ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ინტერპოლის გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილის მიმართ ძებნის შეწყვეტის თაობაზე, ფაქტობრივ მოცემულობას არ ცვლის. თუმცა ფაქტია, რომ ინტერპოლის პოზიცია არ ემთხვევა ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას.
„როგორც ჩანს, ინტერპოლი ქართველი საზოგადოების პოზიციებს არ ეთანხმება. ამასთან ერთად, იმ სპეციალისტებმა, რომლებსაც ეს საქმე ეხებოდათ, ვერ წარადგინეს საკმარისად დამაჯერებელი საბუთები საიმისოდ, რომ კონკრეტულ პირთა ძებნა გაგრძელებულიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი სპეციალისტებისა და ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციები არ დაემთხვა ინტერპოლის იმ ნაწილის პოზიციებს, რომელსაც ხელეწიფებოდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.
ამ ადამიანებმა იმდენად „უნიკალურად იმუშავეს", რომ მათი ბრალეულობის დადასტურება ვერ ხერხდება. არსებობენ კრიმინალები, რომლების კრიმინალობა ყველამ იცის, მაგრამ ვერავინ ვერაფერს უმტკიცებს, ასე ხდება არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
საქართველოში ისინი დარჩებიან ძებნილებად, შესაბამისად, მათი აქ ჩამოსვლის საკითხი მარტივი ვერ იქნება. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობას, პრინციპში, მათ ამ მხრივ ისედაც არ უჭირდათ და სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ის, რომ ინტერპოლმა დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა, ფაქტობრივ მოცემულობას არ ცვლის",-აცხადებს არჩილ გამზარდია.