ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა. ცერემონია ორ საათს გაგრძელდა.
ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო არგონავტების ექსპოზიცია და ამ დადგმაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბალერინამ ირმა ნიორაძემ. ასევე, შესრულდა ქართული ფოლკლორული საცეკვაო ნომრები. მათ შორის ხორუმი, სამაია. წარმოდგენილი იყო ქართული საგალობლები.
ღონისძიების ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე საჰაერო ბურთით შემოიტანა აკრობატმა გოგონამ, რომელმაც ცეცხლი გადასცა ყოფილ ფეხბურთელ გელა კეტაშვილს. მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა.
საზეიმო ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს მედროშეებმა. მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა.
ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, 50 ევროპული ქვეყანა მონაწილეობს.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)