საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, დავით კირვალიძემ ე.წ მოდულის შენობა დატოვა. ყოფილი მინისტრი დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
როგორც კირვალიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, მას კითხვები ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. მისივე თქმით, კითხვები მამუკა ივანიაძესთან დაკავშირებით არ ყოფილა. ყოფილმა მინისტრმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საჭიროების, შემთხვევაში მზად არის გამოძიების შეკითხვებს კვლავ უპასუხოს.
დავით კირვალიძე ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მოწმის სტატუსით გუშინაც დაიკითხა.
საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას ეხება, რისთვისაც მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს ,,მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.