ამერიკაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონატი დაიწყო.„ინდიანა პეისერსმა" „ორლანდო მეჯიქს" მოუგო 97:87. მასპინძელთა რიგებში, როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო შედეგი პოლ ჯორჯმა აჩვენა:24 ქ. 5 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა. მოქმედმა ჩემპიონმა „მაიამი ჰიტმა" ორი თამაშის გამართვა მოასწრო; ჯერ „ჩიკაგოს" უმასპინძლა და 107:95 დაამარცხა,ორივე გუნდში საუკეთესო ჩიკაგოელი კარლოს ბუზერი იყო 31 ქულით. უღიმღამო დაბრუნება გამოუვიდა ხარების ლიდერ დერეკ როუზს: მხოლოდ 12 ქულა და 4 გადაცემა. როუზმა 7 სამქულიანიდან 1 გამოიყენა, 15 საშუალო ტყორცნიდან კი 4 მოათავსა კალათში. მეორე შეხვედრა, სტუმრად, ფილადელფიაში შედგა და მასპინძელთა მოულოდნელი გამარჯვებით დასრულდა 114:110. ქალაქურ დერბიში „ლეიკერსმა" „კლიპერსს" კობი ბრაიანტის გარეშე აჯობა 116:103. სხვა შეხვედრებში დიდად მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ჩვენთვის საყურადღებო მატჩი კი ნიუ- იორკში შედგა. ადგილობრივმა „ნიქსმა" „მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა. ზაზა ფაჩულია სტუმართა სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა არენაზე ძირითად ცენტრ სანდერსზე გაცილებით მეტი დრო დაჰყო და მილუოკელთა შემადგენლობაში ერთერთი საუკეთესოც გახლდათ. 33,54 წუთში 13 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 11 მოხსნა საკმაოდ კარგი შედეგია,თუმცა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კარმელო ენტონიმ და კომპანიამ 90:83 იმარჯვა. კლივლენდში წააგო თორნიკე შენგელიას „ბრუკლინმა", თუმცა ,როგორც მოსალოდნელი იყო , თორნიკე სამატჩო განაცხადში არ იყო. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით შენგელიას მალე რანგით დაბალ ლიგაში გაანათხოვრებენ, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.