27 ივლისს „პრაიმტაიმში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან სათაურით: „კახა კალაძე - სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ჩაერიოს". ინტერვიუში ვიცე-პრემიერი საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ჩარევის აუცილებლობაზე: „სახელმწიფო ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. დღეს ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ 40 მილიონი ლარი იხარჯება? ის, რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი, რაც არის, უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით. უნდა იყოს ჩართული არა მარტო ხელისუფლება, მთლიანად საფეხბურთო სამყარო, გულშემატკივარი, რადგან ის მძიმე მდგომარეობა წლებია, მოგვდევს და ყოველ წელს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომავალი წელი იქნება კარგი, გვექნება სიახლე, განვვითარდებით. პირიქით, ჭაობში მივდივართ. ეს არის ძალიან მძიმე და უნდა შევცვალოთ", - აცხადებდა კალაძე.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ტვს"-მა და „მაესტრომ" კომენტარი სთხოვეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას.
„...ამ განცხადების მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აპირებს იმავე ხაზის გატარებას, რაშიც თავად არაერთხელ სდებდა ბრალს წინა ხელისუფლებას, თუნდაც გიორგი ნემსაძის იძულებით გადაყენებასთან დაკავშირებით...
...როდესაც ხდება აპელირება 40 მილიონ ლარზე, ალბათ, საუბარია თანხაზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად ახმარს ფეხბურთს ძირითადად მუნიციპალური კლუბების თუ ბავშვთა საფეხბურთო სკოლების დაფინანსების თუ მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სახით. მე მომხრე ვარ, შესწავლილ იქნას ამ თანხის ათვისების მიზნობრიობა, ისიც, თუ როგორ და რა პრინციპით ხდება დაფინანსება. მზად ვარ, ამ მხრივ ვითანამშრომლო ნებისმიერ უფლებამოსილ უწყებასთან. მიმაჩნია, რომ ეს სწორედ სახელმწიფო სამსახურების საქმეა, შეამოწმონ ამ თანხების ხარჯვის მართებულობა, რადგან თავად სახელმწიფოა ამ კლუბების დამფინანსებელი. ამ თანხებთან ფედერაციას არანაირი შეხება არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ამდენად, რასაც ფედერაცია არ განკარგავს, ბუნებრივია, იმაზე პასუხისმგებლობას ვერ მოსთხოვ...
...უშუალოდ ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან იღებს დაახლოებით 7 მილიონ ლარს. საშემოსავლო, მოგების, ქონების და სხვა გადასახადების სახით სახელმწიფოს ბიუჯეტში ჩვენი უწყებიდან ირიცხება დაახლოებით 5 მილიონი ლარი. ამდენად, ნათელია, რომ რეალურად სახელმწიფოსგან ვიღებთ არა 40 მილიონს, არამედ მაქსიმუმ 2 მილიონ ლარს, ამიტომ საჭიროა, მეტი სიზუსტითა და სიფრთხილით მოვეკიდოთ ციფრებს, რათა ავირიდოთ ყოველგვარი მანიპულაციები...
მე არასოდეს ვპასუხობ თავდასხმებს და პიროვნულ შეურაცხყოფას, რაც ამდენი ხანია, ჩემს მიმართ გაუთავებლად ისმის. არის ასეთი გამოთქმა: ,,სიკეთეს ზოგი სისუსტედ გითვლის". მინდა, განვმარტო, არაფრის და არავის არ მეშინია და თუკი ღირსების შემლახავ გამონათქვამებს შეურაცხყოფითვე არ ვპასუხობ, არა იმიტომ, რომ რამის შიში მაქვს. არ მეშინია იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ ჩემს საქმიანობასა და გამონათქვამებზე; არ მეშინია იმიტომ, რომ მაქვს სამი დიდი სკოლა გავლილი: ზუგდიდის მე-4 სკოლა, ავღანეთი და 90-იანი წლების მოსკოვი, რომელმაც ბევრი სიცოცხლე შეიწირა და საიდანაც მხოლოდ ჭკვიანი ხალხი დარჩა გამარჯვებული...
...ბევრი მათგანი, ვინც სუპერთასის მატჩის ბილეთებს სპეკულაციურ ფასში ყიდის, ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ეს მისი ხელობაა, არამედ უმთავრესად იმიტომ, რომ ბანკის ვალები გაისტუმროს და სული მოითქვას. მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე კი, პასუხისმგებლობას ზვიად სიჭინავას ნუ დააკისრებთ...
...ხომ არ მიბიძგებს ეს შემოტევები, ხელახლა ვიყარო კენჭი არჩევნებში? ათასგზის ვთქვი ამის შესახებ და თუ ვინმესთვის ეს კიდევ გაუგებარია, რაღა გითხრათ?! ერთი რამ ვერ გამიგია: თუკი ასეთი ცუდი მმართველია ზვიად სიჭინავა, ჩემი კენჭისყრა ზოგიერთს ასე რატომღა აშინებს?!" - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
წყარო: gff.ge