არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია" „ნაციონალების" კონტროლირებადი ახალგაზრდული ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრებს.
რა პროვოკაციებზეა საუბარი? რა სოციალურ გამოკვლევებს ატარებენ ახალგაზრდებში? რომელი ახალგაზრდული ორგანიზაციები ატარებენ „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს?
„ალიას" არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის" თავმჯდომარე, გურამ ადამაშვილი ესაუბრა: - მას შემდეგ, რაც სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას" უკრაინაში პოზიციები შეერყათ, სააკაშვილის მიერ ერთ დროს ნაქები და ახლა უკვე ნაძაგები ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ჩამოაცილეს და მოსალოდნელია, რომ მათ, სააკაშვილის თაოსნობით, უკრაინაშიც ისევე სამარცხვინოდ დაასრულონ თავიანთი „რეფორმატორობა", როგორც ეს საქართველოში დაასრულეს. სააკაშვილი და სხვები ცდილობენ დროის მოგებას, რათა უკრაინიდან მათი „გამოყრის" შემდეგ პოზიციები მაქსიმალურად ჰქონდეთ გამაგრებული საქართველოში და ხელისუფლების უკანონო გზებით ხელში ჩასაგდებად საბოლოო იერიშზე გადავიდნენ. „ნაციონალები" ყველა ფრონტზე აფართოებენ ჯგუფებს. მათი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული დაჯგუფება „თავისუფალი ზონა" და მისი კარიკატურული ლიდერი კობა ხაბაზი უკვე ბოლომდეა გაშიფრული და გაკოტრებული. ამ ფონზე, „ნაცმოძრაობის" ლიდერები ფიქრობენ, რომ ახალი სახეებითა და ახალი ინიციატივებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე და მოიგონონ რაღაც, ერთი შეხედვით უვნებელი და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტები, მაგრამ ეს მხოლოდ მათი ნიღაბია და პირველივე საჭიროებისას, „ნაცმოძრაობა" მზად არის, ახალგაზრდები, რომელთა გადაბირებაც დაწყებულია, პროვოკაციების იარაღად გამოიყენონ.
- რა პროვოკაციებზეა საუბარი?
- საუბარია შემოდგომაზე სხვადასხვა ტიპის აქციებზე, სადაც მოსალოდნელია პროვოკაციები. შემოდგომამდე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი" და მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი" ახალი ერთობლივი პროექტის განხორციელებას უკვე შეუდგა. თბილისის მასშტაბით მათ ე.წ. მედიატორთა ჯგუფები შექმნეს, რაც მიზნად ისახავს, თითქოს, მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის შუამავლის როლის შესრულებას, თუმცა სინამდვილეში ეს და სხვა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც უკრაინიდან ფინანსდებიან, სწორედ დესტაბილიზაციის შესაქმნელად იქნებიან გამოყენებული.
- კიდევ რომელ ახალგაზრდულ ჯგუფებზე გაქვთ საუბარი?
- თქვენთან წინა ინტერვიუში ვისაუბრე, როგორ არიან ვაშაძის თანამშრომლები და „ნაცმოძრაობის" წევრები რეგიონებში ჩართულნი ათასობით მოზარდის შერჩევასა და საზაფხულო ბანაკებში წაყვანის პროცესში. ახლა, ახალ მაგალითებს გეტყვით.
„ნაცმოძრაობის" ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვახტანგ ქვათაძეს, მოზარდების ბანაკებში ავტოტრანსპორტით გადანაწილებისა და მათი ექსკურსიებზე წაყვანის საჭიროებიდან გამომდინარე, მოლაპარაკება ჰქონდა ბენზინგასამართ სადგურ „კრეგოს" ხელმძღვანელობასთან, დიდი რაოდენობის - 35 ტონა დიზელის შესყიდვის თაობაზე. ამ ოდენობის საწვავის შესყიდვის საჭიროება კი იმაზე მიანიშნებს, რამდენად დიდია მასშტაბები იმ ახალგაზრდების, რომელთაც ვაშაძის ორგანიზაცია საზაფხულო ბანაკებში ანაწილებს. საუბარია რამდენიმე ათას ახალგაზრდაზე, რომელთა ბანაკებში წაყვანას, მათ იქ ცხოვრებასა და სამჯერად კვებას დიდი ფინანსები სჭირდება.
სხვათა შორის, სააკაშვილ-ვაშაძის ზემოაღნიშნული პროექტის მხარდამჭერები არიან მათი დაფინანსების ქვეშ მყოფი ორგანიზაციები - „ახალგაზრდა ევროპელები", „მედიატორი", „სამეგრელოს განვითარების ცენტრი", „თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი".
ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების მობილიზებაში საქართველოს რეგიონებში აქტიურად არიან ჩართული „ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერები და წევრები, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, რომ ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკებში დასვენებისა და მათთვის ყველა ხარჯის ანაზღაურების „კეთილშობილური მიზნის" მიღმა პოლიტიკური მიზნები იკვეთება, რაც აქციებში მონაწილეობასა და მომავალ არჩევნებზე მოზარდების მშობლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისადმი" მხარდაჭერაში უნდა აისახოს. მოზარდების მშობლებს იმადლიერებენ იმით, რომ მათი შვილები ბანაკებში დასასვენებლად უფასოდ დაჰყავთ, ადგილობრივ მოსახლეობას კი იმით, რომ მოზარდები მათ საზაფხულო სამუშაოების შესრულებაში ეხმარებიან. იმ ოჯახებს კი, რომელთაც ქირის სახით სოლიდურ თანხას უხდიან, ასევე მათ მომავალ მხარდამჭერებად ინარჩუნებენ. „ალიას" ამ საკითხზეც ვრცლად ვესაუბრე წინა ინტერვიუში. ამას იმ მკითხველებისთვის ვიმეორებ, ვისთვისაც ეს ფაქტები უცნობია.
ერთ საყურადღებო ფაქტსაც გაგაცნობთ. მოვიპოვეთ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" პროგრამის - „სახელმწიფო 3.0"-ის ხაშურისა და ქარელის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების, იოსებ ბუაძისა და ეკა მამიჯანაშვილის მიერ გაცემული წერილობითი მითითება იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციის აქტიურმა წევრებმა 23 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე ჩაატარონ ვრცელი სოციოლოგიური გამოკითხვა და გამოიკვლიონ მოსახლეობის განწყობები, მათ შორის პოლიტიკური განწყობები რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ კითხვარები, სულ მცირე, 15 გვერდს მაინც მოიცავს.
- ანკეტებში რა კითხვებია, რამე განსაკუთრებული ნახეთ?
- შესაძლოა, არაფერი უცნაური და კანონსაწინააღმდეგო აღნიშნული სახის გამოკითხვაში არ იყოს, რომ არა ამ ვრცელი, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ხასიათის შეკითხვებზე პოტენციურად პასუხის გამცემთა ასაკობრივი ჯგუფები, რომელიც კითხვარების ბოლოსაა მითითებული და რომლის მიხედვითაც რესპონდენტთა ასაკი 14 წლიდან 18 წლამდეა. მოგეხსენებათ, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პოლიტიკური ხასიათის შეკითხვების დასმა მიზანშეწონილი არ არის.
- რას ეკითხებიან მოზარდებს?
- ანკეტაში წერია - ქვემოჩამოთვლილთაგან რომელიმე თუ გაგიკეთებიათ, ან გააკეთებთ მომავალში - დემონსტრაციაში მონაწილეობა, გაფიცვა, პოლიტიკურ შეკრებებში, მიტინგებში მონაწილეობა, პოლიტიკური შეხედულების, დამოკიდებულების გამოხატვა ინტერნეტში. და ამას ეკითხებიან 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებს, რაც არის კანონდარღვევა. ალბათ, გენიშნათ, რომ დემონსტრაციები და მიტინგები შემთხვევით არ უნდა იყოს ნახსენები. მერწმუნეთ, „ნაციონალები" არეულობისთვის ემზადებიან.
- და რას აპირებთ?
- დღეს მივმართავთ სამართალდამცველ ორგანოებს, გამოიკვლიონ „ნაციონალების" მიერ ახალგაზრდების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ჩემ მიერ დასახელებული ფაქტები და ამავე დროს, დეტალურად შეისწავლონ, რა სახსრებით ახერხებს ვაშაძის არასამთავრობო ორგანიზაცია ათასობით მოზარდის საზაფხულო ბანაკებში დასვენებისთვის საჭირო ხარჯების გაღებას.
გურამ ადამაშვილის მიერ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს შორის, `მედიატორი~ იყო ნახსენები. „ალია" „მედიატორის" დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს დაუკავშირდა და ადამაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საქმის კურსში ჩააყენა:
„წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ბიჭი. „მედიატორი", აგერ უკვე ერთი წელია, დაკავებულია ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით. საკმაოდ საფუძვლიანად ვსწავლობთ დედაქალაქის მერიის და არა მარტო დედაქალაქის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საქმიანობას. დღემდე არ ყოფილა არც ერთი კვლევა გასაჯაროებული, რომელიც არ იყო დოკუმენტურად დადასტურებული. რაც შეეხება „მედიატორის" პროექტებს, დიახ, ჩვენ ვახორციელებთ თბილისის მასშტაბით პროექტს „გახდი შენი უბნის მედიატორი", რომლის მთავარი მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის შუამავლის როლის შესრულება. ამ პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ მერიასთან და უამრავი ფაქტია, როცა მოქალაქეებს კონკრეტული პრობლემები უგვარდებათ. ამის დადასტურება დოკუმენტურადაც შეგვიძლია. რაც შეეხება ამ ბიჭის ბოდვებს, უკაცრავად, მაგრამ მე ექიმი არ ვარ, დასკვნები გავაკეთო", - გვითხრა ხაბეიშვილმა.
ადამაშვილმა, გარდა ამისა, კიდევ ბევრი სახელი, გვარი და ორგანიზაცია დაასახელა, რომლებთან დაკავშირებაც რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. თუ რომელიმე მათგანს რაიმეს თქმის სურვილი გექნებათ, დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
დიანა ლიპარტელიანი
გაზეთი „ალია"