უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ინტერპოლის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტას ეხება, „რეპორტიორს" ესაუბრა. კაკაბაძის თქმით, ეს არ შეიძლება, შემთხვევითი გაუგებრობის ბრალი იყოს.
„თავისთავად აბსურდია ის, რომ ინტერპოლმა ამოიღო კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან. ჯერ ადეიშვილის ამოღება და ახლა კიდევ კეზერაშვილი. ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითი გაუგებრობის ბრალი. ან პროკურატურამ მიზანმიმართულად არ გააკეთა ის, რაც გასაკეთებელი იყო დევნისთვის, ან სახეზე გვაქვს პირდაპირი მხარდაჭერა იმ ძალისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.
როდესაც ხელისუფლება ინდიფერენტულია, როდესაც ის თავის ღირსებას ვერ იცავს, როდესაც იგი პროტესტს ვერ აცხადებს მაშინ, როცა ქვეყნის ღირსება პირდაპირი მნიშვნელობით ილახება, უკრაინის თუ სხვა ქვეყნების მიერ და ის ამაზე რეაგირებას ვერ ახერხებს, ბუნებრივია, მოსალოდნელია ამ პროცესის გაგრძელება.
რა თქმა უნდა, დასავლეთი ხედავს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ან შეთანხმებით აკეთებს ამ ყველაფერს, ან უსუსურია და ხმას ვერ იღებს. ორივე შემთხვევაში ეს პროცესი გაგრძელდება", -აცხადებს ნანა კაკაბაძე.