ეთნოგრაფიულ მუზეუში დღეს ფესტივალი „არტ-გენი 2015" ნიაზ დიასამიძის და „33ა"-ს კონცერტით დაიხურება. 12:00 საათიდან ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მუზეუმის ტერიტორიაზე ქართული რეწვის და ჭედურობის ნიმუშების გამოფენები დაათვალიერონ, ასევე ქართული სამზარეულო დააგემოვნონ. 18:00 საათიდან კი ეთნოგრაფიული მუზეუმი აჭარის რეგიონის და ლატვიურ ქორეოგრაფიული ანსამბლ „შაიმეს" გამოსვლას უმასპინძლებს.
„არტ-გენი 2015"-ზე დასასწრები ბლეთები 18:00 საათამდე 5 ლარი, ხოლო 18:00 საათის შემდეგ 15 ლარი ღირს.
ფესტივალი „არტ-გენი 2015" 28 ივნისს იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გაგრძელდა, შემდეგ კი თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლა.
ფესტივალის დაარსებიდან მე-12 წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა მთავარ თემად „წიგნი და ბიბლიოთეკა" აირჩიეს. „არტ-გენსა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ფოლკლორის კაბინეტი, რომელშიც ფესტივალის მიერ მთელს საქართველოში თორმეტი წლის მანძილზე შეგროვილი და დაარქივებული უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები განთავსდება. „არტ-გენზე" კი, ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულია წიგნის სკივრი, სადაც შემოწირულ წიგნებს ნებისმიერი მსურველი ეცნობა.