ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიები და ევროპული ინვესტიციები შემოდის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოდის ახალი ტექნოლოგიები და ევროპელი ინვესტორი არაერთ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში. კომპანია ადგილობრივ ნედლეულს ყიდულობს და, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი ნედლეულის გასაღებასაც დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ასევე გეგმავს ადგილობრივი, სამოდელო კარტოფილის მეურნეობების გაკეთებას. ამ საწარმოს მფლობელი ასევე ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მუხრანის ისტორიული კომპლექსის აღორძინებისთვის, სადაც საჯარო და კერძო სტრუქტურას შორის პარტნიორობის მოდელს გამოვიყენებთ და ერთ-ერთი, ძალიან კარგი ტურისტული მიმართულება შეიქმნება. ამ ქარხანაში დაახლოებით მილიონნახევარი დოლარია ჩადებული და ინვესტიციები კიდევ გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ჩიფს „FRIXX"-ის ახალი ქარხანა დაათვალიერა. ქარხანაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები.