reportiori.ge - თათა ბურდული: აქტიურ პიარკამპანიას 30 ივლისიდან დავიწყებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:27
პრეს-დაიჯესტი
თათა ბურდული: აქტიურ პიარკამპანიას 30 ივლისიდან დავიწყებთ
ავტორი:
30 ივლისი, 2015. 11:56


ევროპის სუპერთასის მატჩის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო ინტენსიური ხდება მოსამზადებელი სამუშაოები. თითოეული სტრუქტურა მაქსიმუმს აკეთებს საიმისოდ, რათა 11 აგვისტოს „ბარსელონასა" და „სევილიას" მატჩმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს.


ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, რომელიც მარკეტინგსა და პრომოუშენს მოიცავს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის მენეჯერი თათია ბურდული ხელმძღვანელობს. მასთან საუბრისას ბევრი საინტერესო სიახლე შევიტყვეთ. მივყვეთ თანმიმდევრობით.


სპონსორები


ევროპის სუპერთასს რვა ოფიციალური სპონსორი ჰყავს: „ჰეინეკენი", „ადიდასი", „გაზპრომი", „უნიქარდი", „მასტერქარდი", „პეპსი" (წარმოდგენილია „ლეისის" ჩიფსებით), „ნისანი" და „სონი". საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მათი სარეკლამო უფლებების დაცვა ევალება. ამ კომპანიების წარმომადგენლები თბილისში უკვე ორჯერ იყვნენ ჩამოსულები და საკუთარი სარეკლამო კამპანიებიც დაგეგმეს. ასე, მაგალითად: „დინამო არენაზე" „ნისანი" საკუთარ ახალ მოდელებს წარმოადგენს, „ადიდასი" კი, ასევე სტადიონის ტერიტორიაზე საკუთარ მაღაზიას მოაწყობს და პროდუქციას გაყიდის. იყო მსჯელობა იმის თაობაზე, ეს ღონისძიებები სტადიონის გარეთ ხომ არ მოწყობილიყო, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით, გადაწყდა, რომ ამისგან თავი შეგვეკავებინა. შესაბამისად, „ადიდასის" მაღაზიაში შესვლას მხოლოდ ბილეთის მფლობელები შეძლებენ.


ამ რვა კომპანიისა და უეფა-ს კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სუპერთასი სხვა კომპანიებმა საკუთარი რეკლამისთვის არ გამოიყენონ. „კიამ", მაგალითად, გამოაცხადა, რომ, ვინც მის ავტომობილს შეიძენს, სუპერთასის ორ ბილეთს მიიღებს. მსგავსი სახის სარეკლამო აქტივობა კატეგორიულად აიკრძალა და ამის შესახებ „კიასაც" ვაცნობეთ და „საქპატენტსაც".


ტურნირი ევროპის მოედანზე


ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება. მაგალითად, 5-7 აგვისტოს თბილისში, ევროპის მოედანზე, „გრასრუთსის" ბავშვთა ტურნირი მოეწყობა, რომლის ორგანიზატორიც „ოუფენ ფან ფუტბოლის" ქართული ოფისია. დამონტაჟდება მინი გასაბერი მოედანი და გუნდები ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში მოთამაშე ბავშვებს კი პრიზებად სუპერთასის ბილეთები გადაეცემათ. მონაწილეებს სრული ინვენტარით უეფა და „ადიდასი" უზრუნველყოფენ.


თბილისის წარმოჩენა და ჩვენი ნოუ ჰაუ


ამ რანგის საფეხბურთო ღონისძიების ჩატარება თავისთავად ნიშნავს ქალაქისა და ქვეყნის მაღალ დონეზე წარმოჩენას. ამას სათანადო ბიუჯეტიც სჭირდება, თუმცა, მაგალითად, თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბიუჯეტს რომ შევადაროთ, სახსრები ბევრად მცირეა - საამისოდ სულ რაღაც 50 ათასი ევროა გამოყოფილი.


აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ პიარკამპანიას სუპერთასამდე ორი კვირით ადრე დაიწყებს. 30 ივლისიდან ქალაქში სუპერთასის მატჩისადმი მიძღვნილი ბილბორდები გამოჩნდება, რომლებიც სხვადასხვა ადგილას განთავსდება - ბოძებზე, ავტობუსის გაჩერებებსა და ასე შემდეგ. უმეტესად ის ადგილები დაიტვირთება, სადაც თბილისში ჩამოსული გუნდები და გულშემატკივრები გაივლიან - აეროპორტის ტრასა, ბარათაშვილის ხიდი, რუსთაველის გამზირი, ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორია... თბილისის მერია ფეხბურთის ფედერაციას ამ მომსახურებას შეღავათიან ფასად უწევს. როგორც კი თბილისის ოლიმპიური ფესტივალი დასრულდება, ამ ღონისძიების სარეკლამო აბრები მთლიანად დაუთმობს ადგილს სუპერთასის რეკლამებს, მანამდე კი, ქალაქის ქუჩები ორივე მოვლენისადმი მიძღვნილი თემატიკით იქნება შევსებული.


„ბარსა"-„სევილიათი" გაფერადებული თბილისი


კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელიც უეფა-ს მიერ ჩატარებული ღონისძიებებისას არასდროს განხორციელებულა. იდეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის - თბილისის ცენტრსა და „დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადასასვლელი ე.წ. „ზებრები" სუპერთასის ლოგოთი გაფორმდება, ასევე გამოისახება „ბარსელონასა" და „სევილიას" ფერადი გერბები, რაც მეტად ეფექტური სანახავი იქნება.


„იდეამ თავდაპირველად უეფა-ს წინააღმდეგობა გამოიწვია. იყო იმის შიში, რომ ასფალტზე გამოსახულ ლოგოებს „ბარსელონასა" და „სევილიას" მიმართ მტრულად განწყობილი გულშემატკივრები შეურაცხყოფდნენ, მაგრამ უეფა და კლუბები დავარწმუნეთ, რომ ქართველი ქომაგები მსგავსი რადიკალური ნაბიჯების მოყვარულები არ არიან", - გვითხრა ბურდულმა.


თასები სამაჩაბლოს მიწაზე


როგორც თათია ბურდულმა გამგვიმარტა, „ტროფი ტური" ჩვენს შემთხვევაში არასწორი ტერმინია, რადგან ეს მხოლოდ ჩემპიონთა თასის მოგზაურობას ნიშნავს. რაკი საქართველოში  ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და ევროპის სუპერთასები ერთად ჩამოვიდნენ, მათ გადაადგილებას თასების მოგზაურობა ეწოდება.


11 აგვისტოსთვის ევროპის სამ უძვირფასეს თასს საქართველოს ყველა რეგიონი ექნება მოვლილი. გეხსომებათ, მათი მოგზაურობა ჩვენი ფეხბურთის აკვანიდან, ფოთიდან დაიწყო.


თასები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასაც მიადგა. სოფელ დვანში, სადაც ოკუპანტების მიერ ჩარჭობილი „სასაზღვრო" ნიშანია, მთელი სოფელი შეიკრიბა...


უეფა-ს ფონდი - პირველი ნაბიჯი თბილისში


უეფა-მ რამდენიმე თვის წინ ბავშვთა სპეციალური ფონდი დააარსა. ეს არის მასშტაბური სოციალური პროექტი, რომელიც პირველ ნაბიჯებს სწორედ თბილისში გადადგამს. ჩატარდება მშვიდობის აღლუმი, რომელშიც, ქართველი ბავშვების გარდა, მათი ყაზახი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ბელარუსი, უკრაინელი, რუსი და თურქი თანატოლები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენგან პროექტში 850 ბავშვია ჩართული, სტუმართა საერთო რაოდენობა კი 150-ია.ბავშვების ასაკი 10-დან 12 წლამდეა. სტუმრების დახვედრასა და ცხოვრებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.


ქართველ ბავშვებს შორის იქნებიან ბიჭებიცა და გოგონებიც. აღლუმში, სხვებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ბავშვები, ასევე, გმირულად დაღუპული პოლიციელებისა და ჯარისკაცების შვილები. ჯერჯერობით, ეს ინფორმაციები ვიკმაროთ, მომდევნო კვირაში კი, მზად ვარ, თქვენს მკითხველებს სხვა საინტერესო დეტალებიც გავაცნო.




წყარო: gff.ge, ლევან ჯანეზაშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016