reportiori.ge - ნოდარ გიორგაძე: საქართველოში კაცის სიტყვა გაუფასურდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:37
ინტერვიუ
ნოდარ გიორგაძე: საქართველოში კაცის სიტყვა გაუფასურდა!
ავტორი:
29 ივლისი, 2015. 20:27



„საქართველოდან რომ წავედი, 40 წლისა ვიყავი და იმხანად სიტყვას ფასი ჰქონდა. კაცი სიტყვას რომ გეტყოდა, ნებისმიერ ხელმოწერაზე და ბეჭედზე უფრო მტკიცე იყო. დღეს კაცს სიტყვაც აქვს ნათქვამი, შეთანხმებაზეც ხელი აქვს მოწერილი, დოკუმენტი ნოტარიულადაც არის დამოწმებული, მაგრამ ისეთ უარს გეტყვის, რომ დაეჭვდები - გეჩვენება თუ სინამდვილეში ხდება?! ეს მთრგუნავს და ყოველგვარ სურვილს მიკარგავს, ვინმესთან საქმიანი ურთიერთობა დავამყარო"


ნოდარ გიორგაძემ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოში განვლო: მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში; როგორც ავღანეთის ომის მონაწილე, ავღანეთის ვეტერანთა კავშირს ხელმძღვანელობდა; სამოქალაქო ომის ურთულესმა პერიპეტიებმა მის თავზეც გადაიარა.


1993 წლის აპრილში ავსტრიაში შეიქმნა საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროსაბჭოში და მუდმივ წარმომადგენლად ნოდარ გიორგაძე დაინიშნა. ერთი თვის თავზე ამ თანამდებობას დაემატა მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობა გაეროს ევროსტრუქტურებში, 1994 წლის ოქტომბერში კი საელჩოდ დარეგისტრირდა. ეს იყო საქართველოს პირველი დიპლომატიური კორპუსი მსოფლიოში.


1996 წლიდან მუშაობა განაგრძო გაეროსთან არსებულ ომის ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციაში. ბოლოს ბიზნესს მოჰკიდა ხელი - დააარსა ბიზნესკომპანია და დაფუძნდა სლოვაკეთში.

1999 წელს დაბრუნდა საქართველოში, მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და:


- სიყალბემ, რომელიც მაშინ ტრიალებდა და რომლის მოწმეც გავხდი, დამიკარგა პოლიტიკაში დარჩენის ყოველგვარი სურვილი და დემონსტრაციულად დავტოვე საქართველო.

 

- კენჭი არ გიყრიათ?


- კენჭიც ვიყარე და მოვიგე კიდეც არჩევნები ჩუღურეთში. ეს გაირკვა იმავე საღამოს, ხმების დათვლის შემდეგ, მაგრამ დილით ოქმები შეცვალეს, გააყალბეს, ჩაწერეს ის, რაც და როგორც ხელს აძლევდათ. ცესკოში წარსადგენ ამ დოკუმენტებს, 16 კაცის ნაცვლად, კომისიის მხოლოდ 3 წევრი აწერდა ხელს. დავუხეთქე ის ოქმები მაგიდაზე. წავედი და წავედი...


საუბარი ახალი დაწყებული  გვქონდა, ახალგაზრდა ქალი რომ მოგვიახლოვდა შვილების თანხლებით, მოიბოდიშა და:


- ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ბატონო ნოდარ, დახმარებისთვის. მე ვარ ლიკა დაბრუნდაშვილი, წყალდიდობით დაზარალებული. თქვენი შემწეობით ახლა აქ ვისვენებთ.


ნოდარი უხერხულად იშმუშნება:


- კმაყოფილი ხართ?


- რა თქმა უნდა.


- სად ცხოვრობდით?


- სვანიძის ქუჩაზე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთის წყალობით.


სიკეთის ქმნის ეს ფაქტი მომდევნო შეკითხვის საფანელი ხდება:


- ბატონო ნოდარ, საქართველოში ვრცელდებოდა ხმა, რომ სლოვაკეთიდან მნიშვნელოვან ქველმოქმედებას ეწეოდით საქართველოში, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის იავნანას" ხაზითაც.

 

- რაც შემიძლია, ვაკეთებ და ვეხმარები. ასე იყო ახლაც - 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ. ჩემი ბავშვობის დროსაც ადიდდა „ვერარეჩკა". ახლაც მაჟრიალებს იმის გახსენებაზე, რა უბედურებაც დატრიალდა მაშინ.


„იმედის" ეთერში განვაცხადე, რომ 45 დაზარალებული ოჯახიდან (მაშინ ამდენზე იყო ლაპარაკი), ერთს მე დავაყენებდი ფეხზე. იმ დღეს ვთქვი, განა საქართველოში პრობლემაა 45 შეძლებული კაცის პოვნა, თითო ოჯახს რომ ვუპატრონოთ-მეთქი?! გიორგი გვარჯალაძის ოჯახი უკვე შევასახლე ახალ სამოთახიან ბინაში ყოფილ გაგარინის მოედანზე. სამივე ბავშვს სტიპენდია დავუნიშნე, მანქანა ვუყიდე, ვფიქრობ, დაკარგულზე უკეთესი. ყველა დაზარალებულს ასე ვერ დავეხმარებოდი, ცხადია. ამიტომ თბილისის მერიას ვთხოვე, ამოეყვანათ აქ, ჩვენთან, თბილისის ზღვაზე, ასი ბავშვი დაზარალებული ოჯახებიდან.


პატარა სასტუმრო მაქვს; აკვაპარკი, აუზები, საუნები მათ განკარგულებაშია. აქ ცხოვრობენ, უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით. ეს ქალბატონიც, ახლა მადლობა რომ მითხრა, ეტყობა, იმ ჯგუფიდანაა.


„იავნანას" რაც შეეხება, გეტყვით: პერიოდულად ვყიდულობთ ბინებს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიის ჯვრისა და ზარების ჩამოსასხმელად ახლახან 10 ათასი დოლარი შევწირე, 7 კაცი ვაფინანსებთ. სულ 70 ათასია საჭირო.


ელიას მთაზე ახალ, ფერისცვალების ეკლესიას ვაშენებ. აქ დედათა სამონასტრო კომპლექსი დაფუძნდება; პირველი ეკლესიაა, რომლის აგებას სრულად ვაფინანსებ. საძირკველი ჩასხმულია, კედლების ამოყვანა დაიწყო.


- ქველმოქმედებას მაღალ ზნეობასთან ერთად სჭირდება ფული. ბიზნესი სიკეთის ქმნის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. თუ საიდუმლო არ არის, რა ბიზნესს ეწევით?


- სამი მიმართულებით ვმუშაობ: ტურიზმი, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა; ძირითადად - ევროპაში, საქართველოში - ჯერჯერობით ტურიზმი. მაგალითად, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი"  ჩემი აშენებულია, მცხეთაში ვაშენებ „ველნეს" ტიპის სასტუმროს. ამ ბრენდის ფილოსოფიაში დევს, რომ სასტუმრო არ არის მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი, იგი ადამიანს უნდა აძლევდეს ფიზიკური დასვენების, რეაბილიტაციის საშუალებას, უნდა უზრუნველყოს მისი სულიერი მოთხოვნები და ა.შ. ჩვენ მხოლოდ ასეთ კომპაქტურ, ოთხ-ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ვაშენებთ.


- ბატონო ნოდარ, ავღანეთს როგორ იხსენებთ?


- ჰმ! რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, კარგად ვიხსენებ. ავღანეთის ომში მონაწილეობა რომ არ მიმეღო, თბილისის ომს, ალბათ, გადავყვებოდი. ძმათა შორის ბრძოლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რა ავღანური წარმოშობის პუშტუნები და ხაზარები ებრძვიან ერთმანეთს და რა - მეგრელი და კახელი, ან თბილისელი, აფხაზი და ოსი. ავღანეთის გამოცდილება მეხმარებოდა მომენტალურად გავრკვეულიყავი, როგორც ამბობენ, თემაში, გადაწყვეტილებაც მიმეღო და ლავირებაც შემძლებოდა. ეს მწარე გამოცდილება დამეხმარა, ადამიანების ბევრი ჯგუფის გადარჩენისთვის ხელი შემეწყო.


- ახლა საქართველოში გადმოინაცვლეთ?


- მე და ჩემი ოჯახის წევრები სლოვაკეთის მოქალაქეები ვართ. სხვათა შორის, მამაჩემი - ქუჩუკი გიორგაძე სლოვაკეთის ქალაქ მიხაილოვიჩის გათავისუფლებისთვის იბრძოდა, იქ დაიჭრა. სლოვაკებმა მამაჩემი ორდენითა და მედლებით დააჯილდოვეს.


- ხომ არ გაგიჭირდათ ახალ გარემოსთან შეგუება?

 

- არა. სლოვაკები მენტალურად ძალიან ახლოს დგანან ქართველებთან: გაჭირვებაში მხარში ამომდგომნი დაძახების გარეშე, რაფინირებულნი ურთიერთობაში. როგორც იტყვიან, ევროპული ვარცხნილობა აქვთ. დღევანდელი საქართველო დაახლოებით ისეთია, როგორიც სლოვაკეთი იყო 1990-იან წლებში. 20 წლით მაინც გვისწრებენ. დღეს სლოვაკეთი ჩამოყალიბებული ევროპული ქვეყანაა.


- სლოვაკეთის მოქალაქე საქართველოზე ფიქრობთ და იღვწით...


- ეს - თავისთავად! აბა, ისე რა ჩამადებინებდა 27 მილიონს ამ ობიექტში თბილისის ზღვაზე და ახალციხის რაბათის სასტუმროში 4 მილიონს?! ბანკების კრედიტები და ვალდებულებები მაქვს წამოკიდებული. ჩემი საფიქრალი, იცით, რა არის? როგორც შემეძლება, ხელი შევუწყო საქართველოს აღმშენებლობას, რათა ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს განვითარების იმ დონეს, როგორიც წარმომიდგენია და როგორიც მინდა, იყოს. ამ დონისგან ჯერჯერობით, სამწუხაროდ, შორს ვართ...


- რა არ მოგწონთ, უპირველეს ყოვლისა?


- ადამიანების აზროვნების რადიკალური ცვლილება. საქართველოდან რომ წავედი, 40 წლისა ვიყავი და იმხანად სიტყვას ფასი ჰქონდა. კაცი სიტყვას რომ გეტყოდა, ნებისმიერ ხელმოწერაზე და ბეჭედზე უფრო მტკიცე იყო. დღეს კაცს სიტყვაც აქვს ნათქვამი, შეთანხმებაზეც ხელი აქვს მოწერილი, დოკუმენტი ნოტარიულადაც არის დამოწმებული, მაგრამ ისეთ უარს გეტყვის, რომ დაეჭვდები - გეჩვენება თუ სინამდვილეში ხდება?! ეს მთრგუნავს და ყოველგვარ სურვილს მიკარგავს, ვინმესთან საქმიანი ურთიერთობა დავამყარო. იმის მოწმეც ვყოფილვარ, რომ ძალიან ახლობელი კაცი პირზე დამდგომია - მსგავსი არაფერი მითქვამს და არავითარი ვალდებულება არ მაკისრიაო.


ასეთი პირის გატეხვა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანებისთვის, რომელიც სიტყვის ერთგული რჩება, არამედ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად მოდიან საქართველოში.


ახლა მეორე პრობლემაზეც მოგახსენებთ: საქართველოში აღარ არის მშრომელი ადამიანი.


- უმუშევრები გვყავს ბევრი სამაგიეროდ.


- დიახ, არიან უმუშევრები და  ქრონიკულად უმუშევრებიც. ეს უკანასკნელი ფენა არასოდეს განიკურნება - უსაქმურობა ურჩევნია, ჩაცუცქვა და მზესუმზირის კნატუნი. ასეთს 500-ლარიანი სამუშაო რომ შესთავაზო, უარს გეტყვის. ეს ერთი ფენაა. მეორე ჯგუფი უსაფუძვლო ამბიციურობით არის დაავადებული. საკმარისია, რომელიმე სამსახურში დაიწყოს მუშაობა და მეორე დღესვე უჩნდება ამბიცია, რომ შენ, მისი დამქირავებელი, ჩაგწიოს და თვითონ დაიკავოს შენი ადგილი.


ასეთი პრეტენზიები უმეტესად 20-25 წლის ახალგაზრდებს აქვთ, თითქმის ბავშვებს. ამბიცია ცუდი არ არის, მაგრამ ამის უკან ხომ უნდა იდგეს ცოდნა, განათლება, ინტელექტი, გამოცდილებაც, რა თქმა უნდა. ეს ყველას არ ეხება, მხოლოდ ნაწილისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ სწორედ ეს ნაწილი ქმნის საზოგადოებრივ ამინდს.


საქმიანი ურთიერთობა მაქვს ევროპის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ავსტრია, ესპანეთი და არსად, ვიმეორებ, არსად ასეთ დამოკიდებულებას არ შევხვედრივარ.


- ბატონო ნოდარ, ევროპიდან დანახული საქართველოს ხვალინდელ დღეზე იტყვით რამეს?


- არსებობს ერთი ჭეშმარიტება: ბოლო კეთილია. ამ რწმენით ცხოვრობდა და უნდა იცხოვროს სრულიად საქართველომ და მისმა ყველა მეზობელმა, საერთოდ ყველა ნორმალურმა ადამიანმა. ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ინფორმირებული ოპტიმისტი, რაც გარკვეულწილად კრიტიკულ დამოკიდებულებასაც გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება. ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენ, ალბათ, მზად არ ვიყავით რადიკალური ცვლილებებისთვის, რომელმაც გახლიჩა ჩვენი საზოგადოებრიობა: ერთი ნაწილი უცებ გახდა პროამერიკელი, პროდასავლელი და ანტირუსი. მეორე ნაწილი უცებ ჩამოყალიბდა, როგორც პრორუსი, ანტიევროპელი და ანტიამერიკელი. ვლაპარაკობ 1990-იანი წლების პერიოდზე.  ჩემი დაკვირვებით, ახლაც ასეა. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ლავირებას, ხავერდოვან ცვლილებებს მოკლებულია, რადიკალიზმმა კი, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა პროგრესზე. მახსენდება ერთი კაცის ნათქვამი: მე ან მძულს, ან მიყვარს, მესამე ჩემთვის არ არსებობსო. ბევრის მანიშნებელია ეს კერძო პოზიცია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზმსაც გამოხატავს.


ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის და პრიორიტეტული გახდება ისეთი აზროვნება, რომელიც დააბალანსებს დაპირისპირების სიტუაციას. სხვა შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია.


სიტყვას არ გავაგრძელებ იმის შესახებ, რომ იგივე პრობლემა დგას  ევროპის ქვეყნების წინაშეც კი, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული სიმძაფრით განვიცდით ჩვენს სამშობლოში შექმნილ რეალობას. ადამიანური დამოკიდებულებები იცვლება მსოფლიოში.


ჩვენ საქართველო გვტკივა, ძალიან გვტკივა, ამიტომ რადიკალურად უნდა შემოვბრუნდეთ რეგიონული პრობლემებისკენ, რომლებიც, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი გადასაწყვეტია.

 

ესაუბრა არმაზ სანებლიძე


P.S. საუბარი რომ დავამთავრეთ, პატარა გოგო-ბიჭების რკალში მოექცა ბატონი ნოდარი, სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან, რომლებიც ფიზიკურ და სულიერ რეაბილიტაციას გადიან ნოდარ გიორგაძის `ჯინო პარადაისის~ კურორტზე, რომელიც თბილისის ზღვაზე ამ მადლიანი კაცის აშენებულია: დიდი მადლობაო, ნოდარი ბიძია!


გაზეთი „საქართველო და მსოფლიო"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016