ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კახა კახიშვილის დანიშვნით საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა. ლაგაზიძე „რეპორტიორს" შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შესახებაც ესაუბრა და მისი სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობა დადებითად შეაფასა. ლაგაზიძე იმედოვნებს, რომ ახლადდანიშნული მინისტრების მოღვაწეობა წარმატებული იქნება.
„გიორგი მღებრიშვილმა მოახერხა ოქროს შუალედის პოვნა და იმ მეთოდებს აღარ დაუბრუნდა რასაც „ნაციონალები" იყენებდნენ. ახალი ხელისუფლების პირობებში გამოჩნდა საშიში ტენდენცია, კერძოდ ის, რომ ქურდული სამყარო ცდილობდა ციხეზე კონტროლის დამყარებას. გიორგი მღებრიშვილმა შეძლო ამ საშიში ტენდენციის თავიდან აცილება, ამიტომაც არის მისი მოღვაწეობა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე დადებითი. მან შეძლო ციხეში კონტროლის დამყარება „ნაციონალების" მეთოდების გარეშე. ის ყბადაღებული აზრი, რომ ციხეში კონტროლის დამყარება მხოლოდ ძალადობით შეიძლება, მღებრიშვილის მინისტრობამ დადებითად გააქარწყლა.
საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასება კახა კახიშვილის მინისტრად დანიშვნის თაობაზე ჩემი შეფასებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება. სულ ვამბობდი, რომ ამ ხელისუფელბას ჰქონდა რეიტინგული სახეების პრობლემა, ისეთი სახეების პრობლემა, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა იყო მაღალი. ხელისუფელბის მოღვაწეობა ფასდება ერთის მხრივ მის მიერ გაკეთებული საქმეებით და მეორეს მხრივ იმ იმედით და მოლოდინით რასაც ბადებს საზოგადოებაში. დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა სწორედ ამ მოლოდინისა და იმედის დეფიციტი. კახიშვილის დანიშვნამ ხელისუფლების ეს მავნე ტენდენცია დაარღვია, მისი დანიშვნით ხელისუფლებამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა. ძალიან მინდა რომ ის უკიდურესად წარმატებული იყოს თავის პოსტზე",-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.