპეტენტურმა პასუხებმა და სიმშვიდემ ისინი ისტერიკაში ჩააგდო.


ვნახოთ, გომელაური როგორ გაუძლებს 6-წლიან გამოცდას და რამდენად შეძლებს, ამ პოსტზე შექმნას საინტერესო და პოზიტიური ხელმძღვანელის პორტრეტი, როგორც ეს მან შს მინისტრის პოსტზე მოახერხა. მას ძალიან რთული გამოწვევები ელის...

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016